"უნდა გამისწოროო, ჩემთან უნდა გქონდეს სექსიო, იარაღს იყენებდა სისტემატიურად, მირტყამდა“ - რას ყვება ბიჭი, რომელიც პოლიციელმა გააუპატიურა
ძალადობის მსხვერპლი გიორგი პასკონოვი აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომელმა აირი დარსალიამ, რომელიც მისი ძმის საქმეს იძიებდა, მასზე სექსუალურად იძალადა.
პასკონოვი „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ ყვება, რომ მას პოლიციელი დაუკავშირდა და თხოვა ნომერი, რათა დაკავშირებოდა და მისი ძმის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინა. პასკონოვის ძმას მასზე ძალადობა ედებოდა ბრალად.
დარსალიამ ბიჭი პოლიციის შენობაში დაიბარა. თუმცა, როცა ის განყოფილებაში მიდიოდა, მოძალადე დაუკავშირდა და სამარშუტო ტაქსიდან დაუსახლებელ ადგილას ჩამოსვლა თხოვა, რათა თავად წაეყვანა პოლიციაში. სამარშუტო ტაქსიდან ჩამოსვლის შემდეგ, როგორც დაზარალებული იხსენებს, პოლიციელმა იარაღის დემონსტრირებით და მუქარით ტყეში წაიყვანა და გააუპატიურა.
„თავის კონტროლი ძალიან უჭირდა, იყო ნასვამ მდგომარეობაში და მითხრა, რომ შენ მე ახლა უნდა გამისწორო და ჩემთან უნდა გქონდეს სექსი. ამან ძალიან შემაშინა. იარაღს იყენებდა სისტემატიურად, მირტყამდა“, - ყვება გიორგი პასკონოვი.
გიორგის ტრაგიკული ისტორია ამით არ დასრულებულა. გაუპატიურების შემდეგ ბიჭი პოლიციაში მივიდა და როგორც თავად ამბობს, სამართალდამცავებმა სამხილების განადგურება დაიწყეს. პროტესტის ნიშნად სასოწარკვეთილმა ბიჭმა პროკურატურის ეზოში თვითმკვლელობაც სცადა.
საქმეში სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვის შემდეგ პოლიცია იძულებული გახდა მოძალადე დაეპატიმრებინათ. პოლიციელმა დაკავების შემდეგ ძალადობა აღიარა და საპროტესტო შეთანხმებას ითხოვდა, მოძალადეს 6 წელი მიუსაჯეს.
გიორგი პასკონოვის თქმით, მოძალადეს ბევრად მეტი ეკუთვნოდა და მას მხოლოდ 6 წელი მიუსაჯეს, რადგან მას მთავრობაში მფარველობენ.
კომენტარი