ის იყო მოწამლული სხვადასხვა მეტალებით, მათ შორისაა ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ბარიუმი, რამაც მიგვიყვანა დემენციამდე - დევიდ სმიტი სააკაშვილზე
ჩემი აზრით ის იყო მოწამლული სხვადასხვა მეტალებით. მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი - განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნაზე საუბრისას.
სმიტის გამოკითხვა ამ წუთებში, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამერიკელი ექსპერტი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მოითხოვს დაუყოვნებლივ დეტოქსიკაციას და დეტალურად აღწერს რა დაზიანებებს აყენებს ორგანიზმს მძიმე მეტალები.
მისივე თქმით, დემენციაც სწორედ ამ ტიპის მეტალების სხეულში მოხვდერითაა გამოწვეული:
"მე განვიხილე სამედიცინო ჩანაწერების დიდი რაოდენობა, ლაბორატორიული ტესტების შედეგები, თმის, ფრჩხილებისა და სისხლის ნიმუშები, ასევე გაფართოებული სამედიცინო ჩანაწერები და ასევე 170 გვერდიანი დასკვნა.
"ჩემი აზრით ის იყო მოწამლული სხვადასხვა მეტალებით. მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი. რომლებიც იწვევს საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს. ამ ტიპის მძიმე მეტალები გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიყოფა სხეულიდან და ამ პროცესში ისინი წამლავენ სხეულში სხვადასხვა ორგანოებს. ამის შედეგად მან განიცადა ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება. განსაკუთრებული ადგილი, რომელიც დაზიანდა თავის ტვინში იყო თეთრი ნივთიერება, ანუ თავის ტვინის აღმასრულებელი რგოლი, რომელმაც მიგვიყვანა სერიოზულ და პროგრესირებად დემენციამდე. მას აქვს პერიფერიული ნეიროპათია, რაც წარმოადგენს ნერვების დაზიანებას თავის ტვინის გარეთ და ადგილ აქვს კუნთების განლევას. მას გააჩნია ასევე დაზიანებები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, რაც იწვევს გასტრიტს, რაც იწვევს მუდმივ დიარეას და შესაბამისად კახექსიას და წონის მკვეთრ კლებას. მას გააჩნია დაზიანებები ღვიძლში, და სხვა სასიცოცხლო ორგანოებში ისეთებში როგორიცაა გული და თირკმელი. მძიმე მეტალებით მოწამვლა აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს ადამიანის სხეულში და შესაბამისად, მისი სამედიცინო მდგომარეობა არის სერიოზული." განაცხადა სმიტმა.
კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა მძიმე მეტალები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მოხვედრილიყო, ის ამბობს რომ არა, რადგან არც ერთი სამედიცინო მეთოდი არ ითვალისწინებს მძიმე ტოქსიური მედიკამენტებით მკურნალობას:
"არა, იმიტომ, რომ ისინი არ შეიძლება იყოს ნაწილი რომელიმე სამედიცინო მკურნალობის მეთოდის, რამდენადაც ისინი ძალიან ტოქსიურია.
ისინი სამედიცინო მკურნალობისთვის არ გამოიყენება, ეს მეტალები ამძიმებენ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე აქ შემოდის მიზეზობრივი კავშირი, მათ კავშირი აქვთ, ამ მეტალებს, პაციენტის დაავადებასთან." ამბობს დევიდ სმიტი
ადვოკატის კითხვაზე, დემენცია ამის შედეგია? ის პასუხობს - "დიახ".
"მას არ მიუღია შესაბამისი მკურნალობა მძიმე მეტალებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე გულისხმობს სპეციფიურ თერაპიას, ეს ეხება მძიმე მეტალების გამოტანის მექანიზმს" ამბობს დევიდ სმიტი.
სმიტი ადასტურებს, რომ საჭირო სამედიცინო ჩარევის გარეშე არსებობს სიკვდილის, ან ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანების, კერძოდ, ინვალიდიზაციის საფრთხე.
"მას სჭირდება ისეთ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა, სადაც შესაძლებელი იქნება მძიმე მეტალებთან და წამლებთან დაკავშირებული დეზინტოქსიკაცია.
გამომდინარე იქიდან,რომ საქართველოში არ არის ისეთი დაწესებულება, სადაც შესაძლებელია სპეციალიზებული მკურნალობა მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციის დროს, დეტოქსიკაციასთან დაკავშირებით, შესაბამისად ის გადაყვანილ უნდა იყოს ამ კვალიფიკაციის დაწესებულებაში და აშშ-ში ჩვენ გაგვაჩნია ამ კვალიფიკაციის დაწესებულება." - ამბობს სმიტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საკუთარ პროცესს ვერ ესწრება მიხეილ სააკაშვილი. მოსამართლე გიორგი არევაძე სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შუამდგომლობას განიხილავს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სამედიცინო ექსპერტების დაკითხვა. წინა სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთი უცხოელი ექსპერტი ერიკ დევიდ გოლდსმიტი გამოიკითხა, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ მესამე პრეზიდენტს პროგრესირებადი დემენცია აქვს.
კომენტარი