"ერთი ბიჭი უგონოდ ეგდო, მეორეს სახეზე სისხლი ჰქონდა, სანამ 112-თან დეტალებს გავდიოდი, ეს ბიჭები გაიქცნენ " - თეონა მანაგაძე მეტროში მომხდარი საშინელი ამბის დეტალებით
პირველი არხის ჟურნალისტი თეონა მანაგაძე, რომელიც მეტრო „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტს შეესწრო, „ფეისბუქზე“ წერს.
„ვკითხულობ ნიუსებს, კომენტარებს, სტატუსებს, გაოცებული და გულნატკენი ვარ. იმის ნაცვლად, რომ ჩაგვრა, ზიზღი და დევნა დაგმოთ, რაზე დავობთ და რას არკვევთ – მიზეზი კარები იყო თუ საყურეებიანი ბიჭები? ვის რომელი ვერსია გაწყობთ, რის გადასაფარად და დასამალად? – ერის ტრაგედიაა, როცა პატარა, ნათელ გოგო-ბიჭებს განსხვავებული ვიზუალის გამო ფიზიკურად უსწორდებიან, აგინებენ და სასიკვდილოდ იმეტებენ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენზე ნაკლები ქართველი ვარ, ან ნაკლებად მიყვარს უფალი, ცდებით. ჩემთვის ქართველობა და უფლის სიყვარული სწორედ – ადამიანია, მისი დაცვა და მფარველობა და არა ის, რომ საყურეების გამო, ადამიანს წიხლებით შესდგე, აფურთხო!“, – წერს თეონა მანაგაძე.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტს დეტალურად იხსენებს.
„ჩასაფრებულებს მოგიყვებით დეტალებს, რა ვნახე – ჩავედი მეტროში, იყო ქაოსი, ყვირილი, გინება. ვაგონები დაცლილი იყო და ერთი ბიჭი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ყვიროდა – საყურეებიანი ბიჭები ქართველობას არცხვენენ და ა.შ. მანამდე რა მოხდა, არ ვიცი. რასაც შევესწარი, იმის გადაღება დავიწყე. ნუ იღებო, მიყვირეს, გავჩერდი, რომ მეტი აგრესია არ გამომეწვია და ის გოგო-ბიჭები დამეცვა, რომელთაც შეურაცხყოფას აყენებდნენ. მათ წინ დავდექი, მიზანი მქონდა – ისინი მეხსნა. იდგნენ კრავებივით, არც ერთ მათგანს არც შეუგინებია და არც ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა ჰქონია. მათ ავუხსენი, რომ მათთვის უკეთესი იყო, მასას არ აყოლოდნენ, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ. მეგობართაგან ერთი მათგანი გაიქცა ესკალატორისკენ, ესენიც გაყვნენ და მათ მიმართ იყო შეძახილები (არ დავწერ, რაც). გავყევი მათ. როცა ესკალატორის ბოლოში გავედი, მარცხენა მხარეს ერთი ბიჭი უგონოდ ეგდო, მეორეს სახეზე სისხლი ჰქონდა. აგრესიული მასა ისევ ბობოქრობდა, შეძახილებით, გაწევ-გამოწევით. დავრეკე 112-ში, სასწრაფო გამოვიძახე. ამ ფონზე ხან უგონოსთან მივრბოდი, ხან – მეორესთან. ეს ბიჭი გონს მოვიდა, მის მიმართ ისევ ფიზიკურად იწეოდნენ. სანამ 112-თან დეტალებს გავდიოდი, ეს ბიჭები გაიქცნენ. ჩემი აზრით, თავს უშველეს. პ.ს. მეტროს კართან კადრებში ჩანს ბიჭი, რომელიც იგინება. ის იყო ჩემი ხედვით (იმ ქაოსში, შეიძლება სხვაც იყო და ვერ შევამჩნიე, მაპატიეთ) ერთადერთი, ვინც ჩაიარა, შეხედა ადამიანებს როგორ ჩაგრავდნენ და ისინი დაიცვა. ამ ადამიანს ღირსება ჰქონდა, რომელიც გაქვს, ან – არა. ღირსება და სინდისია ის ღმერთი, ვისით უნდა ვიცხოვროთ და არა – ზიზღით და სხვისი დამცირებით. ასეთია, ჩემი ღმერთიც და ჩემი ქართველობაც, სხვა ყველაფერი სიყალბეა… წავალ ახლა დავიძინებ, დამათენდა, კადრები დამირბიან თვალებში. ვინც მაკრიტიკებთ, უფრო მეტი სიმამაცე თქვენ გამოიჩინეთ, მხოლოდ გამიხარდება, თუ ერთ ადამიანს მაინც დაიცავთ..“, – წერს თეონა მანაგაძე „ფეისბუქზე“.
თეონა მანაგაძე მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარი ფაქტის ერთ-ერთი თვითმხილველია. მან მომხდარის ამსახველი ვიდეომასალაც გადაიღო. თეონა მანაგაძე პოლიციაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა.
გუშინ, გვიან ღამით მეტრო „რუსთაველში“ ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება ხულიგონობისა და რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის მუხლებით დაიწყო.
კომენტარი