სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იაროსლავ კაჩინსკიმ ძმის სიკვდილში რუსეთი ღიად დაადანაშაულა

პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ გუშინ ვარშავაში განაცხადა, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა ეკისრება 2010 წლის აპრილში სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაზე, რომლის დროსაც პოლონეთის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი და მისი თანმხლები პირები (სულ 96 ადამიანი) დაიღუპნენ.

იაროსლავ კაჩინსკის პარტიამ, რომელიც რუსეთის მიმართ უნდობლობით გამოირჩევა, ავიაკატასტროფის საკუთარი ანგარიში წარმოადგინა. წინა ანგარიში რუსული მხარის მიერ იყო მომზადებული და იგი მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას პოლონურ მხარეს აკისრებდა, თუმცა, პოლონური მხარე თავიდანვე საუბრობდა, რომ კატასტროფის მიზეზი რუსი ავიადისპეტჩერების მიერ არასწორი კოორდინატების მიწოდება გახდა.

„ამინდის გათვალისწინებით, რუსებს აეროპორტი უნდა დაეხურათ, რადგან პილოტი ნაღდ სიკვდილზე მიდიოდა,“ - განაცხადა ანტონ მაჩარევიჩმა, რომელიც მომზადებული დასკვნის ავტორია.

„მკაცრი საუბარი ავიადისპეჩერებსა და მათ სამეთაურო პუნქტს შორის სწორედ ამაზე მიანიშნებს. ავიადისპეტჩერები მთავარ პუნქტს, ლამის ეხვეწებიან, რომ სათადარიგო აეროპორტი გამოყოს, მაგრამ სამეთაურო პუნქტი მათ უარს ეუბნება და აძლევს თვითმფრინავის მიღების ბრძანებას“, - ამბობს დასკვნის ავტორი.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ რუსულმა მხარემ ვერ შეძლო ამინდის სრულყოფილი პროგნოზის მიწოდება, ასევე, უკანონოდ მოაცილა აეროპორტს სპეცსამსახურის ის თანამშრომლები, რომლებსაც კაჩინსკის დაცვა ევალებოდათ. პოლონელები რუსებს საკვანძო დოკუმენტაციის გადამალვაშიც ადანაშაულებენ.

იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, ანგარიშის მთავარი დასკვნა ის არის, რომ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა რუსულ, ხოლო ტრაგედიის შემდგომ, რამდენიმე დეტალსა და პროცედურაზე - პოლონურ მხარეებს ენიჭებათ.

ორიგინალი პოლონურ ენაზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100