რის და ვის ხარჯზე ასაღებს „სს არგო“ პროდუქციას?
სააქციო საზოგადოებამ „არგო“, ლუდის გასაღების ახალ მეთოდს მიაგნო - „ჰერცოგის“ თავსახურში ჩადო ე.წ. ფრიბეთები, რომლებიც აზარტის მოყვარულთათვის და არა მხოლოდ მათთვის, კაზინოსა და ტოტალიზატორში თამაშის დამატებითი საშუალებაა.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ლუდის თითოეული ბოთლის თავსახურში ჩადებულია ათნიშნა კოდი, ხოლო მომგებიანი კოდის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს საშუალება ეძლევა მოგებული ფრიბეთებით აზარტული თამაშებით ისარგებლონ.
„არგოს“ ხელმძღვანელობამ ლიცენზია ფინანსთა სამინისტროდან აიღო, ანუ ოფიციალურად მოიპოვა ამგვარი წამახალისებელი გათამაშების უფლება.
თუმცა, რამდენად ჯდება ეს მორალურ თუ ეთიკურ ჩარჩოში, რთული სათქმელია, რადგან საზოგადოების ნაწილმა ისე აღიქვა, რომ ლუდსახარში, რომელსაც სათამაშო ბიზნესთან არ აქვს შეხება, ხელს უწყობს მოქალაქეებს - გახდნენ აზარტულები, წააგონ ფული და შეიქმნან პრობლემები.
ეს მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო აქ, აზარტული თამაშები უამრავი ადამიანისთვის ფატალურად - თვითმკვლელობითაც კი სრულდება.
სწორედ ამ საკითხით დავინტერესდით და კომპანია „არგოს“ დირექტორის მრჩეველს, კახა პაიჭაძეს დავუკავშირდით კომენტარისთვის, რომელმაც იმდენი ურთიერთგამომრიცხავი რაღაც თქვა რომ ღირს წაკითხვად:
- როგორც კომპანიის დირექტორის მრჩეველი, გრძნობთ თუ არა, პასუხისმგებლობას ამ გათამაშებით საზოგადოების წინაშე, იმის ფონზე, რომ აზარტული თამაშები ადამიანებისთვის ხშირად გამხდარა თვითმკვლელობის მიზეზი?
- რა გაინტერესებთ, ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია თუ როგორც დირექტორის მრჩევლის? მე რატომ მიკავშირდებით?
- ორივე გვაინტერესებს, ბატონო კახა... მრჩეველი ხართ, ბოლოს და ბოლოს...
- ...რა თქმა უნდა, მაქვს ამაზე ჩემი პოზიცია, თუმცა ჩემს კომპეტენციაში არ შედის ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება.
რავიცი, რა უნდა გიპასუხოთ სხვა? არ ვიცი... ვინ მოგცათ ჩემი ნომერი?
- თქვენ ამ გათამაშებასთან დაკავშირებით რა რჩევა მიეცით დირექტორს?
- არა, ეს გათამაშება ჩემთან არ განხილულა. უფრო დაწვრილებით კი მეტს ვერაფერს გეტყვით. ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ჩემს კომპეტენციაში არ შედის.
კომპანიის მრჩევლის შემდეგ, ჩვენ მარკეტინგს დავუკავშირდით, რომელაც მოისმინა რა ჩვენი კითხვები, გვთხოვა რომ „მაილზე“ გადაგვეგზავნა და სწრაფადვე გვიპასუხებდა.
- „არგოს“ ე.წ. წამახალისებელმა გათამაშებამ საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ბევრმა თქვენი აქტივობა აზარტული თამაშებისადმი წახალისებად აღიქვა...
- რა რეაქცია გამოიწვია? მაჩვენეთ უარყოფითი კომენტარები და „მაილზე“ გადმომიგზავნეთ კითხვები.
