ქართული სინამდვილე და რუსული, ოცნებანარევი გეგმა B
სათქმელი რომ შორიდან არ დავიწყოთ, პირდაპირ აღვნიშნოთ: საქართველოს მუდმივი მტრის, რუსეთის მიდგომები ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით რადიკალურად შეიცვალა. ყველასთვის თუ არა, უმრავლესობისთის კარგად ცნობილი გეგმა A, რომელიც საქართველოს საზღვრებთან სამხედრო სწავლებების ჩატარებას საპარლამენტო არჩევნების თარიღს ამთხვევდა და განიხილებოდა, როგორც რუსეთის მზადყოფნა საქართველოში არეულობის სცენარის განვითარების შემთხვევაში, მოულოდნელად შეიცვალა ან გაურკვეველი ვადით გადაიდო.
საქართველოს მოქალაქეთა იმ ნაწილმა, რომელსაც 200 წელზე მეტი ხნის ისტორიაც არ ჰყოფნის რუსეთის ვერაგულ ზრახვებში დასარწმუნებლად, ბოლოდროინდელი განცხადება იმის თაობაზე, რომ „საქართველოს სიმშვიდისთვის“ ცვლის გეგმებს და „კავკასია 2012“ არეალიდან ამოაქვს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები, იმისთვის გამოიყენა, რომ ხელისუფლებისთვის შეეტია და ახმაურებულიყო, რომ რუსეთის ფაქტორს ის სულ ტყუილად იყენებს საზოგადოების დაშინების მიზნით.
რის გამო შეცვალა რუსეთმა გეგმა, მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდის საგანი შეიძლება იყოს: საერთაშორისო ზეწოლა და რუსეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი: მისთვის უკვე ოფიციალურად წოდებული „ოკუპანტი“ თავისას შვრება. ნურც იმას დავივიწყებთ, რა გვითხრა ბოლო ვიზიტის დროს ჰილარი კლინტონმა, როცა შემოდგომაზე დაგეგმილი რუსული წვრთნების შესახებ შევჩივლეთ: „მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა წვრთნები ტარდება საქართველოს საზღვართან შემოდგომაზე, არამედ ის, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები საქართველოში შემოდგომაზე.“
ჩნდება შეკითხვა: ხომ არ იცოდა უკვე წინასწარ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რომ მასშტაბური სწავლების გეოგრაფიული არეალი შეიცვლებოდა? ამ კითხვას მეორე, არანაკლებ ლოგიკური კითხვა მოსდევს: ხომ არ იცოდა აშშ-მა, რომ რუსეთი საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ გეგმა A-ს გეგმა B-თი ჩაანაცვლებდა? ამ კითხვისთვის საკმაოდ ნოყიერ საფუძველს ქმნის ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის რამდენიმესაათიანი ვიზიტი თბილისში, რომელიც, სავარაუდოდ, ვითარების ადგილზე გაცნობას უფრო ისახავდა მიზნად, ვიდრე იმ ამბასადორიალში მონაწილეობას, რომელშიც წინა წლებში ნატოს გენმდივნის გარეშე ტარდებოდა. რასმუსენს ამერიკელი სენატორები დაემატნენ, უახლოეს დღეებში კი თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესაც ელოდებიან...
