„იქნებ შეწყდეს ეს საშინელებები“ - იაკობ ბრეგვაძის დედა წერილს ავრცელებს
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი ერთ-ერთი პირის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დედა წერილს ავრცელებს და მისი შვილის მიმართ განხორციელებულ ბულინგზე საუბრობს.
„პირველ რიგში, მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული. დედა ღვთისა ფარავდეს თითოეულ ოჯახს.
კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გიორგის ოჯახს. ჯალათების ხელით მოკლული უდანაშაულო ადამიანის სული სასუფეველში განისვენებს და იქიდან ლოცულობს თქვენთვის.
ახლა კი, რაც შეგვეხება ჩვენ, აქ დარჩენილებს, რომლებიც წავალთ ეკლესიაში, დავანთებთ სანთელს, შევევედრებით ღმერთს და ისევ გავაგრძელებთ ჭორაობას, განკითხვას, ცილისწამებას, მტრობას..
ამ ბოლო დროს, ბევრ დროს ვუთმობ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარებს ჩემ შვილთან დაკავშირებით, ვათვალიერებ ხატებით აჭრელებულ ფბ.გვერდებს, ვისი ავტორებიც ისეთი სიძულვილით და ზიზღით იხსენიებენ ჩემ შვილს, თითქოს საქმე სერიულ მკვლელს ეხებოდეს. ლანძღავენ, აგინებენ, მუქარაზე და ცილისწამებაზე აღარაფერს ვამბობ. თითქოს იქ იყვნენ იმ ავბედით ღამეს და იციან სიმართლე.
არადა, ბევრი მართლაც იყო. 150 მანქანას გაუვლია მაგ დროს ხიდზე, გაუარეს გვერდზე და გააგრძელეს გზა. არადა, რომელიმეს რომ გაეჩერებინა, იქნებ გიორგი გადარჩენილიყო, მაგრამ ერჩივნათ გზა გაეგრძელებინათ და მერე კომენტარები დაეწერათ, სხვის ომში ყველა ბრძენია.
რა უნდა ექნა 19 წლის ბიჭს, რომელსაც იმ წუთებში მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტიქტი უმუშავებდა?! ერთი რაც მოახერხა, გაიქცა და დარეკა პატრულში, თუმცა ესეც ეჭვის ქვეშ დააყენეს, არადა არსებობს ამონაწერი, შეგიძლიათ თავად იხილოთ.
რაც შეეხება ცრუ ჩვენებებს, რაზედაც ახლა ადვოკატები ალაპარაკდნენ, დაფიქრდით აბა, იმ წუთებში ნუთუ რომელიმე დააკვირდებოდა საათის ისრებს? ან სტრესის დროს რომ დროის აღქმა იკარგება, არ გსმენიათ მაინც? 19 წლის ბიჭს საიდან უნდა სცოდნოდა პატრულის მოვალეობა? შუაღამეს რომ ადამიანი რეკავს პატრულში, ესე იგი რაღაცა ხდება და მაგისი რა ბრალია, რომ თბილისამდე გაიყვანეს მხოლოდ? ვერავინ რომ დაინახა ხიდზე, ეგონა, ყველამ უშველა თავს და აღარაფერი ხდებაო და თბილისამდე მაინც გამიყვანეთო სთხოვა. აბა რა უნდა ექნა? არადა, იმ წუთებში რომ დაეთვალიერებინათ იქაურობა,შესაძლოა,გიორგი ცოცხალი ყოფილიყო.
ბევრი რამის შეცვლა შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ერთი რამ დაგვრჩენია, ვინც ჯერ კიდევ აქ ვართ, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, შევწყვიტოთ ზიზღი, ბოღმა, ცილისწამება იქნებ შეწყდეს ეს საშინელებებიც, რაც ამ ზაფხულს ხდებოდა საქართველოში და დაგვიბრუნდეს მადლი და წყალობა უფლისა. გვიყვარდეს ერთმანეთი“, – წერს იაკობ ბრეგვაძის დედა წერილში.
წერილს „რუსთავი 2“ ავრცელებს.
კომენტარი