დაღუპული ესტონელი ტერორისტი თენგიზ გოგოტიშვილის რესპოდენტი იყო
„კურიერში“ გადაცემული სიუჟეტის მიხედვით, მამაკაცი, რომელიც გუშინ თავდაცვის სამინისტროს შენოპბაში შეიჭრა, მძევლები აიყვანა და შემდეგ თავი აიფეთქა, რამდენიმე წლის წინ „რუსთავი2“-ის კორესპონდენტის, თენგიზ გოგოტიშვილის რესპოდენტი იყო.
მაშინ თენგიზ გოგოტიშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნებში იყო მივლინებული და ამ ქვეყნებიდან სიუჟეტების ციკლი მოამზადა. სწორედ ესტონეთში ყოფნის დროს ჩაწერა მან დრამბიანი, როგორც ოპოზიციური, „გაერთიანებული მემარჯვენეების“ პარტიის წარმომადგენელი. მაშინ დრამბიანი ესტონეთის ხელისუფლებას რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროვებაში ადანაშაულებდა. „რუსთავი-2“-ის არქივიდან ის კადრებიც უჩვენეს, სადაც ტერორისტი ჟურნალისტს ესაუბრება.
თენგიზ გოგოტიშვილი იხსენებს, რომ დრამბიანი კარგად საუბრობდა რუსულად და არ ერიდებოდა ხელისუფლების კრიტიკას. „ის არანაიარად არ ტოვებდა გაუწონასწორებელი ან უჭკუო ადამიანის შთაბეჭდილებას“, - თქვა ჟურნალისტმა.
თავდაცვის სამინისტროს შენობის „დალაშქვრამდე“ რამდენიმე თვით ადრე დრამბიანმა, ნორვეგიელი ანდერს ბრეივიკის მსგავსად, სოციალურ ქსელში საკუთარი მანიფესტიც გამოაქვეყნა. მასში დრამბიანი ამბობს, რომ ესტონეთის ხელისუფლებამ რუსულენოვან მოსახლეობასთან სამოქალაქო ომის გზა აირჩია. „უარი თქვი ყველა პრივილეგიაზე და იყავი, უბრალოდ, ადამიანი! გახსოვდეს, რომ ადამიანი - ყველაზე ამაყად ჟღერს“, -ასე მთავრდებოდა მანიფესტი.
დრამბიანი ერთ დროს ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი იყო. მერე პოლიტიკაშიც სცადა ბედი და „გაერთიანებული მემარჯვენეების“ სიით, რომელიც ესტონეთში მარგინალ პატიად ითვლება, ერთ-ერთი ქალაქის საკრებულოშიც იყარა კენჭი, თუმცა, დამარცხდა. მალე პოლიტიკურ პრობლემებს პირადიც დაემატა - კრედიტთან დაკავშირებული პრობლემების გამო მას ბანკმა ბინა გაუყიდა. როგორც ამბობენ, ამის შემდეგ დრამბიანი ხელისუფლების მისამართით ხშირად იგინებოდა და იმუქრებოდა კიდეც.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული დრამბიანი ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში გუშინ, დაახლოებით 17.30 სთ-ზე შეიჭრა, პირველ სართულზე რამდენიმე მძევალი აიყვანა და შენობაში გამაგრდა. მან პოლიციას სასტიკი უარი განუცხადა დანებებაზე. როგორც ყოფილი მძევლები იხსენებენ (მოგვიანებით ტერორისტმა ისინი უვნებლად გაათავისუფლა), დრამბიანი რუსულ ენაზე საუბრობდა, მაგრამ პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენება ვერ მოასწრო: სპეცოპარაციის დაწყებისთანავე მან მძევლები გაათავისუფლა და, ოფიციალური ვერსიის მიხედვით, თავი ხელყუმბარით აიფეთქა.
ინციდენტის დროს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი შენობაში არ იმყოფებოდა, მოგვიანებით გაკეთებულ კომენტარში კი მან აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები ესტონეთს დემოკრატიული განვითარების კურსიდან ვერ გადაახვევინებს. მანვე დაამატა, რომ ამ ფაქტის შედარება ნორვეგიაში მომხდარ ტერაქტთან და მომხდარის გახვევა პოლიტიკურ საბურველში, უბრალოდ, უადგილოა.
კომენტარი