ელიზბარ ჯაველიძე „რეგნუმს“: ახალი საავადმყოფოების გახსნით სააკაშვილი ომისთვის ემზადება
მიხეილ სააკაშვილი მთელი ქვეყნის მასშტაბით დადის და აეროპორტებთან ერთად ოცადგილიან სამხედრო ჰოსპიტალებს ხსნის, რითაც სპარსეთის ყურეში მოსალოდნელი ომისთვის ემზადება, - ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმს“ პუბლიცისტმა ელიზბარ ჯაველიძემ განიცხადა.
„ეს ოცადგილიანი საავადმყოფოები ამერიკული პროექტია. სპარსეთის ყურეში ამერიკასა და ირანს შორის დიდი ომი იწყება და 5 მილიარდი დოლარია გამოყოფილი ასეთი ოცადგილიანი საავადმყოფოების აშენებისთვის - ძირითადად, ისინი ამერიკული ფულით შენდება“, - მოჰყავს „რეგნუმს“ ელიზბარ ჯაველიძის სიტყვები.
„სწორედ ამიტომ აშენებენ დაჩქარებული ტემპებით აეროპორტებს, სწორედ ამიტომ დაიწყო საუბარი ყულევში წყალქვეშა ნავების პორტის მშენებლობაზე საუბარი და საერთოდ, ამიტომაც მოიგონეს ლაზიკა - ეს ყველაფერი ამერიკა-ირანის მოსალოდნელ ომსა და საქართველოში ამერიკელების ბაზების განთავსებას უკავშირდება. ლაზიკა ამერიკული სამხედრო ქალაქი გახდება, მარნეულში კი უკვე აშენდა საიდუმლო აეროდრომი. და თუკი ირანსა და აშშ-ის შორის სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში თეირანი ამერიკული ბაზების მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს, ვინ დაიცავს ჩემს ქვეყანას?“, - ეკითხება „რეგნუმს“ ელიზბარ ჯაველიძე, მერე კი სენსაციურ განცხადებას აკეთებს:
„სააკაშვილი იქამდე მიიყვანს საქმეს, რომ რუსეთი საქართველოს ჩამოაშორებს ყულევსა და ანაკლიას და საფრთხის ქვეშ დადგება მთელი სამეგრელოს რეგიონის ჩამოჭრა დანარჩენი საქართველოდან...“
კომენტარი