სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მეეკითხება „ვაშინგტონ პოსტს!“ ანუ „რასმუსენიადა“ გაზეთის ფბ-გვერდზე გაგრძელდა

მას შემდეგ, რაც „ვაშინგტონ პოსტმა“ სარედაქციო წერილის სახით სახით გამოაქვეყნა კრიტიკული სტატია საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნიშნით მასობრივი დაკავებების შესახებ და ეს შეაფასა, როგორც „მცდარი გზა“, პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის აღშფოთებამ წითელი ხაზები არაფრად ჩააგდო და ბიძინა ივანიშვილი, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაზეთის სარედაქციო საბჭოს მიკერძოებულობაზე ალაპარაკდა...

"საოცარია, როგორ დაიბეჭდა ასეთი წერილი. ჩვენი პრეზიდენტი ამას აკეთებს და ეს სისტემა აწყობილი აქვთ. იბეჭდება რაღაც გაურკვეველი წერილები და იქაც ჩვენ გავაკეთებთ რეაქციას. მოხდება მათთან დაკავშირება. ჩვენ „ვაშინგტონ პოსტი“ არ გვეპატიჟება, გვეპატიჟება ამერიკის ხელისუფლება.

გაზეთს აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ იქაც ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ობიექტურობას, მე დასკვნას არ გავაკეთებ და თუ ამის მსგავსი მცდელობაა გაზეთის მხრიდან, რეაგირებას გავაკეთებთ, დავუკავშირდებით და მოვთხოვთ პასუხს, რის საფუძველზე გააკეთა ეს დასკვნები. მარტო სააკაშვილმა უკარნახა, თუ კიდევ ეხმარებოდა ვინმე, მაგალითად მრჩეველი ჰყავს, გლუკსმანი, ასეთ საკითხებით არის დაკავებული.

ეს არის მაგათი პრინციპების კოჰაბიტაცია, ჩვენზე პასკვილები, ასე თანამშრომლობენ ახალ ხელისუფლებასთან, ამ დროს ჩვენ გვიგეგმავენ წითელი ხაზები გავავლოთ", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა და იქვე დაამატა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აშშ-ში ყოფნის დროს (მაია ფანჯიკიძე ვაშინგტონში დღეს გაფრინდა) ამ საკითხშიც გაერკვევა.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ასევე საერთაშორისო მასშტაბით ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებამ სრული გაოგნება გამოიწვია. მართალია, მილიარდერისთვის არც ოპოზიციაში ყოფნის და არც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახლავთ უცხო ჟურნალისტების დამცირება და საკუთარი აზრის არქონაში მათი დადანაშაულება („სხვების დაწერილი კითხვებით კი ნუ მოდიხართ, მე მინდა, თქვენი მოფიქრებული კითხვები დასვათ“; „ვინ დაგავალათ ამ შეკითხვის დასმა? სააკაშვილმა? ბოკერიამ?“), მაგრამ ამ შემთხვევაში პრემიერი მსოფლიო ბეჭდური მედიის ფლაგმანს გადასწვდა და არა კონკრეტული ავტორი, არამედ მთელი სამეთვალყურეო საბჭო „გააშავა“.

ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს ოფიციალური პასუხი არა, მაგრამ გაზეთის მხრიდან გამოხმაურება მაინც მოჰყვა: ჯოშ როგინი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე წერს და ვისი სვეტიც „ვაშინგტონ პოსტში“ კვირაში ორჯერ იბეჭდება, პრემიერის გამონათქვამებს „ვაშინგტონ პოსტზე“ ოპერატიულად გამოეხმაურა:

"საქართველოს ხალმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო საბჭო მისი დაუძინებელი მტრის, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ მუშაობაში დაადანაშაულა, შეეხო რა გაზეთის სარედაქციო წერილს, სადაც გაკრიტიკებული იყო ახალი ხელისუფლების მხრიდან ყოფილი ჩინოვნიკების მასობრივი დაკავებები“, - წერს ის.

ფაქტობრივად, ივანიშვილის განცხადებას გაემიჯნა თინა ხიდაშელი, თავის, საკმაოდ ვრცელ სტატუსში „ფეისბუქის“ საკუთარ კედელზე მან დაწერა, რომ „ვაშინგტონ პოსტი“ არ მიაჩნია მიკერძოებულ და მოსყიდულ გამოცემად და თვლის, რომ იქ გამოქვეყნებული კრიტიკული მასალა ანგარიშგასაწევია.

დააყენებს თუ არა მაია ფანჯიკიძე აშშ-ში შეხვედრების დროს „ვაშინგტონ პოსტის“ მიკერძოებულობის საკითხს, ძნელი სათქმელია. იმედია, შეფის დასარწმუნებლად არგუმენტებს იპოვის და ამ მისიის შესრულებას თავს აარიდებს, მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილის განცხადებამ სულ სხვა პროცესს მისცა განვითარების საშუალება: „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაირაზმნენ და „ვაშინგტონ პოსტის“ ფბ-გვერდი "დალაშქრეს", ანუ, იქ ადრე ნატოს გენმდივნის ფბ-გვერდზე დაწყებული „რასმუსენიადა“ გააგრძელეს.

ამასთან, კოალიციის მხარდამჭერთა ზრდა აშკარად თვალშისაცემია. რიცხობრივ ზრდას არ ვგულისხმობ: მათი უმრავლესობა ინგლისურ ენაზე პოსტავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, რასმუსენისგან განსხვავებით, გაზეთის რედაქციას არ დასჭირდება თხოვნა, ინგლისურად წერეთო. თუმცა, აბა რომელი გინება შეედრება მშობლიურ ენაზე გინებას და „ვაშინგტონ პოსტის“ კედელზე მამაპაპურ შეკურთხებასაც მრავლად შეხვდებით...

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კრიტიკული სტატიები არამხოლოდ წამყვან ინგლისურენოვან გაზეთებში იწერება, ბიძინა ივანიშვილის ფანებს სასწრაფო წესით მოუწევთ, ვთქვათ, ფრანგული ენის ათვისებაც - „ფეისბუქზე“ საკუთარი გვერდი ხომ „ლიბერასიონსაც“ აქვს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100