არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ ყველაფერი, ერთი ხელის მოსმით მოგვარდეს - კახა კალაძე
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, პედაგოგობა მნიშვნელოვანი პროფესიაა, რაც შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული.
ამის შესახებ კახა კალაძემ, ჭიათურაში, ადგილობრივებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პარტიის გენერალური მდივნის თქმით, ამ ადამიანების შრომა და ჯაფა შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული.
"სხვა პროფესიებს არ ვაკნინებ, ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ პედაგოგობა არის განსაკუთრებული პროფესია. პედაგოგები არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ შეხება ჩვენს შვილებთან, ჩვენს მომავალ თაობებთან. ამ ადამიანების შრომა და ჯაფა შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული. შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, განათლების რეფორმაა.
ასევე, უმაღლეს სასწავლებლებში 21 ფაკულტეტი გახდა უფასო სტუდენტებისთვის, რათა ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება და შემდგომში ის გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ“,- განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებით სერიოზული რეფორმები განხორციელდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.
"ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. მიუხედავად ამ 4 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და რეფორმებისა, უამრავი პრობლემაა ქვეყანაში, თქვენს რაიონში. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ თვითკმაყოფილები ვართ და გვახარებს მხოლოდ ის, რაც გავაკეთეთ ამ 4 წლის განმავლობაში. ეს ასე არ არის.
ჩვენ გვესმის და ვიცით ყველა პრობლემა, რაც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ვიცით, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ ერთი ხელის მოსმით ყველაფერი მოგვარდეს, მაგრამ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დღეს რეგიონებში, ქალაქებში, რაიონებში, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, არის მოგვარებადი.
არის შესაძლებლობა იმისა, რომ ბარიერები, რომლებიც დღეს გვაქვს, გადავლახოთ. ამას აუცილებლად მოვახერხებთ, აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად",- განაცხადა კახი კალაძემ ჭიათურაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.
(რეკლამა)
კომენტარი