ახლა, რამდენიმე სიტყვით იმაზეც ვთქვათ, რა არის, პირობითად, გეგმა B: რას ითვალისწინებს, რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ და ვინ იქნება რუსეთის დასაყრდენი მის შესრულებაში ქვეყნის შიგნით. და თუმცა, ბოლო კითხვაზე პასუხის გაცემა, წესით, ძნელი არ უნდა იყოს, მაინც თანმიმდევრობით მივყვეთ:
რუსეთს რომ ძალიან აღელვებს „საქართველოს სიმშვიდე“, სამხედრო სწავლებასთან დაკავშირებული განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე დღეში გამოჩნდა. ყველასთვის მოულოდნელად, საქართველოს შსს-მ ლოპოტას ხეობაში საკმაოდ დიდი ძალა გადაისროლა და სპეცოპერაცია დაიწყო, რომელიც ორ დღეში დაასრულა კიდეც. რა თქმა უნდა, ყველასთვის ცნობილია, რომ ისეთ ვიწრო ხეობაში, როგორიც ლოპოტაა, ძალიან ძნელია გაწვრთნილ, კბილებამდე შეიარაღებულ, რელიეფს ნაჩვევ დივერსანტებთან ბრძოლა, მაგრამ ყველასთვის თვალშისაცემი იყო, რომ ქართველ ძალოვანთა რიცხვი აშკარად აღემატებოდა თუნდაც ასეთ პირობებში საჭირო ძალას. ამის მიზეზი დღეს უკვე არაა ძნელად ასახსნელი: საჭირო გახდა მყისიერი რეაგირება და, ამასთან, საზღვრის პერიმეტრის კიდევ უფრო საიმედოდ დაცვა.
ოპერაციის ბოლო ეტაპზე სოფელ ლაფანყურში ჩასული საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფრაზამ: „მათ გამომგზავნებს დრო და მიმართულება შეეშალათ!“, კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ საქმე გვქონდა წინასწარ დარიგებულ, შემოგზავნილ ჯგუფთან.
მარტივად რომ ავხსნათ, დაღესტნიდან შემოსულ 5 თუ ექვსკაციან ჯგუფს, რომლის წევრები, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ ან სულაც, ამ სამსახურის წარმომადგენლები არიან, დაევალა გადასულიყო საქართველოს საზღვარზე, ჩასულიყო პანკისის ხეობაში და იქედან წამოეყვანა ახალგაზრდები, ანუ რუსეთს თავის ტერიტორიაზე აუცილებლად სჭირდებოდა საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც შემდეგ დააკავშირებდნენ ტერაქტებთან და ექნებოდათ საბაბი, ამჯერად უკვე ლიკვიდირებული (სავარაუდოდ, პანკისის ხეობიდან დაღესტანში გადასულებს სწორედ ლიკვიდაციას უპირებდნენ) ცხედრების იდენტიფიკაციის შემდეგ ემტკიცებინათ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან ბოევიკები გადადიან.
ვისაც მოკლე მეხსიერება არა აქვს, ალბათ, ახსოვს, რა სიტუაცია იყო პანკისთან მიმართებაში ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოში ედუარდ შევარდნაძე ზეობდა და პანკისის მიმართულებას, უშიშროების ხაზით, „ქართული ოცნების“ დღევანდელი ერთ-ერთი სახე, ირაკლი ალასანია კურირებდა: რუსეთი დაჟინებით ითხოვდა ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებას, რაზეც შევარდნაძე ფეხს ითრევდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც დათანხმდა. არქივში შემონახულია ედუარდ შევარდნაძისა და ირაკლი ალასანიას კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში იმყოფებიან რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებთან ერთადაც მუშავდება პანკისის ხეობაში ერთობლივი მოქმედების გეგმის დეტალები...
ალბათ, ბევრს ისიც ახსოვს, პარიზში მყოფმა ირაკლი ოქრუაშვილმა რომ ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ რუსულ ტელეარხს და განაცხადა, პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფებები არსებობს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება კურირებს - ხელისუფლებაში ყოფნის დროს პირადად მქონდა მათთან შეხებაო.
აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა გამომდინარეობს: რუსული საინფორმაციო მანქანა დროდადრო იყენებდა პანკისის ხეობის თემას და მის შესეხებ მკითხველს ასვე დროდადრო ახსენებდა, თუმცა, ნაკვერჩხალს არ აღვივებდა: საკმარისად მიაჩნდა ამ თემაზე ერთი-ორი სტატიის გაელვება.
