სანდრო კავსაძე: პატარკაციშვილი სააკაშვილის ლიკვიდაციას და ივანიშვილის გატაცებას გეგმავდა
განახლებულია: 23.04.2012; 15:25 სთ
გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს ინტერვიუს ინტერვიუს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ სანდრო კავსაძესთან.
შეგახსენებთ, რომ სანდრო კავსაძე ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია.
ამავე დროს, ის მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რაც არაერთხელ, ღიად აქვს დაფიქსირებული.
ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ ჩაწერა, მთლიანად სკანდალზეა აგებული: სანდრო კავსაძე საქართველოს შიდაპოლიტიკური წარსულის ისეთ სკანდალურ დეტალებზე საუბრობს, როგორიცაა ვარდების რევოლუციის წინაპერიოდი, ზურაბ ჟვანიას დაღუპვა, ბიძინა ივანიშვილის მფარველები რუსეთში და აწ გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის ამბიციები, რომელიც, კავსაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გატაცებასა და მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა.
რა თქმა უნდა, სანდრო კავსაძემ ტრიბუნა იმისთვისაც კარგად გამოიყენა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ბევრ რამეში დაედანაშაულებინა. მათ შორის, დაზვერვის ყოფილი შეფის მიერ მოყოლილი მითიცაა შევარდნაძის მიერ ხელისუფლების გადაბარების, „ვარდების რევოლუციის“ რუსული ფულით დაფინანსებისა და რუსების მიერ ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილის მოყვანის შესახებ.
თუ დაზვერვის შეფს დავუჯერებთ, პუტინსა და საკაშვილს შორის თავიდან კარგი ურთიერთობა ყოფილა და ვლადიმირ ვლადიმკიროვიჩი სააკაშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებასაც დაპირებია, მისი კაბინეტიდან გამო0სულ სააკაშვილს კი, თურმე, შეუგინებია და სიტუაციაც ამის შემდეგ დაძაბულა, რადგან სააკაშვილის საუბრის ჩანაწერი პუტინისთვის მაშინვე მაგიდაზე დაუდვიათ...
მოკლედ, აბსურდული და ალოგიკური მსჯელობის, ერთი შეხედვით დაუჯერებელი ფაქტების მოყვანის მიუხედავად, „დრონი.ჯი“ გთავაზობთ ფრაგმენტებს „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
- ბატონო სანდრო, თქვენ აქტიურად უჭერდით მხარს პუტინის გაპრეზიდენტებას და სურვილი აგისრულდათ კიდეც. როგორ ფიქრობთ, ახლა რა მოხდება, პუტინი საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას შეიცვლის და კეთილგანწყობილი გახდება?
- რუსეთში ჯერ სიტუაცია ბოლომდე დალაგებული არ არის. ის პოლიტიკური წრეები და სამსახურები, რომლებიც საქართველოს მიმართულებას კურირებენ, გაურკვევლობაში არიან, არ იციან, პუტინის ინაუგურაციის შემდეგ ვინ დარჩება თანამდებობაზე, ვის გაუშვებენ, ვის დანიშნავენ და ა.შ.
არეულობაა ქართულ დიასპორებშიც. "რუსეთის ქართველთა კავშირის" ხელმძღვანელმა მიხეილ ხუბუტიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა ახლა ძალიან ბევრს უნდა მისი ადგილის დაკავება. გარკვეულ წრეებს პეტრე ჩხეიძის გაყვანა უნდათ "რუსეთის ქართველთა კავშირის" ხელმძღვანელად, ცალკე მინდია გულუა ცდილობს, რომ თავისი კაცი გაიყვანოს...“
„- იცით, რა მძიმე სიტუაციაა აფხაზეთში? აფხაზები ძალიან უკმაყოფილოები არიან რუსების, მათ არაფერში ენდობიან.
აფხაზი ხალხი ძალიან განიცდის საქართველოსგან დაშორებას, ძალიან განიცდიან იმ ომს, რომელიც ჩვენ შორის მოხდა და რომელიც მარტო აფხაზებისა და რუსების კი არა, ჩვენი - ქართველების ბრალიც იყო!
საერთოდ, სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, წესიერად და ჭკვიანურად რომ მოქცეულიყო, შეიძლება, აფხაზეთი და ოსეთი დღეს ჩვენი ყოფილიყო.
- "წესიერად და ჭკვიანურად" მოქცევაში რას გულისხმობთ?
- ხომ გახსოვთ, სააკაშვილი პრეზიდენტი რომ გახდა, პირველივე ვიზიტი მოსკოვში ჰქონდა. პუტინმა ძალიან თბილად მიიღო და უთხრა, ნუ ავჩქარდებით და აფხაზეთსაც და ოსეთსაც ნელ-ნელა დაგიბრუნებთო. ისიც უთხრა, სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზე, საერთოდ, პრობლემა არ გექნებათ, აფხაზეთი უფრო რთული საკითხია, მაგრამ ნელ-ნელა დავალაგებთ ყველაფერს, რკინიგზა გავხსნათ სოხუმისკენ, კომუნიკაციები შედგეს და ყველაფერი მოგვარდებაო. მოკლედ, პუტინი ჩაეხუტა სააკაშვილს, ერთად ვიყოთ, ვიმეგობროთო...
- თუ ასე იყო საქმე, მერე რაღა მოხდა?
- როგორც კი პუტინთან შეხვედრიდან გამოვიდა, სააკაშვილმა თქვა, პუტინს მოვუ..ან დედის ტ..კი, რუსებს ველოდო, როდის დავიბრუნებ აფხაზეთს და ოსეთსო? სააკაშვილის ამ ლაპარაკის ჩანაწერი პუტინს მაშინვე შეუტანეს და მაგიდაზე დაუდეს.
