15 წლის გოგონა: მანქანაში მაუპატიურებდა ყოველ ღამით, ჩემი ცოლი რომ გახდე, აუცილებელიაო
15 წლის გოგონა ამბობს, რომ გზიდან მოიტაცეს, როცა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში არასრულწლოვანი აღწერს, რომ 17 წლის საქმრო მას მანქანაში ყოველ ღამით აუპატიურებდა, ეს აუცილებელი წინაპირობაა, ჩემთან რომ დარჩე და არ მიჩივლოო. გოგონას მშობლები გამტაცებლების დასჯას ითხოვენ, პროკურატურამ კი ამ დრომდე გოგონა დაზარალებულად არ ცნო და არც პასუხისგებაში მიუცია ვინმე.
„უნდოდა, რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი, თუმცა მე გათხოვება ჯერ არ მინდა. სკოლაში ვსწავლობდი. მომიტაცეს. სამნი იყვნენ, თვითონ და მისი ორი მეგობარი. ყოველდღე მიცვლიდნენ ადგილსამყოფელს, რომ ჩემიანებს არ გაეგოთ სად ვიყავი. ვერც გაქცევას ვახერხებდი. ყოველ ღამე ჯიპის მარკის ავტომანქანაში მაუპატიურებდა. ამის ჩადენას მას მისი მეგობრებიც ურჩევდნენ, როგორც აუცილებელ პირობას, რომ მე მათთვის არ მეჩივლა. მანქანაში გარედან გვკეტავდნენ. გაუპატიურების დროს წინააღმდეგობას ვუწევდი, ფრჩხილებით და კბილებით, მაგრამ უშედეგოდ. პოლიციამ სამი დღის შემდეგ მოგვაგნო. ბიჭი, რომელსაც ცოლად ვუნდოდი, დამემუქრა, თუ არ ვიტყოდი, რომ ნებით გავყევი და მას დაიჭერდნენ, მისი მეგობრები, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს, ჩემს ოჯახზე შურს იძიებდნენ, ჩემს ძმას მოკლავდნენ.
პოლიციის განყოფილებაში რომ მიმიყვანეს, მამასთან შეხვედრა მოვითხოვე. დედა აქ არ მყავდა, თავის ძმასთან იყო წასული სტუმრად. პოლიციელებმა მითხრეს, რომ ჩემს დაკითხვას ჩემი გამტაცებლის მამა დაესწრებოდა, რომელიც იქ იყო. კიდევ ვიღაც ქალი დაასწრეს. მითხრეს, რომ პედაგოგი იყო, მაგრამ ჩვენს სკოლაში მასწავლებლად არ უმუშავია. მივეცი ჩვენება, რომ ბიჭს ჩემი ნებით გავყევი და გაუპატიურება არ მომხდარა. მას შემდეგ, რაც პოლიციაში ჩემი ახლობლები მოვიდნენ, სიმართლე ვთქვი. პოლიციას ვუთხარი, რომ გამიტაცეს და ყოველ ღამით მაუპატიურებდა. იმავე დღეს დაიკითხა ის ბიჭიც და თქვა, რომ გამიტაცა და ჩემთან სექსუალური კავშირი ჰქონდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ადვოკატის რჩევით, თქვა, რომ ნებაყოფლობით გავყევი, რაც ტყუილია“, – ამბობს 15 წლის გოგონა.
გამტაცებელი ბიჭი 17 წლის არის. ისიც სკოლის მოსწავლეა. ამბობს, რომ გოგონა ცოლად უნდოდა. არ ადასტურებს, რომ გაიტაცა. უარყოფს გაუპატიურების ფაქტსაც. მისი თქმით, სექსუალური კავშირისას გოგონას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ესაუბრა ორ ადამიანს. ისინი მოწმის სახით დაკითხულები არიან გამოძიების მიერ. მათ გოგონას გატაცების ფაქტი დაადასტურეს. „სკოლიდან მოდიოდა. მანქანა გაჩერდა. პირზე ხელი დააფარეს და მანქანაში შეაგდეს“, – აღნიშნა თვითმხილველმა.
სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გოგონას სხეულზე დაზიანებები აქვს სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით. გოგონა ამბობს, რომ დაზიანებები გაუპატიურებისას წინააღმდეგობას რომ უწევდა, მაშინ მიიღო. ექსპერტიზამ დაადასტურა საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევის ფაქტიც.
გამტაცებელს, რომელსაც გოგონა ცოლად უნდოდა, სხეულზე აღენიშნება დაზიანებები. გოგონას თქმით, ეს დაზიანებები მან კბილებით და ფრჩხილებით მიაყენა.
ამ გარემოებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ გოგონა დაზარალებულად არ ცნო და არც გატაცებასა და გაუპატიურებაში მხილებული მამაკაცები მიუცია სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
რაიონული პროკურორი ლევან ღვედაშვილი ამბობს, რომ საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულები, მამაკაცებისთვის ბრალის წასაყენებლად. პროკურორის თქმით, არ დასტურდება უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის და გაუპატიურების ფაქტი. „სექსუალური კავშირი როგორც ჩანს ჰქონდათ, მაგრამ გაუპატიურება არ დასტურდება“, – აღნიშნა ლევან ღვედაშვილმა.
გოგონას მშობლები გამტაცებლების დასჯას ითხოვენ. 15 წლის გოგონა უკვე ერთი თვეა სკოლაში აღარ დადის. მამა ამბობს, რომ მისი განმეორებით მოტაცების რისკი დიდია.
ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში ხშირია ადრეულ ასაკში გოგონების მოტაცების, იძულებით და გარიგებით ქორწინების შემთხვევები.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე განათლების მიღება 7 367–მა გოგონამ შეწყვიტა.
მაგალითად, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში 16 წლის გოგონა მამამ 45 წლის მამაკაცზე 10 ძროხის სანაცვლოდ გაათხოვა, თუმცა იმის გამო, რომ გოგონა ამ გარიგების წინააღმდეგი იყო, სახლიდან გაიპარა და ცოლად სხვას გაჰყვა.
2014 წლის 18 მარტს, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, 16 წლის გოგონამ თავი იმის გამო მოიკლა, რომ არ დაეთანხმა მამის გადაწყვეტილებას მის გათხოვებასთან დაკავშირებით და ვერც წინააღმდეგობის გაწევა შეძლო.
ყარაჯალის სკოლის დირექტორის ელზა აშიროვას ინფორმაციით, ზუსტად იგივე მიზეზით, სოფელში თვითმკვლელობა 2013 წელსაც მოხდა. ამ შემთხვევაშიც მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვი თანასოფლელ მამაკაცზე გაეთხოვებინათ. გოგონა, რომელიც მე–10 კლასის მოსწავლე იყო, გათხოვებაზე უარს ამბობდა.
2012 წელს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მე–8 კლასის მოსწავლის გადარჩენა შეძლეს. 13 წლის გოგონამ თვითმკვლელობის მიზნით დიდი რაოდენობით მედიკამენტები დალია. გოგონას შეყვარებული ჰყავდა, მშობლებს კი მისი გათხოვება სხვა, ეკონომიურად შეძლებულ მამაკაცზე უნდოდათ.
საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მთავარ პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი უწყებების მხრიდან არასათანადო ყურადღება.
„მნიშვნელოვანია გააქტიურდეს სოციალური სამსახური, პოლიცია და საგანმანათლებლო დაწესებულებები“, – ომბუდსმენის ამ რეკომენდაციას ადრესატები არ ითვალისწინებენ.
თვითმკვლელობამდე მიყვანა, გატაცება, თავისუფლების აღკვეთა, გაუპატირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაულებია. ამის მიუხედავად, სტატიაში მოცემულ არცერთ ფაქტზე პოლიციას პასუხისგებაში არავინ მიუცია.
კომენტარი