ასე ქართველობას ვერ დაიბრუნებთ!
რამდენიმე დღის წინ, ვინმე ნაციონალისტების მიერ მოხდა აღმაშენებლის გამზირზე არც ისე მშვიდობიანი მსვლელობა, თურქული ბანერების ჩამოყრა, ადამიანების შევიწროვება და ამით „ქართველობის დაბრუნების“ მცდელობა…
რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურად, დაიმახსოვრეთ, რომ:
რუსი ტურისტების დაჭერით და „პუტინ ხუილოს“ ძახილის იძულებით
იანდექსის ტაქსის მძღოლის ცემით
თურქების, ჩინელების და არაბების ქვეყნიდან გაძევებით
ქალაქის დარბევით…
ა.შ.
შედეგად მხოლოდ იმას მიიღებთ, რომ საქართველო აღარ იქნება უსაფრთხო ქვეყანა და ნელნელა ტურისტებიც გაიკრიფებიან, ან რა შუაშია ეს უდანაშაულო ადამიანები და რატომ გვგონია, რომ მათზე ძალადობა გმირობაა? წადით და ასეთივე შემართებით საზღვრების გადმოწევა გააპროტესტეთ! თუნდაც მართლა იყოს ქვეყნებს შორის მტრობა, წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობებს აქვთ ცივი ომი და ამის გამო, ბაქოში დაგიჭირეს და გცემეს, სამართლიანად ჩათვლით?
თურქულ სკოლებს, რესტორნებს და სხვა ობიექტებზე რომ წიკვინებთ, გავუშვათ მაშინ ქვეყნიდან ფრანგული, ინგლისური, ამერიკული სკოლები და დაწესებულებებიც, იქნებ მათაც ჩვენი დაპყრობა უნდათ?!
და კიდევ, თურქეთში სამუშაოდ წასული დედების და ცოლების ფულით რომ მოგაქვთ კაცად თავი, იცით, რომ ეს ის იშვიათი ქვეყანაა, სადაც ქართველ ემიგრანტებს შედარებით ადამიანურად ექცევიან?
ან ის რატომ გავიწყდებათ, რომ როცა შენგენის ვიზას შორიდანაც კი არ დაგანახებენ, ამ დროს თურქეთში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ იაფად დასვენება, იმათაც ასე რომ გამოგყარონ თავისივე კურორტებიდან – რა რეაქცია გექნებათ?
თუმცა რა უნდა ვესაუბრო/შთავაგონო ადამიანებს, სადაც:
ერთი თვის წინ, საზიმოდ გახსნილი ქუჩების ლამაზი კედლები უკვე პულივიზატორით მიდღაბნილი „ნინო მიყვარხაააარ“-ებითაა სავსე;
ან სადაც ზებრაზე მშვიდობიანი გადასვლა შესაძლოა შენი „აკაპოტებით“ სიკვდილის მიზეზი გახდეს;
სადაც ადამიანებს ერთმანეთი პოლიტიკური, ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით სძულთ…
სადაც რუსი ტურისტიც კი ოკუპანტია და გვძულს, მაგრამ მეორე წამს ამავე ეროვნების ქალებს მუხლზე ჩაჩოქილები ვემუდარებით სხეულის ნებისმიერ ნაწილზე დორბლიანი პირი დაგვაკარებინოს!
სადაც გუშინ ნაცემი ცოლის სადღეგრძელოს სკამზე შემდგარები, მისივე ფეხსაცმლიდან ვსვამთ!
სადაც ყველა ტუალეტის კედელი სავსეა წარწერებით: ჩარეცხეთ! ან კიდევ, ქუჩის კედლები: ნაგავს ნუ დაყრით!
სადაც ბიჭისთვის საყურე, გოგონასთვის განქორწინებულობა და სხვა მრავალი – მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება…
სადაც თავს ესხმიან აფროამერიკელს, ვინ იცის რა მიზეზით (ა.წ. თებერვალი)
სადაც არბევენ ვეგანურ კაფეს!
და სადაც რომის პაპის ვიზიტს ვაპროტესტებთ, როგორც ქართული სარწმუნოებისთვის დამანგრეველ მოვლენას!..
არ შეიძლება ასე, დავასრულოთ ეს მარაზმი ერთხელ და სამუდამოდ!
p.s. თუ რამე სიჩქარეში და ემოციის ფონზე – ცუდად/უხეშად გამომივიდა – მომიტევეთ.
კომენტარი