სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომე ზურაბიშვილი: მთაწმინდა ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია, საიდანაც მინდოდა თბილისელ ამომრჩეველთან შეხვედრები დამეწყო

პრეზიდენტი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის გარანტორია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში მთაწმინდის ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.


მისი თქმით, რეგიონებში მხარდამჭერებთან შეხვედრები გუშინ დაასრულა და თბილისში მოქალაქეებთან შეხვედრა მთაწმინდის რაიონიდან დაიწყო, რომლის მოსახლეობამაც სალომე ზურაბიშვილი ორი წლის წინ დეპუტატად აირჩია. „გუშინ საღამოს დავასრულე 63 რეგიონული ცენტრის მოვლა, სადაც ყველგან გამოვედი სიტყვით, ჩემი ხედვებით და ეს იყო არაჩვეულებრივი მოგზაურობა საქართველოში. ბუნებრივია, ეს შეხვედრები სრულდება თბილისში. თბილისის 10 რაიონიდან შეხვედრებს ვიწყებ აქ, სადაც მართლაც ჩემს სახლში ვარ. სანამ აქედან წავიდოდნენ ჩემი წინაპრები, მთაწმინდაზე ცხოვრობდნენ, სადაც თქვენ ორი წლის წინ ამირჩიეთ დეპუტატად. ამდენად, მთაწმინდა ჩემთვის რჩება იმ განსაკუთრებულ ადგილად, საიდანაც მინდოდა თბილისელ ამომრჩეველთან შეხვედრები დამეწყო. აქ ყოველთვის ვიქნები არა მხოლოდ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ, ასევე მთაწმინდის პრეზიდენტი, რადგან მთაწმინდა არის სიმბოლური, გული და ცენტრი არამხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოსი. ეს არის ისტორიული უბანი, სადაც იწყება ჩვენი ისტორია. აქ ახლოს გამოცხადდა დამოუკიდებლობა, რომელიც დღემდე არის ის, რაც ყველაზე უფრო გვაერთიანებს. რაც ჩემთვის ყველაზე ღირებულია და როგორც პრეზიდენტი მე ამ დამოუკიდებლობას დავიცავ. ეს მევალება კონსტიტუციით, მაგრამ რომც არ მევალებოდეს, ეს არის ჩემი შინაგანი ვალი იმ ხალხის მიმართ, ვინც აქამდე მოიტანა ქვეყნის დამოუკიდებლობა და პრეზიდენტი, პირველ რიგში, არის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის გარანტორი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100