სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჭარის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის 95 იუბილე აღინიშნა

აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ათწლეულების მანძილზე ღირსეულად ემსახურება რეგიონში ქართული საშემსრულებლო ხელოვნების ტრადიციების დაცვის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეს.

2016 წლის 11 ივლისს ანსამბლმა 95 წლის იუბილე აღნიშნა. იუბილესთან დაკავშირებით, ანსამბლის ვარსკვლავი და მემორიალური დაფა გაიხსნა. დაფაზე იმ 44 ხელოვანის სახელი და გვარი წერია, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მის ისტორიაში.

სპეციალური საკონცერტო პროგრამით აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ხელოვნების ცენტრში წარსდგა მაყურებლის წინაშე. ღონისძიების ბოლოს დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ანსამბლის მოქმედ და ყოფილ წევრებს "ქორეოგრაფთა ბრწყინვალების ორდენი" და სიგელები გადაეცათ. ანსამბლის 17 წევრი კი "ქორეოგრაფიის ამაგდართა" წოდებით და მედლით დაჯილდოვდა.

იუბილის აღსანიშნავად ანსამბლს საჩუქარი და მისალოცი ადრესი გადასცა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და აღნიშნა, რომ უდიდესია ანსამბლის წვლილი ქართული ფოლკლორის, აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი სასიმღერო და ქორეოგრაფიული ტრადიციების აღორძინებისა და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარების საქმეში.

ხელოვნების სიყვარულის, დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და გამორჩეული ნიჭიერების წყალობით ანსამბლმა არსებობის მანძილზე მოიპოვა აღიარება როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ვულოცავ ანსამბლს 95 წლის იუბილეს და ვუსურვებ შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს.

ანსაბლის იუბილის აღნიშვნას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ანსაბლის გულშემატკივრები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100