2012 წლის გაზაფხულის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა: რუსული მედია უფრო ხშირად აქვეყნებდა ანალიზს, ვარაუდს, „სანდო წყაროზე“, „ძალოვანი უწყებების საიდუმლო ინფორმაციაზე“ დაყრდნობილ ინფორმაციას თითქოსდა პანკისის ხეობაში ბოევიკების არათუ მცირე ჯგუფების, მათი საწვრთნელი ბაზის არსებობის შესახებ. ქართველი ანალიტიკოსები და ექსპერტები ამას რუსეთში კანონის ძალის მქონე გადაწყვეტილებას უკავშირებდნენ იმის შესახებ, რომ რუსეთს უფლება აქვს, მეზობელ სახელმწიფოში შეიარაღებული დაჯგუფებების აღმოჩენის შემთხვევაში, თუკი ეს დაჯგუფება პირდაპირ ან ირიბად ემუქრება რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს, ჩაატაროს სპეცოპერაცია დაჯგუფების წინააღმდეგ, იმ სახელმწიფოს ნებართვის გარეშე, სადაც ეს ჯგუფები იმყოფებიან...
2012 წლის კულმინაციად უნდა ჩაითვალოს ივლისში, ჩვენთვის კარგად ცნობილი ხიზრი ალდამოვის განცხადებები, რომლებიც მან მოსკოვში, „რია-ნოვოსტის“ ოფისში გააკეთა. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ალდამოვმა მიხეილ სააკაშვილი არამარტო „ბოევიკების“ შეფარებაში, არამედ მათ მომზადებაშიც კი დაადანაშაულა და ისიც კი განაცხადა, რომ ბესლანის ტერაქტები სწორედ სააკაშვილის მიერ იყო მომზადებული. განცხადება 26 ივლისს გაკეთდა, 28 აგვისტოს კი ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარება გახდა აუცილებელი.
სამწუხარო ის არის, რომ გეგმა B განხორციელებაში, როგორც წინა წლებისა და საუკუნეების რუსულ გეგმებში, ფრიად მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ ქართველებს. დააკვირდით: სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში, თითქოს უხილავმა დირიჟორმა ჯოხი აიქნიაო, ქართველი მილიარდერის ფულით წელმომაგრებულ ქართულ მედიაში (ძირითადა) ერთბაშად გაჩნდა განცხადებები, ვარაუდები და ანალიზი იმაზე, რომ ლოპოტაში აღმოჩენილი ჯგუფი, სინამდვილეში სულაც არ მოდიოდა დაღესტნიდან და რომ ის იყო პანკისის ხეობაში მოქმედი ერთ-ერთი დაჯგუფება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მფარველობდა და რომელიც დაღესტანში აპირებდა გადასვლას. ბუნებრივია, ვერსიებს შორის ისიც სახელდებოდა, რომ მათ თავდაპირველად, ხელისუფლებამ გადაადგილების ნებართვა მისცა, მერე კი დაუნდობლად ამოხოცა. საუბარი იყო მოულოდნელად ამოხოცვაზეც. „ბოევიკების“ ლიკვიდაცია, ლამის იყო, ხელისუფლების სისასტიკედ შეფასდა. ზოგიერთები იქამდეც კი მივიდნენ, რომ სპეცოპერაციის დროს დაღუპული შსს-ს წარმომადგენელთა და დაღუპული ტერორისტების ფოტოები სოცქსელებში ერთად გამოფინეს და „გლოვობდნენ“. მაგალითად, ასე მოიქცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი.
მოკლედ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საღამოს საათებში, სწორედ იმ დროს როცა ყველა ჭეშმარიტი მუსლიმი ლოცულობს, „ობიექტივის“ ეთერში თითქოსდა პანკისის ხეობიდან დარეკა ქალმა, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილმა პანკისელი ახალგაზრდები ამოხოცა და იქვე დაიქადნა - ამას არ შევარჩენთ და ჯიჰადს გამოვუცხადებთო. არავის გაკვირვებია ამ ზარის ლოგიკურობა, მაშინ როცა "ობიექტივის" პირდაპირ ეთერში ნახვა მხოლოდ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ან თანამგზავრული ანტენით არის შესაძლებელი. თქვენი არ ვიცი და მე ცოტა ძნელად წარმომიდგენია პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ან ქისტი ქალი, რომელიც ლოცვის დროს "ობიექტივს" უყურებს და მეტიც, დარეკვისა და დამუქრების სურვილიც უჩნდება...
