"ამერიკის ხმა": სააკაშვილმა ისტორიის პრეცენდენტებს მოუგო
„ქართველი დავითი რუსულ გოლიათს შეუტევს - და ზღაპრის მოსაყოლად წავა“ - ამ სათაურით პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ჯეიმს ბრუქმა, აგვისტოს ომის შესახებ „ამერიკის ხმის“ ინტერნეტ-გვერდზე მასალა გამოაქვეყნა.
ამერიკელი ჟურნალისტი ბლოგს მაკიაველის პოლიტიკური მმართველობის პრინციპით იწყებს - „ომს დაიწყებ, ომს წააგებ, წააგებ ძალაუფლებასაც“. ამ მარტივმა სიბრძნემ მეოცე საუკუნეშიც წარმატებით განაგრძო არსებობა. ასე დასრულდა ათენის შვიდწლიანი სამხედრო ძალაუფლება 1974 წელს თურქეთ-საბერძნეთს შორის მომხდარ კონფლიქტში დამარცხების შემდეგ. იმავე ფორმულით განვითარდა პროცესები ბუენოს აირესში 1982 წელს, როცა არგენტინას და ბრიტანეთს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ ფოლკლენდის კუნძულები დიდმა ბრიტანეთმა დაიბრუნა. მაგრამ მაკიაველის მთავარმა პრინციპმა არ იმუშავა საქართველოს შემთხვევაში, აღნიშნავს ბრუქი, სააკაშვილი დღეს ისევ საქართველოს პრეზიდენტია.
„2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოში ვიყავი. 45-წუთიანი შეხვედრა მქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან. სამხრეთ ოსეთზე და აფხაზეთზეც ვისაუბრეთ. მან მითხრა, რომ მოვლენები ისე ვითარდება, რომ პრობლემა უკვე ნოემბრისთვის მოგვარდება... ერთი კვირის შემდეგ თბილისის აეროპორტში ჩემთვის უკვე ცხადი გახდა, რომ ეს ყოველივე დიდი შეცდომა იყო“
თბილისის აეროპორტში რეისები ერთმანეთის მიყოლებით გაუქმდა და ბრუქიც იძულებული გახდა სასტუმროში დაბრუნებულიყო. შიშით უყურებდა რუსული ტანკების როკის გვირაბიდან გადმოსვლის კადრებს და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ 1968 წლის პრაღის მოვლენები მეორდებოდა.
ომი მალე დამთავრდა. საქართველოს გახმაურებული დამარცხების შემდეგ ამერიკის ოფიციალური პირები ერთმანეთს ასწრებდნენ განცხადებებს, რომ მათ არაერთხელ გააფრთხილეს პრეზიდენტი სააკაშვილი ეს ნაბიჯი არ გადაედგა. შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს კი არასოდეს აუხსნია საზოგადოებისთვის, ჰქონდათ თუ არა მათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონფლიქტამდე როკის გვირაბის ჩრდილოეთ შესასვლელთან ათასი კილომეტრის რადიუსში სამხედრო ტექნიკის უჩვეულო კონცენტრირება აღინიშნებოდა.
„საქართველოს პრეზიდენტმა ომი მანამ წააგო სანამ მას დაიწყებდა, რადგან გვირაბის ჩაკეტვა ვერ მოახერხა“, თვლის ჟურნალისტი. დღეს რუსებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო აღჭურვილობა აქვთ განლაგებული, აღნიშნავს ის. რუსულ მოტორიზებულ ბრიგადას 45 წუთში შეუძლია გორში აღმოჩნდეს და ეს საქართველოს ორ ნაწილად გაჰყოფს.
„ომის შემდეგ სამი წელი გავიდა. სააკაშვილი ისევ პრეზიდენტია. მან ისტორიულ პრეცენდენტებს მოუგო. ომისშემდგომი პოლიტიკური აკრობატიკა და სიმარჯვე კი სხვა ზღაპრის თემაა“ - ასე ასრულებს მასალას ჯეიმს ბრუქი.
კომენტარი