ქალბატონ შორენას ჩვენ კითხვები მართლაც გადავუგზავნეთ „მაილზე“, თუმცა, დაპირების მიუხედავად, მისგან პასუხი ოპერატიულად ვერ მივიღეთ.
ამიტომ, ქალბატონ შორენას კიდევ ერთხელ დავუკავშირდით და მისი დაპირებაც შევახსენეთ.
„ასეთი მიწოლა ვის გაუგია, მე სხვა საქმეს ვაკეთებ და როცა მოვრჩები, მაშინ მოგწერთ“, - ასე გვიპასუხა კომპანიის მარკეტინგმა ჩვენს უწყინარ თხოვნაზე, გაცნობოდა „მაილზე“ გაგზავნილ კითხვებს და მოეწოდებინა კომპანიის ოფიციალური პოზიცია.
სამაგიეროდ, „მაილზე“ კითხვების გადაგზავნა არ დაგვჭირდა პარლამენტის წევრთან, იურისტ გედი ფოფხაძესთან, რომელმაც ლუდსახარშის დაწყებული ინიციატივა უარყოფითად შეაფასა და თან ისე რომ „ფიქრისათვის“ დროც არ მოუთხოვია.
- ბატონო გედევან, რამდენად აქვს კერძო ბიზნესს უფლება, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს სათამაშო ბიზნესთან, ხელი შეუწყოს საზოგადოების წევრებს აზარტულ თამაშებში ჩაერთონ?
- ასეთი სახის წამახალისებელი გათამაშება არასასურველია. ზოგადად, აკრძალული არ არის აზარტული თამაშების რეკლამირება, შესაბამისად ბანერები ყველგან არის განთავსებული.
ალბათ, პრინციპი - იურიდიულ პირებს ავუკრძალოთ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული გათამაშება, უნდა იყოს რეკლამის აკრძალვის პროპორციული, როგორც ეს თამბაქოს რეკლამირების აკრძალვის შემთხვევაში მოხდა.
არის ქვეყნები, სადაც კაზინოებისა და ტოტალიზატორების რეკლამა ქალაქის ცენტრებში აკრძალულია. ეს გათამაშება კი, არაპირდაპირი რეკლამაა.
რაც შეეხება მორალურ ნაწილს, ამაზე შეგნებულად არ მინდა საუბარი. ვფიქრობ, აზარტული თამაშების რეკლამა უნდა შეიზღუდოს. ამ შემთხვევაში, თქვენს მიერ განხილულ საკითხს ვეთანხმები.
აზარტული თამაშების ჩარჩოებში მოქცევა არ იქნება ურიგო და პერსპექტივაში შეიძლება ამაზე ვისაუბროთ კიდეც, რათა არ დაზარალდნენ მოქალაქეები.
- ფიქრობთ, რომ პარლამენტმა უნდა იმუშაოს ამ საკითხზე და აზარტულ თამაშებს შეეზღუდოს რეკლამის უფლება?
- პარლამენტში არის შესაბამისი სამუშაო ჯგუფი შექმნილი, გვაქვს კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ფინანსთა სამინისტროსთან. როცა უკვე საერთო პრინციპებზე შევთანხმდებით, მერე ალბათ რეკლამის შეზღუდვაც მოჰყვება ამ ყველაფერს.
თუმცა, ვიდრე პარლამენტი აზარტულ თამაშებს რეგულაციებს დაუწესებს და ქალბატონი შორენა თავის საქმეს დაასრულებს და კომპანიის ოფიციალურ პოზიციას გაგვაცნობს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ხდება აზარტული თამაშების მსხვერპლი.
არადა, კომპანიის ესა თუ ის პროდუქტი, უპირველეს ყოვლისა, ხარისხით უნდა ფასდებოდეს და არა მასში ჩადებული „ანკესით“, რომელსაც შესაძლოა, მომხმარებლის გარდა, ბევრი სხვა პრობლემაც ამოჰყვეს.
კომენტარი