ლომი მხოლოდ მამა გერასიმეს მორჩილებდა და მის საფლავზე მოკვდა
წმინდა მდინარე იორდანეს შორიახლოს მდებარე კალამინის ლავრის დამაარსებელი ღირსი მამა გერასიმე (ხსენება 4. III) ერთხელ მდინარის პირას სეირნობისას გადააწყდა ლომს, რომელიც ხაფი ხმით ღრიალებდა. ლომს ეკალი შერჭობოდა თათში და დასიებული და დაჩირქებული თათი საშინელ ტკივილს გვრიდა. როდესაც ბერი დაინახა, ლომი მივიდა მასთან, მტკივანი თათი გაუშვირა და შველა სთხოვა. ბერმა უწამლა გასაჭირში მყოფ ლომს - ჩაიმუხლა, მისი ფეხი კალთაში ჩაიდო, ეკალი ამოაძრო, მერე ნაიარევი სათუთად გაუწმინდა ჩირქისაგან, ტილოთი გადაუხვია და გაუშვა. მაგრამ ტკივილისგან განთავისუფლებული ლომი აღარ სცილდებოდა ბერს - ბეჯითი მოწაფესავით სადაც გერასიმი წავიდოდა თვითონაც უკან მიჰყვებოდა. ღირსი მამა გაკვირვებული იყო მხეცის ასეთი მადლიერებით. მას შემდეგ ის საკვებით ამარაგებდა ხოლმე ლომს - პურითა და მცენარეული ნაყოფით ასაზრდოვებდა.
ლავრაში ბერებს ჰყავდათ ერთ ვირი, რომელსაც წყალს აზიდინებდნენ. ბერებმა ლომს განუწესეს ამ ვირის მეთვალყურეობა. ერთხელაც ვირი დიდი მანძილით დასცილდა ლომს. ამ დროს აქლემებით ჩამოიარეს არაბეთიდან გადმოსულმა მექარავნეებმა. მათ შენიშნეს უპატრონოდ მიტოვებული ვირი და თან გაიყოლეს. ვირის დამკარგავი ლომი ყურებჩამოყრილი, მოწყენილი დაბრუნდა ღირს მამასთან.
ბერმა იფიქრა, რომ ლომს შემოეჭამა ვირი და ჰკითხა: - სად არის სახედარი? ლომი იდგა მდუმარედ, თავჩაქინდრული, დანაშაულზე წასწრებული ადამიანივით. ბერმა ჯერ გაუმეორა კითხვა მერე დატუქსა: „თუ შენ შეჭამე ვირი ამიერიდან მისი შესასრულებელი საქმე შენ დაგეკისრება“. მას შემდეგ ლომი, ბერის მითითებისამებრ, თავად დაატარებდა ოთხ სათლ წყალს იორდანედან.
გამოხდა ხანი და ვირის წამყვან მექარავნეს, პურის გასაყიდად წმინდა ქალაქს მიმავალს, ისევ მოუხდა ძველ ადგილას გავლა, ვირიც თან ახლდა. როდესაც იორდანეზე გადადიოდნენ მოულოდნელად შეეფეთნენ ლომს.
ლომმა იცნო ვირი და სიხარულის ყიჟინით მიეჭრა. შეშინებულმა მექარავნემ და მისმა მხლებლებმა შიშით მოქუსლეს და თავიანთი ავლადიდება დატოვეს. დაკარგული პირუტყვი პოვნით გახარებულმა ლომმა დანდობილი კბილის გაკვრით ( როგორც აქამდე უბიძგებდა ხოლმე საქმის საკეთებლად) სულ ხტუნვა-კუნტრუშით მიდევნა ვირი ბერთან, თან მექარავნეთაგან მიტოვებული ხორბლით დატვირთული აქლემებიც გაიყოლა. გერასიმე, რომელიც აქამდე ლომს ვირის შეჭმაში სდებდა ბრალს, ახლა მიხვდა, რომ უდანაშაულოდ იხდიდა მხეცი სასჯელს და მას ამიერიდან სახელად „იორდანე“ უწოდა.
ამის შემდეგ ლომი კიდევ ხუთი წელი იყო ლავრაში და ბერს არ შორდებოდა.
როდესაც გერასიმე აღესრულა და დაკრძალეს, ღვთის განგებულებით ისე მოხდა, რომ ამ დროს ლომი არ იმყოფებოდა ლავრაში. დაბრუნდა ლომი და დაუწყო ძებნა ბერს. მამა საბათიმ და ბერის სხვა მოწაფეებმა უთხრეს ლომს: „იორდან! ჩვენმა ბერმა დაგვაობლა, გადასახლდა ღვთის სასუფეველში!“ შესთავაზეს საკვები მაგრამ ლომი არაფერს გაეკარა, ერთავად აქეთ-იქით იყურებოდა, თვალებით ბერს ეძებდა და რომ ვერ პოულობდა, საზარლად ბრდღვინავდა. მამები ფაფარზე უსვამდნენ ხელს და ეუბნებოდნენ:
„ღმერთს მიეახლა ჩვენი მამა გერასიმე, დაგვტოვა მარტოდ“. მაგრამ ამით ვერ აოკებდნენ ლომის ურვას და წუხილს, პირიქით, რაც მეტად ამშვიდებდნენ, მით მეტად დრტვინავდა და ისეთ ხმებს გამოსცემდა, რომ მისი ხმაც და თვალებიც მეტყველებდნენ - საშინლად განიცდიდა გერასიმეს არყოფნას. მაშინ მამა რაბათიმ უთხრა მას: „წამოდი, გაჩვენებ სად განისვენებს მამა გერასიმე“. და მიიყვანა სამარესთნ, სადაც გაკრძალული იყო ბერი (ხუთასიოდე ნაბიჯზე ეკლესიიდან). „აქ მარხია ჩვენი ბერი“, - უთხრა რაბათიმ ლომს და მუხლი მოიყარა. ლომმა ერთი საწყალობლად დაიღრიალა, დრუნჩით მიწას ჩაემხო და იქვე განუტევა სული ბერის საფლავზე.
კომენტარი