აქციის გაშუქებისას ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში დააკავეს
აშშ-ში ქალაქ მინეაპოლისში საპროტესტო აქციის გაშუქებისას პოლიციამ ტელეკომპანია CNN-ის გადამღები ჯგუფი პირდაპირი ჩართვისას დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად CNN-ი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციელებმა ტელეკომპანიის კორესპონდენტი, ოპერატორი და პროდიუსერი დააკავეს. დაკავების მიზეზები ჯერ უცნობია. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ტელეკომპანიის გადამღებმა ჯგუფმა პოლიციელებს შეატყობინა თავიანთი ვინაობა, თუმცა მიუხედავად ამისა, პოლიციამ მათ ხელბორკილები დაადო.
ტელეკომპანია CNN-მა მკაცრად გააკრიტიკა პოლიციის აღნიშნული ქმედება და ჟურნალისტების დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა.
აშშ-ში, მინესოტას შტატში შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. ფლოიდი ორშაბათს, 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე 40 წლამდე აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს, სუნთქვის საშუალება მისცენ. მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცველები დააკავეს.
კომენტარი