სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით სარაჯიშვილი – ჩუმი ქველმოქმედი, რომელსაც „ერის მამობის“ პრეტენზია არ ჰქონდა

იმ დროს, როცა დავით სარაჯიშვილი მეცენატობდა, არ იყო Forbes-ის რეიტინგი, თორემ იქნებ სწორედ ის ყოფილიყო პირველი ქართველი, ვინც საპატიო ადგილს დაიმკვიდრებდა პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შორის. საქართველოში დავით სარაჯიშვილი მეცენატობის სიმბოლოდაა ქცეული, ხოლო მისი ცხოვრება ქველმოქმედების უბადლო ნიმუში გახლდათ. ამასთან, უდიდესი სიმდიდრის ფლობის მიუხედავად, დავით სარაჯიშვილი სიკვდილამდე თავმდაბალ ადამიანად დარჩა, რომლის სახლში ნებისმიერ დროს თანაბრად მიესვლებოდა გლეხსაც და ინტელიგენტსაც – დავით სარაჯიშვილს არასდროს გასჩენია „ერის მამობის“ პრეტენზია და არც არასდროს უფიქრია ამა თუ იმ ფორმით პოლიტიკაში ჩართვაზე – აკეთებდა საქმეს, რაც კარგად იცოდა და მეგობრობდა, ხელს უწყობდა და ეხმარებოდა მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა...

„1866წ. დავითი პეტერბურგში გაემგზავრა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ერთი წლის შემდეგ ის უკვე გერმანიაში ჯერ მიუნხენის, მერე ჰაიდელბერგის უნივერსიტერში აგრძელებს სწავლას, რომელსაც 1871 წელს ამთავრებს ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით.

საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში დავითი საზოგადოებრივ მოღვაწეობაში ჩაება და უცხოეთში საწავლებლად მყოფ ახალგაზრდათა (ივანე მაჩაბელი, ნიკო ნიკოლაძე, ვასილ პეტრიაშვილი, გიორგი წერეთელი.....) მიერ დაარსებულ საზოგადოება “უღელის" აქტიური წევრი გახდა. საზოგადოება მიზნად ისახავდა ევროპული საზოგადოებრივი აზრის, ლიტერატურის შესწავლას და პოპულარიზაციას საქართველოში. მათი ოცნება იყო სამშობლოს განთავისუფლება - ეროვნული დამოუკიდებლობა.

დავითს კარგად ესმოდა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი იყო სამამულო მრეწველობის შექმნა. ამიტომ საქართველოს ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, დავითი სოფლის მეურნეობით დაინტერესდა. ქ. ჰოპენჰაიმსა და ქ. ჰალეში განაგრძო სწავლა, 1878 წელს კი საფრანგეთში გადავიდა მევენახეობა-მეღვინეობის საფუძვლიანი შესწავლის მიზნით. სწორედ საფრანგეთში შეისწავლა მან არყის, ლიქიორისა და კონიაკის წარმოების ტექნოლოგია.

“დავითი კაპიტალისტი იყო არა მარტო იმიტომ, რომ კაპიტალის შეძენა უყვარდა, არამედ - იდეისთვის. დ. სარაჯიშვილი გატაცებული იყო არა სიმდიდრის მოპოვების სურვილით, არამედ თავისი საქმიანობის იდეით." (დ. გურამიშვილი "სახალხო გაზეთი", 1911).

სწორედ საქართველოში მრეწველობის შექმნის იდეა დაედო საფუძვლად სამშობლოში დაბრუნებული დავითის მიერ სპირტიანი სასმელების წარმოების წამოწყებას. ქართული და მეზობელი ქვეყნის ყურძნის ჯიშების საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად დავითი დარწმუნდა, რომ ქართული ჯიშის ყურძენთა ნაწილი ქიმიური შემადგენლობითა და თვისებებით საკმაოდ ემსგავსება ფრანგულ საკონიაკე მასალად მიჩნეულ ყურძნის ჯიშებს. წარმოების ყველა ეტაპი: სპირტის გამოხდა ფრანგული წესით, სპირტის დენატურაცია, დაძველება მუხის კასრებში დავითის მკაცრი მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. დაუღალავმა შრომამ წარმოუდგენელი შედეგი გამოიღო. XIXს.-ის 90-იან წლებში სარაჯიშვილის ფირმა 50-მდე, ხოლო XX ს. დამდეგს 60-მდე დასახელების ალკოჰოლიან სამელს ამზადებდა: არაყი, კონიაკი, რომი, შამპანი, ფარნშამპანი, გრანდ შამპანი, ბენედიქტინი, შასტრეზი, სხვადასხვა ნაყოფის ნაყენები, ლიქიორები და ა.შ. სარაჯიშვილის ფირმამ მონოპოლური მდგომარეობა მოიპოვა სპირტ-კონიაკის წარმოებაში რუსეთის იმპერიის ბაზარზე. ფირმის პროდუქცია დიდი მოწონებით სარგებლობდა და შესაბამისად საღდებოდა ევროპისა და აზიის ბაზრებზეც: ბერლინი, ვენა, ჟენევა, ლონდონი, თავრიზი, კონსტანტინეპოლი. სარაჯიშვილისეულმა პროდუქციამ 1989-1913 წლებში საერთაშორისო გამოფენებზე 14 მედალი (აქედან 10 ოქროსი) მოიპოვა.

