სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვის აგინებდნენ რუსი ფანები?

რუსები გავაფარჩაკეთ. 36 - 8 - ასეთია საბოლოო ანგარიში. რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ოკუპანტების ნაკრები მინდორზე აფორთხიალა. ქართველმა მორაგბეებმა მტერი ამჯერადაც დაჯაბნეს. დიდი ზეიმი, რომელიც ტრაპზონში მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა, სრულად გამოხატავდა იმ ემოციას, რომელიც საქართველოს რუსეთზე გამარჯვებას ამცნობდა სრულიად თურქეთსა და მსოფლიოს.
უზომოდ გახარებული ქართველი გულშემატკივრები ტრაპზონის ქუჩებში ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველ მორაგბეებს გულშემატკივრობდნენ ტრაპზონელებიც. თურქები ქართველების მხარდამხარ იზიარებდნენ იმ სიხარულს, რომელიც რუს მორაგბეებზე გამარჯვებამ მოგვიტანა.
ტრაპზონის ქუჩები სავსე იყო ქართველი გულშემატკივრებით. გახარებული იყო საქართველოს პირველი ლედი, სანდრა რულოვსიც, რომელიც თანმხლებ პირებთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ „ამ გამარჯვებამ საქართველოს ოპტიმიზმი დაუბრუნა“.
სანდრა რულოვსის გარდა, ქართველ მორაგბეებს სხვა ცნობილი პირებიც გულშემატკივრობდნენ. ქართველი პოლიტიკოსები, მომღერლები, საზოგადოების წარმომადგენლები, თუ უბრალო მოქალაქეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ იმით, რომ ოკუპანტები ასე აშკარად, დიდი ანგარიშით „დავალელოეთ“.
„დრონი.ჯი“-ს წარმომადგენლები ქართველთა და ოკუპანტთა შერკინებას სტადიონზე ადევნებდნენ თვალს: „ქართველი გულშემატკივრები საკმაოდ მოწესრიგებულები იყვნენ და დიდსულოვნად იქცეოდნენ. არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. ოკუპანტთა ნაკრები, შეიძლება ითქვას, რომ მიწასთან გავასწორეთ. მატჩის დასრულების შემდეგ კი, ჩვენთან ერთად მთელი ტრაპზონი ზეიმობდა“, - ასეთი შეტყობინება გამოგვიგზავნა „დრონი.ჯი“-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ქალაქ ტრაპზონიდან.
თუმცა, როგორც ტრაპზონიდან ჩვენმა მეორე წარმომადგენელმა გვაცნობა, ოკუპანტთა მცირე ჯგუფი, რომელიც რუსეთის ნაკრებს უჭერდა მხარს, ქართველი გულშემატკივრებისგან განსხვავებით, აგრესიული იყო. რუსი გულშემატკივრები ცდილობდნენ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინათ საქართველოს ნაკრებისთვის, მათი მხრიდან გაისმა პოლიტიკური შეფასებაც, რამაც სიტუაცია ოდნავ დაძაბა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ფაქტი ფაქტად დარჩა - ოკუპანტთა ნაკრებს ნეიტრალურ ტერიტორიაზე ვაჭამეთ სირცხვილი, რომელსაც ვერც რუსი ისტორიკოსები ჩამორეცხავენ და ვერც ქართველი სერგო ორჯონიკიძეები. თამაშის დასრულების შემდეგ კი ყურებჩამოყრილი ოკუპანტთა ფანები თავიანთი მორაგბეების მისამართით იგინებოდნენ ტრაპზონის ქუჩებში...
„ეს იყო საოცარი წუთები, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. ბედნიერი ვარ იმით, რომ აქ, ტრაპზონში ჩამოვედი, რათა საკუთარი თვალით მენახა ქართველი მორაგბეების ნამდვილი გმირობა. ჩვენ დღეს რუსები რაგბიში დავამარცხეთ, ხვალ კი ვაიძულებთ, რომ საქართველოდან ჯარები გაიყვანონ~, - განუცხადა „დრონი.ჯი“-ს კორესპონდენტს ლუკა ნაკაშიძემ, რომელიც ტრაპზონში ბათუმიდან ჩავიდა.
„მე აქ დავიბადე, ტრაპზონში, ჩემი დედ-მამაც აქაურები იყვნენ. მაგრამ ქართველი ვარ მაინც, დიასამიძე ვარ, ოსმანი მქვია. ეს სპორტი არასოდეს მინახავს. რომ გავიგე, ქართველები ჩამოვიდნენ და რუსეთს უნდა მოუგონო, მოვედი და თან ოჯახის წევრებიც წამოვიყვანე. ვიზიარებ იმ სიხარულს, რომელსაც თქვენ აქ განიცდით. გილოცავთ თქვენ და მათაც, ვინც იქ, ჩემს საქართველოშია“, - ასეთი ემოციური იყო „დრონი.ჯი“-სთან საუბრისას ოსმან დიასამიძე, ტრაპზონში მცხოვრები ქართველი.
საინტერესო დეტალი: მატჩის მიმდინარეობის დროს, ტრაპზონის პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც სტადიონზე წესრიგის დამყარება და უსაფრთხოება ევალებოდათ, ქართველ გულშემატკივრებთან ერთად უკრავდნენ ტაშს ქართველ გმირებს, რომლებმაც, ერთიანობით, გუნდური შემართებით, ერთსულოვნებით გაანადგურა რუსეთის ეროვნული ნაკრები.
რუსეთზე გამარჯვებას ზეიმობდა (ზეიმობს) სრულიად საქართველოც, გამარჯვების სიხარულის ყიჟინა ისმის როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებშიც. გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ოკუპანტებს არა მხოლოდ მინდორზე, არამედ პოლიტიკურადაც ასევე გავაფარჩაკებთ და ვაიძულებთ დაგვიბრუნონ მიტაცებული ტერიტორიები.
ყოველკვირეული, ფერადი გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100