სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილა.

მთავრობამ დაამტკიცა დადგენილების პროექტი, სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებებითა და მეწარმეების კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის მიზნით, იცვლება და უმჯობესდება პროგრამის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება. კერძოდ,

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საწარმოების შესაქმნელად, კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა 150 000 ლარითა (ნაცვლად 250 000 ლარისა) და 75 000 დოლარით (ნაცვლად 150 000 დოლარისა) განისაზღვრება.

მთავრობის სხდომაზე ასევე განიხილეს 2016-2020 წლებისთვის საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი რამდენიმე მნიშვნელოვან ქვეთავს მოიცავს და მისი პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.

მთავრობა დაეთანხმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მილერ გრუპისათვის“ 25-წლიანი იჯარის უფლებით გადაცემას ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარახეთში. საუბარია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, სადაც 120 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმა აშენდება.

თიანეთის მუნიციპალიტეტში აშენდება 100 სულ პირუტყვზე გათვლილი ფერმა, მოშენდება ამდენივე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რისთვისაც 200 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. შესაბამისი განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირი გიორგი ჭუმბურიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

მთავრობის განკარგულებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის - მანანაურის, ცხუმალდის, ბავარისა და ხაჩეშის ელექტრიფიცირებისთვის, ენერგეტიკის სამინისტოს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 535 737 ლარი გამოეყო.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ელექტრიფიცირების დასრულების შემდეგ, ჯამურად ელექტრიფიცირებული იქნება 29 სოფელი, რომლებსაც ელექტროენერგია 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტი, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 565 786 ლარის გამოყოფის შესახებ, რომლითაც, წყნეთში, მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის მიმდებარედ მოეწყობა საყრდენი კედელი, ასევე, განხორციელდება თბილისი-კოჯორი-მანგლისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის შეკეთების მეორე ეტაპის კაპიტალური სამუშაოები.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის 50 მლნ ლარი გამოიყოფა. პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა, კონკრეტულ სოფელში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მთავრობის დადგენილების შესაბამისად განაწილდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100