ამ ზარის მერე მედიამ ისიც გაარკვია, რომ სოფელ დუისში 6 საფლავი იყო გაჭრილი და საფლავებთან მორიგეობაც კი დააწესა, იმ იმედით, იქნებ ცხედრების დაკრძალვის ლაივს გამოვკრათ ხელიო...
ცეცხლზე ნავთი დაასხა მამუკა არეშიძემ, რომელმაც ჯერ ოთხი გარდაცვლილის სახელები და გვარები დაასახელა, მერე კი მოიბოდიშასავით, მაპატიეთ, ერთი ცოცხალი ყოფილაო: გაირკვა, რომ „გაცოცხლებული“ ბოევიკი სულაც არ იმყოფებოდა საქართველოში.
ცალკე აღნიშვნის ღირსია შსს-ს განცხადება, რომელიც სრულიად სამართლიანად გახდა კრიტიკის ობიექტი: თავდაპირველად უწყება გვამცნობდა, რომ დაღუპულ შეიარაღებულთა შორის არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეეები, მაგრამ ორი დღის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ლიკვიდირებულთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. რა თქმა უნდა, სპეცოპერაციას იმიტომაც ჰქვია სპეცოპერაცია, რომ იგი შეიცავს საიდუმლო დეტალებსაც, რომელთა უმრავლესობა საზოგადოებისთვის საერთოდ უცნობი რჩება, მაგრამ თუ დეტალებზე საუბარი შეიძლებოდა, ცხედრების ექსპერტიზის დასრულებამდე განცხადებისგან თავის შეკავება აჯობებდა, შემდეგ კი ოფიციალური განმარტების გაკეთება.
შსს-ს ამ შეცდომის ახსნა თუ მხოლოდ კომუნიკაციასთან დაკავშირებული ხარვეზებით შეიძლება, ძალიან ძნელია, ხარვეზი ან დაუფიქრებელი ნაბიჯი უწოდო მამუკა არეშიძის მინიშნებებს იმის შესახებ, რომ პანკისის ხეობაში არიან შეიარაღებული ფორმირებები, რომლებსაც ხელისუფლება აკონტროლებს.
საინტერესო კი ის გახლავთ, რომ მამუკა არეშიძემ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თითქმის სიტყვასიტყვით მოიყვანა აბრაამ შმულევიჩის ბლოგის მონაცემები შეიარაღებული ჯგუფის მომზადების დონის, მათ ხელთ არსებული უახლესი იარაღის, მათი სავარაუდო მიზნების შესახებ, მაგრამ შეგნებულად აუარა გვერდი ამ ბლოგერის დასკვნას, სადაც ის წერს, რომ ჯგუფის საქართველოს ტერიტორიაზე შემოგზავნა მხოლოდ გრუ-ს შეეძლო და რომ ეს იყო კარგა ხნის განმავლობაში მომზადებული, გაწვრთნილი ჯგუფი, რომელიც ე.წ. „ცრუ ჯამაათის“ წევრებისგან შედგებოდა, რომელთა გაშიფვრაც ჯგუფის პანკისელ წევრებს არ შეეძლოთ.
შესაბამისად, ბლოგერი ხსნის, რატომ გადაწყვიტეს ჯგუფის წევრებმა, მიეღოთ ბრძოლა და დახოცილიყვნენ: ყველა ლიკვიდირებული, ჩვენთვის უცნობი და მხოლოდ გრუ-სთვის ცნობილი ამავე ჯგუფის წევრების გარდა, თვლიდა, რომ საერთო საქმისთვის, ანუ, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და ქართველებმა ამაში ხელი შეუშალეს.