დ. სარაჯიშვილის საკუთრებაში იყო არყისა და კონიაკის ქარხნები ერევანში, ყიზლარში, ბაქოში, ვლადიკავკაზში, ბესარაბიაში, ბარგუშეთში, გოგჩაში, სლიზავეტოპოლში, ასევე კონიაკისა და ღვინის საწყობები : ოდესაში, მოსკოვში, პეტერბურგში, ვარშავაში, ბაქოში, ფიოდორიში, ჩალოუში, კიევში, ვილნიუსში, რიგაში, ხარკოვში, როსტოვში, სამარაში, კაზანში და ა.შ.

დავით სარაჯიშვილი სამშობლოში1880 წელს, მამისეულ სახლში დაბრუნდა (სერგეევის 13, ამჟამად ი.მაჩაბლის ქუჩა) დაბრუნებისთანავე დასახლდა იქ, სადაც დაიბადა. 1880 წელს მან შეიძინა სასახლის ქუჩაზე ძველი ბინის ნაწილი, დაანგრია და მის ადგილზე ახალი, სამსართულიანი სახლი ააშენა. “როდესაც დავითმა დაანგრია მამისეული სახლი სერგეევის ქუჩაზე, პირველი სართულის ქვეშ სარდაფები იყო და მახსოვს, მუშებმა 22 ბოთლი კარგად დაცობილი ძველი ღვინო იპოვეს. ახალი ბინის საძირკველის ჩაყრისას კი დავით ზაქარიას ძემ მუჭა ოქრო ჩაყარა, მაგარი საძირკველი ექნებაო, (ასეთი იყო მაშინ რწმენა, ადათი), ჩვენ დროებით გადავედით საცხოვრებლად ფრეილინის ქუჩაზე”. (ა. მამაცაშვილის მოგონებიდან). ერთხანს ამ სახლში “ქართველთა წერა-კითხვის გამავრეცელებელმა საზოგადოებამ”’ დაიდო ბინა. მცირე ხნით აქ აკაკი წერეთელიც ცხოვრობდა, ივანე მაჩაბელიც და არტურ ლაისტიც… 1907 წელს ავადმყოფი აკაკი წერეთელი ამ სახლში იწვა მასპინძელი ოჯახის მზრუნველობით. სახლს ულამაზესი ეზო ჰქონდა, ბაღი. მოლსა და ხეებს შორის საგანგებოდ დაკვალული ბილიკებით და მოუსვენარი, პლასტიური ფორმის აუზით, რომლის ცენტრშიც “პუტის” მცირე ქანდაკება იყო აღმართული.

არქიტექტორად მოიწვია კარლ ცაარი, მასთან ერთად მუშაობდნენ თბილისელი არქიტექტორები - ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშჩევი. სახლის მშენებლობა 1905 წელს დასრულდა და 3 მაისს დიდი ზეიმით აკურთხეს. პირველ სართულზე თავად დავითი ცხოვრობდა, აქ იყო მისი მისაღები, კაბინეტი, საზეიმო დარბაზი. დავით სარაჯიშვილის ულამაზესი პატარა სასახლე, იშვიათი ხის ჯიშებით დამშვენებული ბაღით, შადრევნებით, არწივისა და თუთიყუშისთვის საგანგებო გალიებით და პარა კლდით, რომელზეც ამაყად იყო გადმომდგარი მისი საფირმო ემბლემაზე გამოსახული შავრქიანი ჯიხვის ქანდაკება. თვით სასახლის დარბაზები კი იშვიათი ბუხრებით, ბრინჯაოს ქანდაკებებით ფერწერული ტილოებით, სარკეებით, ავეჯით და სხვა ძვირფასი ნივთებით დამშვენებული.