- კი მაგრამ, ვინ ჩაწერა სააკაშვილის ეს ლაპარაკი?
- მაგის ჩაწერას რაღა უნდოდა, ისეთი აპარატურებია დამიზნებული კრემლზე, ვიღაცას ყურში რომ უჩურჩულო, იმას ჩაწერენ, მეც მაქვს მოსმენილი სააკაშვილის ამ ლაპარაკის ჩანაწერი.
- თქვენ როგორღა მოისმინეთ?
- მე და ცხონებულ გია კრიალაშვილს კიევში მოგვასმენინა რუსეთის სამხედრო ატაშემ...“
სანდრო კავსაძე აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს, თუმცა, ფაქტებს ამის დასამტკიცებლად ვერ ასახელებს. სამაგიეროდ ამბობს, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილმა შურისძიება გადაწყვიტა და მიხეილ სააკაშვილის მოსაკლავად რუსეთიდან ქილერებიც ჩამოიყვანა.
„...პატარკაციშვილს შურისძიება ჰქონდა გადაწყვეტილი და საქართველოში. ქილერებიც ჩამოიყვანა სააკაშვილის მოსაკლავად!
- რას ამბობთ, ბატონო სანდრო?
- რაც ნაღდად ვიცი, იმას გეუბნებით!
- დაუჯერებელ რაღაცას ამბობთ. რა გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა?
- ეს ქილერები თბილისთან ახლოს კონსპირაციულ სახლში იყვნენ დაბანაკებულნი და სრულიად შემთხვევით ნასვამი პოლიციელი დაადგა თავზე, რომელიც ადგილზე მოკლეს. თუმცა, ისიც საკითხავია, ის პოლიციელი იქ შემთხვევით მივიდა თუ არა. საქმე ისე წავიდა, რომ ქილერების ჩამოყვანის ამბავი შეიძლებოდა "გამსკდარიყო", ამიტომ, ის ორივე ქილერი იმავე სახლში მოაკვლევინა პატარკაციშვილმა და ცხედრები აფხაზეთში გადაატანინა.
- ბატონო სანდრო, ისეთ რამეს ამბობთ, რომლის დაჯერებაც, პირადად მე, ძალიან მიჭირს...
- ყველაფერს ნამდვილს გეუბნებით და რა არ გჯერათ? თქვენ, ეტყობა, პატარკაციშვილს არ იცნობდით და არ იცით, რისი გაკეთების თავი ჰქონდა და რაზე იყო წამსვლელი!
- მილიარდების მფლობელ და გავლენიან კაცს, თუ მოინდომა, ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ჩემთვის მაინც წარმოუდგენელია, რასაც თქვენ ამბობთ!
- მაშინ არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ რადგან არ გჯერათ, გეტყვით: ბადრი პატარკაციშვილმა პირადად მე შემომთავაზა სააკაშვილის ლიკვიდაცია!
- ახლა მთლად ნუ შემშლით ჭკუიდან, ბატონო სანდრო!
- 50 მლნ დოლარს მპირდებოდა სააკაშვილის მოკლაში! შევუთვალე, ჯერ ერთი, მე ქილერი არ ვარ, და მეორეც, სააკაშვილი პრეზიდენტია და რომ მოვკლა, ილია ჭავჭავაძე გახდება, მე კიდევ ბერბიჭაშვილზე უარესი-მეთქი. ცოცხალი და ჯანმრთელია ის ხალხი, ვისი პირითაც ეს შევუთვალე პატარკაციშვილს!
თქვენ, ალბათ, იმასაც არ დაიჯერებთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი ბიძინა ივანიშვილის გატაცებას გეგმავდა, რომ მისთვის ბიზნესები წაერთმია და ფული "აეხია", მაგრამ მაშინ ბიძინას "ფე-ეს-ბე" და პატრუშევი უმაგრებდა ზურგს და ბადრიმ ვერაფერი მოახერხა.
ახლა ქართულ გაზეთებში ვიღაცები რომ წერენ ხოლმე, ბადრის და ბიძინას ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და მეგობრები იყვნენო, ამაზე მეცინება!..“ (ჯაბა ხუბუა. გაზეთი "ასავალ დასავალი", 23-30 აპრილი, 2012 წელი).
ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით ამ წუთებში (23.04.2012; 15:25) საგანგებო განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაციამ "ჩემი საქართველო", რომელსაც "დრონი.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი საქართველოს“ განცხადება
გაზეთ “ასავალ-დასავალის” 23 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი უფროსის სანდრო კავსაძის ინტერვიუ, რომელიც აცხადებს რომ ბადრი პატარკაციშვილმა მას შეუკვეთა მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია 50 მილიონ დოლარად. მანამ კი რუსეთიდან ჰყავდა ჩამოყვანილი ქილერები ამ მიზნის განხორციელებისთვის. რესპოდენტი ასევე აცხადებს, რომ პატარკაციშვილს უნდოდა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გატაცება ანგარების მოტივით.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩემი საქართველო” სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ რესპოდენტის მიერ გაცხადებული ბრალდებები სიმართლეს არ შეეფერება და ემსახურება ბადრი პატარკაციშვილის სახელის დისკრედიტაციას, ამავე დროს ვაცხადებთ, რომ ბატონ პატარკაციშვილს სანდრო კავსაძესთან არანაირი პირადი ნაცნობობა და ურთიერთობა არ აკავშირებდა და ამდენად, გამორიცხულია რომ ბადრი პატარკაციშვილი მასთან ქილერულ ან ბანდიტურ კავშირს ამყარებდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩემი საქართველოს” თავმჯდომარე ვალერი გელბახიანი
კომენტარი