როდემდე გასტანს უამინდობა საქართველოში?
უკვე რამდენიმე საათია თბილისში გადაუღებლად თოვს.
მერიის შესაბამისი სამსახურები ტექნიკურ მარილს ყრიან. ამ დროისათვის შეუფერხებლად მუშაობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც.
დილიდან თოვს შიდა ქართლის რეგიონშიც. ჯერჯერობით თოვას საავტომობილო გზებზე პრობლემები არ შეუქმნია. მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა ტექნიკური მარილი.
გადაადგილებაზე პრობლემები არ არის რიკოთის უღელტეხილზე. საავტომობილო მაგისტრალებზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს და შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები.
ინტენსიური თოვის, ზვავსაშიშროებისა და ქარბუქის გამო უკვე მეოთხე დღეა გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა მსუბუქი ავტომობილებისთვის, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისთვის აკრძალულია.
ამ დროის მონაცემებით, გადაადგილება შეუძლებელია სტეფანწმინდიდან ლარსამდეც. თოვლის საფარმა კი უკვე ერთ მეტრს მიაღწია.
სინოპტიკოსების განცხადებით, თოვა საქართველოში 11 იანვრამდე გაგრძელდება. ითოვებს თბილისშიც. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქიც არის მოსალოდნელი. კობი-გუდაურის მონაკვეთზე კი ზვავსაშიშროება შენარჩუნდება.
კომენტარი