3 წლის ამილ გასანოვას გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ 3 წლის ამილ გასანოვას გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 130-ე მუხლით დაიწყო, რაც ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე დღეში დასრულდება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში შესაძლოა დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ექიმი გიორგი სეხნიაშვილი მიეცეს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ექიმს სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ 3 წლის ამილ გასანოვას გარდაცვალების საქმეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოც სწავლობს.
ამილ გასანოვა რამდენიმე დღის წინ, დედოფლისწყაროს რაიონში, საქონლის ფერმაში გველმა დაკბინა. გოგონა დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა ბავშვი გზაში გარდაიცვალა. დედოფლისწყაროს საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორის ვანო ნატროშვილის განცხადებით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმიტომ გაუარესდა, რომ მშობლებმა ის საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს. საპირისპიროს ამბობენ გარდაცვლილი ბავშვის მშობლები. მათი თქმით, გოგონას ექიმებმა დროული ყურადღება არ მიაქციეს და არც ვაქცინა გაუკეთეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ბავშვს „ანტიგიურზინი" რომ არ გაუკეთეს, ამას დედოფლისწყაროს საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორი ვანო ნატროშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, რაიონში „ანტიგიურზინი" საერთოდ არ იშოვებოდა.
30 მაისს, გოგონას გარდაცვალების ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. პრეზიდენტი იმ ექიმების სამაგალითო დასჯას ითხოვს, რომელთა მიზეზითაც, მისი თქმით, სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა.
კომენტარი