რა არის "ბინძური ბომბი" და რამდენად მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის აფეთქებას? - "ბირთვული ესკალაციის რუსეთს ისე ეშინია, როგორც ცდილობს სხვების შეშინებას"
რუსეთის მიერ წაყენებული ბრალდება, რომ უკრაინულ ძალებს ე.წ. ბინძური ბომბის გააქტიურება აქვთ დაგეგმილი, უკრაინამ უარყო. ოფიციალური კიევის განცხადებით, "ბინძური ბომბის" აფეთქება შესაძლოა თვითონ რუსეთს აქვს დაგეგმილი და სურს, შემდეგ ეს მათ გადააბრალოს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ 23 ოქტომბერს, ტელეფონით ესაუბრა ნატოს წევრი სამი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შოიგუმ სამივე კოლეგასთან გამოხატა შეშფოთება უკრაინის მიერ ე.წ. ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. "რუსული ტყუილი, რომ თითქოს უკრაინა გეგმავს "ბინძური ბომბის" გამოყენებას, რამდენადაც აბსურდულია, იმდენადვეა საშიში. ჯერ ერთი, უკრაინა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მონაწილეა, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს "ბინძური ბომბები" და არც მის გამოყენებას ვაპირებთ. მეორეც, რუსები ხშირად ადანაშაულებენ სხვას იმაში, რის გაკეთებასაც თვითონ აპირებენ", - რუსეთის ბრალდებას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გამოეხმაურა "ტვიტერზე“. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მსგავსი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია. “ ბინძური ბომბის“ საფრთხეები "ბინძური ბომბი“ არის მოწყობილობა, რომელიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს იყენებს რადიოაქტიური ნარჩენების გასაფანტად. "ბინძური ბომბის" დასხივებით მომენტალური ლეტალური შედეგი არ ხდება, თუმცა რიგ შემთხვევაში ხდება ადამიანთა დასნებოვნება, შესაბამისად, მისი უპირველესი დანიშნულებაა ხალხის შეშინება და ლოკალიზებულ ზონაში შენობებისა და გარკვეული ტერიტორიის დაბინძურება. აშშ-ის ბირთვული მარეგულირებელი კომისია ამბობს, რომ "ბინძური ბომბების" უმეტესობა ადამიანების მოსაკლავად ან მძიმე ავადმყოფობების გამოსაწვევად საკმარის რადიაციას არ გამოყოფს, მაგრამ შესაძლოა დააბინძუროს მიმდებარე შენობები და ხალხში პანიკა გამოიწვიოს. NRC-ის თანახმად, ბირთვული ბომბის აფეთქებების სიძლიერე მილიონჯერ აღემატება "ბინძური ბომბისას". შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, კვირას გავრცელებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი უკრაინას და განაცხადეს, რომ მათმა თავდაცვის მინისტრებმა შოიგუს ნათლად განუცხადეს თავიანთი პოზიცია და უარყვეს "რუსეთის გამჭვირვალედ ცრუ ბრალდებები“. ნებისმიერი ბირთვული ესკალაციის რუსეთს ძალიან ეშინია - ისე ეშინია, როგორც ცდილობს სხვების შეშინებას, - ამის შესახებ პოლკოვნიკმა და სამხედრო ანალიტიკოსმა, ლაშა ბერიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა. ამასთანავე, ლაშა ბერიძემ დეტალურად განმარტა, თუ რას ნიშნავს ე.წ. ბინძური ბომბი. "ბინძური ბომბი“ არის ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან შემდგარი ბომბი, რომელიც გაძლიერებულია რადიოაქტიური საშუალებებით. ამას აფეთქების ეფექტი ექნება ისეთივე, როგორც აქვს ტროტილს ან ჰექსოგენს, მაგრამ მისი აფეთქების შედეგად დარჩება რადიოაქტიური დასნებოვნება, რაც გამოიწვევს მოსახლეობის გრძელვადიან დაზიანებას. სტანდარტულ ბირთვულ ბომბს აქვს 5 დამაზიანებელი ფაქტორი - ეს არის ელექტრომაგნიტური იმპულსი, დარტყმითი ტალღა, გამოსხივება, შუქური გამოსხივება და რადიოაქტიური გამოსხივება. "ბინძურ ბომბს“ ასეთი ეფექტები არ აქვს, თუმცა ყველაზე ცუდი ეფექტი აქვს, რაც არის ეს რადიოაქტიური დასნებოვნებაა. რაც რუსეთმა ბირთვული შანტაჟის შედეგად მიიღო, ეს არის ის, რომ თუ ისინი რამენაირად გაეთამაშებოდნენ ბირთვულ იარაღს, მიიღებდნენ საკადრის პასუხს და აშკარად ჩანს, რომ რუსეთს ამის ძალიან ეშინია. ახლა შანტაჟის შემდეგი ეტაპი არის "ბინძური ბომბი“. რუსეთი ცდილობს ყველანაირად გამოიყენოს ზეწოლა, რომ ყურადღება გადაიტანოს ძირითადი საკითხიდან, რაც არის მისი მარცხი ბრძოლის ველზე. რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ დასავლეთის, უკრაინის და ყველას ყურადღება გადაიტანოს და მის არსენალში არსებული შეიარაღება მაქსიმალურად გამოიყენოს. რუსეთს სრულად აქვს დაკარგული ნდობა ყველას თვალში, ამიტომ დასავლეთში "ბინძური ბომბის“ ისტორიას არავინ დაიჯერებს. ნებისმიერი ასეთი ბომბის ამოქმედება იქნება აღქმული, როგორც რუსეთის მიერ მისი გამოყენება. ნებისმიერი ბირთვული ესკალაციის რუსეთს ძალიან ეშინია - ისე ეშინია, როგორც ცდილობს სხვების შეშინებას“, - განაცხადა ლაშა ბერიძემ.
კომენტარი