ტყეში კენკრის და სოკოს შეგროვება ფასიანი ხდება – ნახეთ ვის შეეხება ბეგარა
ტყეში კენკროვანების და სხვა არამერქნული რესურსის კომერციული მიზნით შეგროვება დაუშვებელი ხდება. ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია სარეალიზაციოდ შეაგროვოს ეს რესურსი, რისთვისაც კონკრეტულ მოსაკრებელს გადაიხდის.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, მათ ასეთი რესურსის შეგროვებას როგორც აქამდე, მომავალშიც ყოველგვარი ნებართვისა და ფასის გადახდის გარეშე შეძლებენ.
გლეხს, ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის შეეძლება, შევიდეს ტყეში და მაყვალი, ხილ-კენკრა, სოკო, ტყის ნებისმიერი პროდუქტი პირადი სარგებლობისთვის უსასყიდლოდ წამოიღოს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ არამერქნული რესურსებით კომერციული სარგებლობა დავუშვით, რაც ათწლეულები პრობლემა იყო.
ჩვენ დაახლოებით 100-ზე მეტი არამერქნული პროდუქტი გვაქვს. მათი კომერციული მიზნით სარგებლობა დასაშვები ხდება. გლეხს, ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის შეეძლება, შევიდეს ტყეში და მაყვალი, ხილ-კენკრა, სოკო, ტყის ნებისმიერი პროდუქტი პირადი სარგებლობისთვის უსასყიდლოდ წამოიღოს. მაგრამ მათ, ვისაც კომერციალიზაცია სურს, უნდათ, მეწარმეობა ჰქონდეთ და სამართლებრივ ურთიერთობაში შევიდნენ, ეძლევათ საშუალება, სატყეო სამსახურებიდან, გარკვეული პირობებით 1- წლიანი სეზონური მოპოვების ნებართვა აიღონ, გადაიხადონ თუნდაც ის სიმბოლური მოსაკრებელი, რაც მომდევნო თვეებში პარლამენტში ინიცირდება. ამის შემდეგ კი დაამზადონ და მოახდინონ რეალიზაცია. მაგალითად, მოცვის, ასკილის“, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.
ცნობისთვის, ახალი „ტყის კოდექსი“ ძალაში შევიდა 2021 წლის იანვრიდან, თუმცა არ მოქმედებდა, ვინაიდან არ არსებობდა ტყითსარგებლობის წესი. ეს წესი მთავრობამ 2021 წლის 10 მაისს მიიღო და ის უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
აქვე, ტყის კოდექსით, მოსახლეობა 2023 წლიდან შეშას ტყეში ვეღარ მოჭრის.
კომენტარი