ქართველი მსახიობი ფილმ „მუსულმანთა უცოდველობაში“ მონაწილეობს
ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი ანა გიორგობიანი, რომელიც ანა გურჯის სახელითაა ცნობილი, საშიშ სკანდალში გახვეული აღმოჩნდა. ირკვევა, რომ ისიც მონაწილეა იმ ანტიმუსლიმური ფილმისა, რომელმაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აგრესია და მსხვერპლი გამოიწვია.
ანა გურჯი აცხადებს, რომ შოკირებულია იმით, თუ რა ცვლილებებიც ფილმმა განიცადა. სხვა მსახიობების მსგავსად ისიც აცხადებს, რომ მოატყუეს.
ქართველი მსახიობი დამალვას არ აპირებს და სურს, სიმართლე გასაგები გახდეს. მისი თქმით, ის თავის დროზე სრულიად სხვა ფილმში მონაწილეობას დათანხმდა, რომლის სახელწოდებაც იყო „უდაბნოს მეომარი“ და შეეხებოდა ძველ ეგვიპური ტომების ცხოვრებას, მათ ურთიერთბრძოლას, კომეტის ჩამოვარდნას და ა.შ. მასში საერთოდ არ იყო ნახსენები არც რელიგია, არც მუსულმანობა და მით უმეტეს, არც წინასწარმეტყველი მუჰამედი.
ანამ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით რჩევა სთხოვა მწერალ ნილ გეიმანს, რომელსაც ეჭვი არ ეპარება ქართველი მსახიობის გულწრფელობაში. - გასულ წელს მე სინჯები მქონდა მცირებიუჯეტიან ფილმში და მივიღე მეორეხარისხოვანი როლი. ეს იყო კინო კომეტაზე, რომელიც უდაბნოში ჩამოვარდება, ასევე ძველ ეგვიპტურ ტომებზე, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან. ერთი წლის შემდეგ მოხდა ფილმის დუბლირება მსახიობების თანხმობის გარეშე, რეპლიკები კარდინალურად შეცვლილია და ფილმი გადაქცეულია ანტიისლამურ პროპაგანდად. შცვალეს, ასევე მსახიობთა სახელებიც - ის ახალგაზრდა, რომელთანაც მე ვთამაშობდი, ჯორჯის ნაცვლად მუჰამედად იქცა - წერს ანა გურჯი ნილ გეიმანს და რჩევას სთხოვს.
გეიმანმა კი მას წერილის გამოქვეყნება და სიმართლის საჯაროდ თქმა ურჩია. ანას წერილში აღნიშნულია, რომ მსახიობები შცდომაში შეიყვანეს. ანა ასახელებს რეჟისორის სახელს: ალან რობერტსს, რომელიც მართლაც არსებობს, თუმცა მისი ნამდვილი გვარი და სახელი რობერტ ბრაუნელია და ის ახლა საგულდაგულოდ ემალება მედიას.
რაც შეეხება ფილმის პროდიუსერს, აქაც ბურუსით მოცული სიტუაციაა. ამერიკული მედიის ვარაუდოთ, მას ნაკულა ბასილი ნაკულა ჰქვია, არის 55 წლის და აქვს კრიმინალური წარსული. ის გასულ კვირას ლოს-ანჟელესის პოლიციამ დაკითხა, მაგრამ არ დაუკავებიათ.
სკანდალური ფილმის შესახებ გამოძიება შეერთებული შტატების დაზვერვის ფედერალური ბიუროს უკვე დაწყებული აქვს და მის წარმომავლობასა და ავტორებს არკვევს.
კომენტარი