სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუმიებისა და მამიების დაბრუნების ხანა საქართველოში (ვიდეო)

ალბათ, ბევრს ახოვს საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი წინასაარჩევნო გამოსვლა, სადაც მან ქვეყნის წარსულში დაბრუნების მცდელობაზე ისაუბრა და აღნიშნა:

"მე ამ ხალხის სახეები დავიწყებული მქონდა, რადგან ადამიანის ინსტინქტია , ცუდი რაც არის, დაივიწყოს. მე მეგონა, რომ ის ხალხი, ვინც გვძარცვავდა, გვყვლიფავდა, გამქრალი იყო ჩემი მეხსიერებიდან, მოვიშორე, გავწიე გვერდზე. ახლა ვიღაცამ ყველანი ამოქექა საიდანღაც, ყველანი ერთად შეკრიბა. ცოტათი დაბერებულან კიდევაც, გამხდარან, იმიტომ, რომ ვეღარ ხრავენ ისე, როგორც ხრავდნენ; კიდევ უფრო გაბოროტებულან, რადგან ამდენი წელია, უყურებენ, რომ ქვეყნის საქმეები წინ მიდის და მათი საქმე სულ უფრო უკან მიდის;

ახლა ყველა ერთად შეიკრიბა, მოდი, დავილაშქროთ და კიდევ ერთხელ შევუტიოთ, იქნებ, კართაგენი დაეცეს და იქნებ, ჩვენი დრო ისევ დადგეს; იქნებ, ისევ მოგვაპარინონ პენსიები, სოციალური დახმარებები, იქნებ ისევ გაგვაყალბებინონ მასობრივად არჩევნები;

იქნებ, ისევ ვიხლაფორთოთ, ვიჩალიჩოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, როგორც ვჩალიჩობდით და ვაკეთებდით, ეს ხალხი რამდენიმე წლის წინ ქართველმა ერმა მოიშორა თავიდან ერთხელ და სამუდამოდ, ეს მუმიები უკან ვეღარ დაბრუნდებიან. მუმიები უკან ბრუნდებიან მხოლოდ ფილმებში".

პრეზიდენტი მართალს ამბობდა: ქართველმა ერმა ისინი მოიშორა. მარგამ, როგორც ჩანს, ერთხელ და სამუდამოდ არა - სულ რაღაც 8 წლით. როგორც ჩანს, პრეზიდენტის გამოსვლას კიდევ ერთ ნაწილში მოუწევს კორექტირება: მუმიები მხოლოდ ფილმებში კი არა, ზოგჯერ რეალურ ცხოვრებაშიც ბრუნდებიან უკან. ვისაც არ გჯერათ, მიმოიხედეთ: მათ კონკრეტული გვარ-სახელებიც აქვთ და სხვებისგან იმით გამოარჩევთ, რომ ძალიან, ძალიან უყვართ ოცნება...

მაგრამ საქართველოს, სადაც ვერავინ ვეღარავის ვერაფრით გააკვირვებს, კიდევ ერთი „მადლი“ აქვს: აქ არამარტო მუმიები, მამიებიც ბრუნდებიან უკან. დიახ, დიახ, არ მოგესმათ: მამიები, რომლებმაც სულ რაღაც ორი წლის წინ 18 მილიონი დოლარი ჯიბეში ჩაიდეს და ქვეყანა დატოვეს. მამიები, რომლებმაც თავიანთი ბიზნეს-კომპანია, რომელსაც ახლა დიდი რუსუნებით მოიხსენიებენ, პირველივე შეთავაზებაზე დათმეს, ფული აიღეს და ისე წავიდნენ ქვეყნიდან, თანამშრომლებს ხეირიანად არც დამშვიდობებიან. მამიები, რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ თავიანთი კომპანიის გაყიდვა არაპირდაპირი ზეწოლის შედეგი იყო და მამიები, რომლებსაც, ეტყობა, უკვე დაუმთავრდათ 18 მილიონი აშშ დოლარი, მაგრამ, მათდა ბედად, საქართველოში ჩამოჰკრა ჟამმა, როცა წინა ხელისუფლების დროს გაყიდულ, დათმობილ, გასხვისებულ ნებისმიერ ბიზნესს შეგიძლია თამამად დაარქვა წართმეული და იქვე გიჩნდება შანსი, „დაიბრუნო“ ის, რაც ერთ დროს თვითონ დათმე. დიახ, სხვა საქართველო ნამდვილად არსადაა - მუმიებისა და მამიების ასპარეზი არსადაა ისე ფართო, როგორც აქ, ამ ქვეყანაში...

მუმიები ვერა, მაგრამ მამიები პრესკონფერენციებსაც აწყობენ: მის ორგანიზებას იმ გამოცემებს ავალებენ, რომელთანაც ადრე სიამტკბილობდნენ და იმას, რომ თავიანთი ბიზნესი თავის დროზე გაყიდეს, იმ თანამშრომლებზე ზრუნვით ხსნიან, რომლებსაც სამსახურიდან გაუშვებდნენ, ასე რომ მოქცეულიყვნენ. ოჰ, ეს ჰუმანური და კაცთმოყვარე მამიები! „სულ რაღაც“ 18 მილიონადაც კი თმობენ თავიანთ ბიზნესს, ოღონდ თანამშრომლებს არ ავნონ... გული აგიჩუყდება, აბა რა მოგივა, როცა ასეთები გესმის აქ, ამ ქვეყანაში...

მუმიები არა, მაგრამ აი, მამიები სხვებს ნამუსზეც კი აგდებენ: აქაოდა, რახან მე მოვედი და რახან თვითონაც კარგად იცით, რომ რაც გადამიხადეთ, მიზერული თანხააო, კეთილი ინებეთ და ისევ დამიბრუნეთო. მამიებს ისიც კი არ ახსოვთ, კონკრეტულად ვინ შესთავაზა ბიზნესის გაყიდვა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად იციან: ის ხელისუფლების წარმოგზავნილი იყო. რა ბრძანეთ? საიდან იცის? როგორ გეკადრებათ, ბატონო ჩემო, როგორ გეკადრებათ - ხელისუფლების წარმოგზავნილებს შუბლზე აწერიათ წარმოგზავნილობა, თქვენ რა, კითხვა არ იცით? მაშინ რატომ სვამთ ამ პროვოკაციულ კითხვას, ვინ დაგავალათ მისი დასმა?..

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100