WikiLeaks: შამბა იარაღით რუსეთთან ბრძოლას, ბაღაფში კი ქართულ მხარესთან მოლაპარაკებას აპირებდა
სერგეი შამბა რუსეთის წინააღმდეგ იარაღის ხელში აღებას, სერგეი ბაღაფში კი საქართველოსთან პირისპირ დიალოგს აპირებდა და დასავლეთს ზომების მიღებას აჩქარებდა, რათა რუსეთს ვერ მოესწრო აფხაზეთის სრული დამორჩილება. ამის შესახებ საიტი WikiLeaks-ი წერს.
WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები, 2008 წლის პერიოდს ეხება და მეტყველებს იმაზე, რომ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელთა პოზიციები, ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა კრემლის პოლიტიკას, თუმცა საჯარო განცხადებები მოსკოვის ზეწოლით მაინც კეთდებოდა.
დოკუმენტების მიხედვით, 2008 წელს აფხაზებს ეგონათ, რომ რუსეთი აღიარებდა მათ დამოუკიდებლობას – დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარების ფაქტის საპასუხოდ. ამის შესახებ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს გაერო-ს მისიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ჟან არნომ შეატყობინა. მისი აზრით, იმისათვის, რომ აფხაზების იმედგაცრუება გაენელებინა, მოსკოვმა ეკონომოკური სანქციები გააუქმა და თავისი სამშვიდობოების რიცხვი გააორმაგა.
ამ პროცესებმა, თბილისს გააქტიურება აიძულა. 2008 წლის მარტში, მიხეილ სააკაშვილმა წარმოადგინა კონფლიქტის დარეგულირების ახალი გეგმა. მან სოხუმს ფართო ავტონომია, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა და თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა შესთავაზა.
მოსკოვმა უარი თქვა, განეხილა სააკაშვილის გეგმა და მას „პოლიტიკური” უწოდა, რომელიც დასავლეთისათვის იყო განკუთვნილი,. რომელსაც, თავის მხრივ, იმ დღეებში ბუხარესტის სამიტზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება ნატო-ში საქართველოს მომავალი ინტეგრაციისა.
სააკაშვილის გეგმა საჯაროდ უარყო სოხუმმაც, თუმცა მოგვიანებით თბილისთან პირდაპირი მოლაპარაკებების ვარიანტების გადასინჯვა-გადარჩევა დაიწყო.
აპრილის ბოლოს, სოხუმში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების შამბასთან შეხვედრისას, ამ უკანასკნელმა დაადანაშაულა დასავლეთი, რომ ის, თავისი უმოქმედობით, აფხაზეთს რუსეთთან დაახლოებას უბიძგებდა. „თქვენ ხომ არ გვთავაზობთ არანაირ ალტერნატივას, სხვას ვიღას მივმართოთ?”- შამბას საუბრის ამ დეტალებს, ამერიკელი ელჩი ჯონ ტეფტი ყვება.
ასევე, WikiLeaks-ის ინფორმაციით, შამბა აცხადებდა, რომ თუკი რუსეთი როდესმე ღიად შეეცდებოდა რეგიონის ანექსია მოეხდინა, აფხაზეთი იარაღს აიღებდა ხელში და მას ჩრდილო კავკასიელი მოკავშირეები შეუერთდებოდნენ. ამასთან დაკავშირებით ამერიკელი დიპლომატები აღნიშნავენ, რომ შამბა არასოდეს აძლევდა თავს უფლებას მსგავსი ტონით ელაპარაკა საზოგადოებაში.
მათივე თქმით, გამოსვლებისა და ქართველ კოლეგებთან შეხვედრების დროს შამბა ამტიკცებდა, რომ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა საქართველოს მიერ აფხაზეთის აღიარებაა.
ნახევარი წლის განმავლობაში, ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები, აიღეს რა საკუთარ თავზე შუამავლის როლი, ცდილობდნენ, მოეძებნათ შეხების წერტილები სოხუმსა და თბილისს შორის. მათი საბოლოო მიზანი იყო სააკაშვილისა და ბაღაფშის შეხვედრის მომზადება, რომელსაც ბიძგი უნდა მიეცა მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებისა და ასევე, ძალის გამოუყენებლობის შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმებისათვის.
ბაღაფში თავიდან უარს ამბობდა ამ კონტაქტზე, მაგრამ მოგვიანებით დათანხმდა. მისი მთავარი წინაპირობა იყო კოდორის ხეობიდან ქართული სპეცრაზმის გაყვანა.
თავდაპირველად, ბაღაფში დასავლელი დიპლომატებისგან ითხოვდა, რომ კოდორში დარჩენილიყო მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, – სვანები, მაგრამ 2008 წლის ივლისში ის დათანხმდა აფხაზური და ქართული ძალები ევროკავშირისა და გაერო-ს ახალი საპოლიციო მისიით ჩანაცვლებულიყო. ამის შესახებ, პარიზში, პრივატული საუბრის დროს, ბაღაფშმა შეატყობინა კიდეც ევროკავშირის ყოფილ წარმომადგენელს კავკასიაში პიტერ სემნებს. იმავე დღეს კი სემნებმა, აღნიშნული, საქართველოში ამერიკის ელჩს აცნობა.
„ბაღაფშმა გამაფრთხილა, რომ ევროპამ უნდა „იჩქაროს” და მიუთითა რუსეთზე, რომელიც სწრაფად მოქმედებდა, რათა განემტკიცებინა თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური ყოფნა აფხაზეთში ”- ნათქვამია WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ცნობებში.
წყარო: presa.ge, თეა ინასარიძე
კომენტარი