სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

''მომენატრე! ტკივილამდე მომენატრე...პატარა ბავშვივით ავღრიალდი" - ტრანსგენდერი ქალის დედის ემოციური წერილი გარდაცვლილ შვილზე

ჟურნალისტი ნიკა ჭავჭავაძე მოკლული ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის, დედის წერილს ავრცელებს. ქალბატონმა გარგაცვლილ შვილს ემოციური პოსტი მიუძღვნა:

''მომენატრე! ტკივილამდე მომენატრე. წყაროს წყალივით მომწყურდა შენი ნახვა, შენთან საუბარი, მაგრამ ვერსად გიპოვე, ვეღარ გაწვდენ ხმას. შენ გაგწირეს ისე, რომ თვალიც არ დაუხამხამებიათ. ისევ დავცარიელდი. სისუსტე ვიგრძენი და პატარა ბავშვივით ავღრიალდი. გამიჭირდა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. არ ვიცი, ამ ტკივილს როგორ გადავლახავ. ჯერჯერობით ტკივილი მუდმივად გაუყუჩებელია. ვერ წარმომიდგენია უშენოდ როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება. ჩვენ ხომ მარტო დედა-შვილი კი არა, მეგობრებიც ვიყავით. ერთმანეთს ყველაფერს ვუზიარებდით.

ვერ წარმომიდგენია ჩემი სამყარო ცრემლების გარეშე. ჩემთვის უკვე ჩვევაა მუდამ ტირილი. მიუხედავად ამისა, მაინც შემომიტია ამ მონატრებამ და უკვე აუტანელი ტკივილი მაგრძნობინა. ალბათ ამასაც შევეჩვევი. ალბათ როგორმე გადავიტან უშენობას, ჩემო სიხარულო, მაგრამ ჩემი გული აწი ყოველთვის მკვდარი და ცარიელი იქნება.

მომენატრე! ო, როგორ მომენატრე. ალბათ სამარეში თან ჩავიტან ამ მონატრებას. რამდენი მიზნები დაგვრჩა განუხორციელებელი. ახლაც ცრემლით გწერ ამ წერილს. თითქოს მგონია, რომ წაიკითხავ. აუტანელია ეს ტკივილი და მონატრება. აღარავინ დამრჩა. არავინ და არაფერმა შემიცოდა. არავინ ეცადა სიტყვებით მაინც დავემშვიდებინე…

მომენატრე – გესმის?! ტკივილამდე მომენატრე. ნუთუ, სამუდამოდ მიმატოვე და გადახვედი სხვა სამყაროში? ნუთუ უჩემობას არ განიცდი? ჩემი ერთადერთი თხოვნაა, რომ თან წამიყვანო და აქ არ დამაგდო ესე, უპატრონოდ. მეტი აღარ შემიძლია. აქაურობა მეზიზღება. ეს სახლიც ტკივილის მეტს არაფერს მახსენებს. ამ ქვეყანაზე სამართალი არ ყოფილა. დღემდე დაუსჯელია შენი მკვლელი. ახლა ჩემი ერთადერთი სურვილია შენი მკვლელი საკადრისად დაისაჯოს. ის არაადამიანი… მართალია ეს შენს თავს ვერ დამიბრუნებს, მაგრამ ოდნავ გულზე მომეშვება და მგონია, შენი სულიც დაისვენებს."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100