ბლოგში ნათლადაა გატარებული ის აზრიც, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ: ჯგუფს სჭირდებოდა საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც რუსეთში, სავარაუდოდ, დაღესტნის ტერიტორიაზე გადაიყვანდნენ და იქ ტერაქტს ან დივერსიულ აქტებს მოაწყობდნენ, შესაბამისად, ვერ ასცდებოდნენ რუს სამართალდამცველებთან შეტაკებასაც და პანკისის ხეობიდან გადმოყვანილთა ჩახოცვის შემდეგ რუსეთს მიეცემოდა საშუალება, აქცენტი „საქართველოდან გადმოსულ ჯგუფზე“ გაეკეთებინა...
მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ ის მტკიცებულებები, რომლებიც აბრაამ შმულევიჩმა (ბლოგის ავტორმა) დამოუკიდებელ სამხედრო ექსპერტებთან საუბრის შემდეგ „ჩამოყარა“:
საქართველოს შსს-ს მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით შეიძლება შეიარაღებული ჯგუფის ხელთ არსებული იარაღისა და სხვა საბრძოლო აღჭურვილობის სახეობის, წარმომავლობისა და ფასის დადგენა.
კადრებში ჩანს, რომ ჯგუფი აღჭურვილი იყო უახლესი ავსტრიული წარმოების სნაიპერული შაშხანებით, ძვირადღირებული ღამის ხედვის მოწყობილობებით, ტოპოგრაფიული რუკით, რომელსაც ჰქონდა რუსული წარწერა „საიდუმლო“ (და რაც მიანიშნებს ვერსიის აბსურდულობაზე, თითქოს ჯგუფის წევრებს გზა აებნათ და ქართველი მძევლები მხოლოდ იმიტომ აიყვანეს, რათა მათ საზღვრამდე მიეცილებინათ,მერე კი უვნებლად გაუშვებდნენ). ის ფაქტი, რომ ჯგუფის წევრებს ჰქონდათ ეს შეიარაღება, პლუს ეკიპირებაში შემავალი ნორმირებული მშრალი საკვები, წყალი, სათადარიგო სამხედრო ფეხსაცმელები და ფული (ქართველ მძევლებს ფეხსაცმელებიც ნისცეს და ფულიც), მიანიშნებს, რომ ჯგუფის თითოეული წევრი, მინიმუმ, 50 კგ ტვირთს ატარებდა, ასეთი ეკიპირება კი იმაზე მეტყველებს, რომ ჯგუფს ვერ ექნებოდა რამდენიმედღიანი მისია. თავისთავად ის ფაქტი, რომ ჯგუფს ჰქონდა რთული შეიარაღება პლუს სპეციფიკური რუკა, იმაზე მეტყველებს, რომ ჯგუფის წევრებს ვიღაცები საგულდაგულოდ ამზადებდნენ კარგა ხნის განმავლობაში.
რაც ყველაზე მთავარია, ჯგუფის წევრებს ჰქონდათ ახლო, ნულოვანი დისტანციიდან ბრძოლაში გამოსადეგი პისტოლეტები - ყველა უახლესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი რომელიმე ობიექტის ასაღებად და მძევლების ასაყვანად იყვნენ მომზადებულები, ეს კი, სავარაუდოდ, დაღესტნის ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო, მას შემდეგ, რაც ჯგუფს ქართველი მძევლები ეყოლებოდა...
ზემოთჩამოთვლილი ყველა შეიარაღება და კიდევ იარაღისა და საბრძოლო მასალების ის არსენალი, რაც არ ჩამოგვითვლია, იმდენად ახალია, რომ მათგან ზოგი გრუ-მ მხოლოდ ამ წლის დასაწყისში მიიღო. შესაბამისად, ეს შეიარაღება არ არის ქართული სპეცსამსახურების არსენალში. დასკვნები თავად გააკეთეთ...
კიდევ ერთი: უკვე გუშინ, შსს-მ გაავრცელა ცნობა, რომ ლოპოტას ხეობაში დაკავებულია ახმედ ჩატაევი, რუსეთის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან, რომელიც დაჭრილი იყო და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. სავარაუდოდ, მას ჩვენებასაც ჩამოართმევენ და მნიშვნელოვან დეტალებს აეხდება ფარდა იმ რუსული გეგმის შესახებ, რომელსაც ბევრმა უკვე უწოდა „გეგმა B“.
კომენტარი