თუ აქ შემოვა კობახიძე, თავში მოხვდება ყველაფერი, რაც ხელში მომხვდება - ნიკა მელია
კობახიძე აქ შემოსვლას ვერ გაბედავს. თუ შემოვა, თავში მოხვდება ყველაფერი, რაც ხელში მომხვდება, კვერცხი იქნება თუ მიკროფონი - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია.
მისი თქმით, ახლა გამოჩნდება, რა შეუძლია ქართულ საზოგადოებას, დაიცავს თუ არა ღირსებას, რადგან ეს უკვე ზეპოლიტიკური საკითხია. მისი განცხადებით, ცოტა დააკლდათ და პარლამენტში საქართველოს დროშის ნაცვლად, რუსეთის დროშას აღმართავდნენ.
„ეს არის რბილი ძალა, ის შემოიპარა აქ, შემოაპარა ივანიშვილმა. ივანიშვილს დრო აქვს, სანამ დროა, კობახიძე გადააყენოს. პროცესები, კანით ვგრძნობ, რომ შესაძლოა, უმართავი გახდეს. მოკიდეთ ქეჩოში ხელი კობახიძეს და დაისვით სახლში. სასაუბრო აღარაფერია, ამ სავარძელში დასვეს, ამ სავარძელში დღეს იჯდა ქართველების მკვლელობაში გასვრილი გავრილოვი.
ამ შენობაში, ვინც ზის, ის მართავს ქვეყანას, საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, აქ დასვეს ის ადამიანი, რომელიც ყველამ ვიცით, რასაც ამბობს, ამბობს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის დამოუკიდებელი და ამ ადამიანს ტაშით შეხვდნენ.
კობახიძე ახლა რომ გამოდის, ვაიმე , ეს რა დამემართაო. ამ დარბაზში კობახიძე ვერ შემოვა და თუ გაბედავს ყველაფერი თავში მოხდება, კვერცხი იქნება თუ ეს მიკროფონი,“ - აცხადებს მელია.
კომენტარი