სასახლის გახსნა დავით სარაჯიშვილმა ქორწილის იუბილეს, “ვერცხლის ქორწილს” დაამთხვია. სადაც თავი მოიყარეს იმდროინდელმა საზოგადო მოღვაწეებმა... უამრავი სტუმარი - ვალერიან გუნია, დავით ფორაქიშვილი, აკაკი წერეთელი, გიგო გაბაშვილი, დათა ჩოლოყაშვილი, დავით ერისთავი, საშიკო ორბელიანი, ელისაბედ თარხნიშვლი… ამ სახლში დავით სარაჯიშვილი ხშირად მართავდა მუსიკალურ საღამოებს და მომღერლებს, მწერლებს მხატვრებს იწვევდა. აქ უკრავდნენ და მღეოდნენ. პირველად ამ სახლში მოეწყო ქართველი ფერმწერის, გიგო გაბაშვილის გამოფენა.

"ის იყო პირველი ქართველი მრეწველი ევროპული ტიპის. შეაერთეთ ქართული გულკეთილობა და პურმარილი ევროპულ საქმიანობასთან და მიიღებთ დავით სარაჯიშვილს. ამ პიროვნებაში სამაგალითოდ იყო შეზავებული საქებარი ქართველობა და საქებარი ევროპელობა. ჩვენი გაევროპელება სწორედ ამ გზით უნდა მოხდეს - როცა თითოეული ჩვენთაგანი ისწავლის ევროპულ საქმიანობას და თან თავის ნაციონალურ ხასიათს არ დაჰკარგავს." (ნ. ჟორდანია) სარაჯიშვილის საგვარეულო მამულიდან გლეხ ტიმოთე კოტორაშვილს 6-7 ურმიანი ქარავნით ყურძენი ჩამოქონდა დასაწურავად და საკონიაკე სპირტის გამოსახდელად ოლღას (დღეს მ.კოსტავას) ქუჩაზე მდებარე სარექტიფიკაციო ქარხანაში, ასე რომ დიღმურ ყურძენს დიდი წვლილი მიუძღოდა ქართული კონიაკის დამკვიდრებაში. დაიწყო საკონიაკე სპირტის გამოხდა ფრანგული ტექნოლოგიით, მათი დაძველება მუხის კასრებში. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ კარდად ფლობდა კონიაკის წარმოების ტექნოლოგიას, მოიწვია ფრანგი სპეციალისტი ანტონ ჟურდი. 1884 წელს პირველ სექტემბერს თბილისში ოლღას ქუჩაზე სპირტის ქარხანა გაიხსნა, რითაც დაიწყო სარაჯიშვილმა სამრეწველო მოღვაწეობა. რამდენიმე რეკონსტრუქციის (1886-1892) ქარხანა დაკომპლექტდა ახალი ტექნოლოგიური აღჭურვილობით და თბილისის პირველი სარექტიფიკაციო ქარხანა გახდა.

დ. სარაჯიშვილმა პირველმა შემოიღო თავის საწარმოებში 8 საათიანი სამუშაო დღე, 9 სათიანი სამუშაოს მოთხოვნის საპასუხოდ. დააწესა ხელფასის შენარჩუნებით შვებულება, ქარხნის მუშებისთვის გახსნა სასადილო, სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკა და რაც მთავარია, არც ანდერძში დაივიწყა - ქარხნებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი მუშების კეთილდღეობისთვის იქნა გაღებული.

"არც ერთი საქვეყნო საქმე არ დაწყებულა 30 წლის განმავლობაში ისე, რომ დავით ზაქარიას ძეს თავისი წვლილი არ შეეტანოს, მატერიალური დახმარება არ გაეწიოს, გაზეთ-ჟურნალის, წიგნის გამოცემა, სცენის მოყვარულთა, მომღერალთა, მემუსიკეთა და მეცნიერთა გამოზრდა. ეკლესიისა და სკოლის გამშვენიერება, ღარიბ-უძლურთა გაკითხვა, უცხოელ და შინაურ მოღვაწეთა გამანსპინძლება და მათი ერთმანეთთან დაახლოება" (ალ. ხახანაშვილი)

საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობასა თუ რესტავრაციაზე. დავითის ინიციატივით და დიდი წილი მისივე სახსრებით აშენდა თბილისში ქაშვეთის ტაძარი, რესტავრაცია ჩაუტარდა სვეტიცხოველს, მცხეთის დედათა მონასტერს, იკორთის, მარტყოფის, თბილისის სამების, მთაწმინდის, კალოუბნის და მრავალ სხვა ეკლესიას.

ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში დავითს გვერდში ერთგული მეუღლე - ეკატერინე ფორაქიშვილი ედგა. სამწუხაროდ, სიკეთით სავსე წყვილს შვილი არ ჰყავდა. "რას მიქვია უშვილობა, განა ყველა ბავშვი, მომავლის იმედად აღზრდილი, ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწვრთნილი, ჩემი შვილი არ არის?!" (დ. სარაჯიშვილი).

დ. სარაჯიშვილმა ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით დააარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა. დავითი მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიებს უნიშნავდა. დავითის სტიპენდიანტებს შორის ბევრი შემდგომში ცნობილი მოღვაწეა. კომპოზიტორები: ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი; მომღერლები: ვალერიან ქაშაკაშვილი, ვანო სარაჯიშვილი; მხატვრები: გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, გრიგოლ მესხი; მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე; მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები: სოლომონ ჩოლოყაშვილი, მოსე შალამბერიძე, სილოვან კაკაბაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, არჩილ ქართველიშვილი, ნინო ციციშვილი, კათალიკოსი კალისტრატე ცინცაძე. დავითი ფულად დახმარებას უწევდა ასევე უცხოეთში მყოფთ: აკაკი შანიძეს, ვახტანგ კოტეტიშვილს, გერონტი ქიქოძეს, თედო სახოკიას, ნოე ჟორდანიას და მრავალ სხვას, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. "გავლიან დღენი, თვენი, საუკუნენი და დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ხსენებას ვერავინ ამოშლის, ვერავინ ამოფხიკავს... შთამომავლობას გადაეცემა მისი ხსოვნა. ვინაიდან მისგან დაზრდილსა და განათლებულის ქართველთა შვილებით და შვილიშვილებით იქნება საქართველო სავსე" (ზაქარია ჭიჭინაძე).

დავითი 1911 წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მისმა ანდერძმა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა საზოგადოება. ანდერძის თანახმად, მრავალმილიონიანი ქონების უდიდესი ნაწილი ქართველი ერის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. "თავისი ანდერძით სიკვდილი დათრგუნა და ბრწყინვალე შარავანდედი შეიმოსა" (ი. გოგებაშვილი).

"განსვენებულის საფლავი დიდუბის ეკლესიის ეზოში მუდამჟამ სათაყვანებელი იქნება ქართველებისთვის" (დეკანოზი ნ. თალაკვაძე).

საქართველოში დატრიალებული მოვლენების გამო სამწუხაროდ არც ეს წინასწარმეტყველება ასრულდა. დავითის ნეშტმა სამჯერ შეიცვალა განსასვენებელი: 1938 წელს ხელისუფლების დადგენილებით პანთეონში "ბურჟუას" ადგილი არ იყო, ის ჯერ ვაკის სასაფლაოს ხევში, შემდეგ კი მისივე თითიდან მოხსნილი ბეჭდის წყალობით ვაკის სასაფლაოზე დაასვენეს. 1995 წელს კი, მისი სახსრებით აშენებულ ქაშვეთის ეკლესიაში (ამ ფაქტის აღსანიშნავად ეკლესიაში შესასვლელ კარებზე დავითისა და მისი მეუღლის ინიციალებია ამოტვიფრული) გადაასვენეს. გულდასაწყვეტია, რომ არც აქ აღმოჩნდა სათანადო განსასვენებელი ამ ღირსეული წყვილისთვის, საფლავის ზედა პლიტა საეკლესიო მაღაზიის ვიტრინას ერწყმის, საფლავის ქვა კი მუდამ ავტომანქანებით არის შემოფარგლული.

“მაგრამ, არ დაგივიწყებს შენ ჩვენი ჩამომავლობა და ყოველი ეროვნული საქმის დროს შენც, როგორც თანამოზიარე, ოცნებით გვერდით ეყოლები წარმოდგენილი”. (აკაკი წერეთელი).

სტატიაში გამოყენებულია გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებული წერილი „ქართული გულკეთილობა ევროპული საქმიანობა=დავით სარაჯიშვილს“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100