საყვარელმა ქალმა მიატოვა, მეგობრებმა უღალატეს - ის უკვე მზადაა მდინარეში გადასაშვებად, მაგრამ...
ადამიანი, რომელიც ხიდის მოაჯირზე იდგა, ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ უკვე ბევრის გადატანა მოესწრო.
საყვარელმა ქალმა მიატოვა, მეგობრებმა უღალატეს, ნათესავებმა ზურგი აქციეს, ის იქცა სრულიად ზედმეტ ბარგად, რომელიც არავის არ სჭირდებოდა ამ სამყაროში. მოკლედ, ცხოვრება ერთბაშად დაენგრა და უკვე ძალაც არ ჰქონდა რომ ყველაფერი თავიდან დაეწყო.
მან დაწვა ყველა უკან დასაბრუნებელი ხიდი და ახლა იმისთვის რომ საბოლოოდ გაესწორებინა ანგარიში თავისი გაძაღლებული ცხოვრებისთვის, ერთი ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო აქაფებული მდინარის მიმართულებით.
მან უკანასკნელად ჩაისუნთქა და ის იყო უნდა გადაშვებულიყო წინ, რომ უცებ…
– საღამო მშვიდობისა შვილო, იქნებ შეძლო დახმარება… რითიც შეგიძლია…
ახალგაზრდამ მოიხედა და დაინახა ჩამოძონძილი მოხუცი, რომელიც, მავედრებელი თვალებით მისჩერებოდა. მან ინსტიქტურად დააძრო საფულე, ამოიღო მთელი თანხა, რაც კი ჰქონდა და რომელიც უკვე არაფერში არ სჭირდებოდა და მოხუცს მიაწოდა.
– არა შვილო, ჩემთვის არ მითხოვია. აქ, შორიახლოს, ორი პატარა გოგონა ცხოვრობს, ისინი ობლები არიან, მშივრები, მოუვლელები, გროში არა აბადიათ, დაეხმარე…
– აქ ბევრი ფულია, მოხუცო, აიღე და მიუტანე. საკმაოდ დიდხანს ეყოფათ.
– ხომ ხედავ რა დღეში ვარ, მე შეიძლება იქამდე ვერც კი მივატანო – უპასუხა მოხუცმა, – წაუღე ეს ფული შენ თვითონ, ღმერთი გიშველის…
– კარგი, – თავისთვისვე მოულოდნელად დათანხმდა ახალგაზრდა.– მომეცით მისმართი და მე თვითონ მივუტან.
„წავუღებ იმ საწყალ ბავშვებს ამ ფულს, იქნებ ეს არის მათი უკანასკნელი იმედი და მერე დავბრუნდები და დავასრულებ დაწყებულს“ – გაიფიქრა მან.
შემდეგ ჩამოვიდა მოაჯირიდან, გამოართვა მოხუცს მისამართი და გაეშურა ბავშვებისაკენ.
ის თავიდან მიდიოდა ჩქარი, ნერვიული ნაბიჯებით, მაგრამ რაც უფრო შორდებოდა ხიდს, მით უფრო მშვიდდებოდა და მით უფრო უნელდებოდა ცხოვრებასთან ანგარიშის გასწორების სურვილი. ის თანდათანობით მხრებში გაიშალა, სიარულიც თანდათანობით უფრო თავდაჯერებული გაუხდა და ბოლოს გააცნობიერა, რომ უკან აღარასოდეს დაბრუნდებოდა, რადგან მიხვდა, რომ ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება სჭირდებოდე, ყოველთვის მოიძებნება საქმე, რომლისთვისაც ღირს და აუცილებელიცაა, რომ იცოცხლო.
კომენტარი