აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე 81 წლისაა
გამოჩენილ მეცნიერს, ასტროფიზიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძეს დღეს 81 წელი შეუსრულდა.
ჯუმბერ ლომინაძე სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე (1950-55 წწ.), სადაც სპეციალიზდებოდა პლაზმის ფიზიკის დარგში. მეცნიერების ეს დარგი სწორედ მაშინ იწყებდა ინტენსიურ განვითარებას. იგი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, რადგან ძირითად მიზნად ისახავდა თერმობირთვული იარაღის "გაკეთილშობილებას" - ისეთი რეაქტორის აგებას, რომლის საშუალებითაც მოხერხდებოდა თერმობირთვული რეაქციების მართვა და, შედეგად, კაცობრიობისთვის ფაქტობრივად ულევი, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროს შექმნა. უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ, ჯუმბერ ლომინაძე სამუშაოდ გაანაწილეს ურალის ერთ-ერთ დახურულ ობიექტზე, სადაც უშუალოდ მონაწილეობდა ისტორიის იმ ეტაპზე ცხოველმყოფელ თერმობირთვული იარაღის სრულყოფის პროგრამაში. მიუხედავად ამისა, მისი სამეცნიერო ინტერესები განუყოფლად იყო დაკავშირებული პლაზმის ფიზიკისა და მართვადი თერმობირთვული რეაქციის პრობლემებთან.
1958 წელს ჯუმბერ ლომინაძე დაბრუნდა საქართველოში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა ჯგუფთან ერთად შეუდგა პლაზმის ფიზიკის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის მეცნიერული მოღვაწეობა პირობითად შეიძლება ორ ეტაპად გაიყოს. პირველი ეტაპი ეხება პლაზმის ფიზიკის თეორიას - მართვადი თერმობირთვული რეაქციები, კოლექტიური მოვლენები პლაზმურ რეაქტორ ტოკამაკში, ციკლოტრონული ტალღების თეორია და სხვა. მეორე ეტაპი ეხება კვლევას მეცნიერების ახალ დარგში - პლაზმურ ასტროფიზიკაში, რომელიც პლაზმის ფიზიკისა და ასტროფიზიკის მიჯნაზე შეიქმნა.
კომენტარი