სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ არ გვეძინება ღამით?

მოზრდილ ადამიანს დღე-ღამეში 7-8 საათი უნდა ეძინოს, მაგრამ ძილის ნორმა მაინც ინდივიდუალურია. ზოგ ადამიანს ნაკლებ ხანს სძინავს, ზოგს – მეტხანს. თუ იმაზე მეტი გძინავთ, ვიდრე საჭიროა, მაშინ ძილისთვის განკუთვნილი დრო უნდა შეამციროთ.

ძილი არაერთგვაროვანია და რამდენიმე ფაზისგან შედგება. გარდამავალ პერიოდში, ანუ პირველ სტადიაში – უჯრედების ერთ ნაწილს სძინავს, მეორეს – ჯერ კიდევ არა; ზედაპირული ძილი მეორე სტადიას განეკუთვნება; მესამე სტადიას ღრმა ძილი, ანუ დელტა-ძილი ეწოდება. ამ დროს ხედავს ადამიანი სიზმრებს. ძილის ხარისხი დამოკიდებულია აღნიშნული ფაზების სწორ თანაფარდობაზე. თავის მხრივ, რაც უფრო კარგია ძილი, მით უფრო ხანმოკლეა.

იმისთვის, რომ გაიუმჯობესოთ ძილის ხარისხი, ქვემოთ მოყვანილი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ:

ვახშამი – სისხლში ნახშირწყლებისა და ცხიმების მომატებული რაოდენობა არღვევს დელტა-ძილის ფაზის თანაფარდობას. ამიტომ, ვახშამი, ძირითადად, ცილების შემცველი საკვებისგან უნდა შედგებოდეს. მაგალითად, ასეთია უცხიმო ხაჭო, პური, შემწვარი თევზი, ბოსტნეული, კანგაცლილი შემწვარი წიწილა, ბრინჯი და ასე შემდეგ. ცილების გადამუშავება დიდ დროს მოითხოვს. ასე რომ, დაძინებამდე არ მოგშივდებათ. ეს კი მეტად მნიშვნელოვანია. შიმშილის გრძნობა ჩაძინების პროცესს აფერხებს და ძილი ზედაპირული ხდება.

ვიტამინები და მინერალები: კალციუმის დეფიციტი იწვევს კუნთების დაჭიმულობას, რასაც შედეგად „ცუდი ძილი“ მოჰყვება. ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობა ზრდის ძილის ხანგრძლივობას.

რკინის ნაკლებობა ახანგრძლივებს ძილის პროცესს და ასევე, ხელს უწყობს ხშირ გამოღვიძებას.

B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა, რომელიც ჩვეულებრივ, აღენიშნებათ მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, მწეველებს და მათ, ვინც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებს, არღვევს ძილის ნორმალურ რიტმს. გამოსავალი კი მხოლოდ ვიტამინების მიღებაა.

ვარჯიში – რეგულარული ფიზიკური დატვირთვის შედეგად მცირდება ძილის საერთო ხანგრძლივობა და ძილისადმი მოთხოვნა.

ძილის „გრადუსი“ – თუ ოთახის ტემპერატურა 24 გრადუსზე მაღალია, ძილი უარესდება და დელტა-ძილის თანაფარდობის დარღვევის გამო ხანგრძლივდება. ნორმალური ძილისთვის ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა 18 გრადუსია.

წყვილად ძილი – თუ ცოლ-ქმარს ერთად სძინავს, მათი დელტა-ძილის ხარისხის პერიოდი მცირდება. საქმე ისაა, რომ ყოველ ასეთ პერიოდს წინ უნდა უძღოდეს ათწუთიანი მშვიდი ძილის პერიოდი. თუ ამ პერიოდში ერთი პარტნიორი მოძრაობას იწყებს და მეორეს აღვიძებს, მაშინ ათვლა თავიდან იწყება.

აბაზანა – ღამით თბილი და არა ცხელი აბაზანა ნერვულ სისტემაზე არა მხოლოდ დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს, რაც დაძინების პროცესს უწყობს ხელს, არამედ ძილის სტრუქტურასაც აუმჯობესებს. განსაკუთრებით კარგია, თუ აბაზანაში წიწვოვანთა ექსტრაქტის რამდენიმე წვეთს ჩაამატებთ.

ნორმალურია, რომ დაწოლიდან ათ წუთში დაიძინოთ. თუ ასე არ ხდება, ესე იგი, ორგანიზმს ძილი არ უნდა, ან რაღაც უშლის ხელს. ყველა შემთხვევაში, საუკეთესო საშუალებაა, ადგეთ და რამე საქმე წამოიწყოთ, ვიდრე ფიქრებში წახვიდეთ და ნერვული სისტემა დაიზიანოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100