გრიგოლ ვაშაძე: საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება შეაჩერა და ვინც ამას ვერ ხედავს, პრობლემები აქვს
"საქართველომ შეაჩერა რუსეთის მასშტაბური პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლა სხვა ქვეყნებზე, რომ მათ აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა ეღიარებინათ", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, თუკი ამას ვინმე შედეგად არ მიიჩნევს, მას რეალობის აღქმასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. ამასთან, ვაშაძე "მეორე სერიოზულ წარმატებად" საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ქვეყნის დაკარგული ტერიტორიების ოკუპირებულად აღიარებას მიიჩნევს და ამის მიღწევას "მუშაობა დასჭირდა". "საერთაშორისო ორგანიზაციებს გავლებული აქვთ წითელი ხაზები ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი მდგომარეობის ირგვლივ, ადასტურებენ რა, რომ ეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია... ძალიან ბევრ ორგანიზაციაში, მათ შორის, ევროპარლამენტში, ქაღალდზე დაფიქსირდა ტერმინი „ოკუპაცია". ამ ყველაფრის მიღწევას მუშაობა დასჭირდა", - განმარტავს ვაშაძე. საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებითვე, საქართველო ახლა გაცილებით უკეთეს სიტუაციაში იმყოფება, ვიდრე მაგალითად, 2008 წლის დეკემბერში. "კარგად არ ვართ, მაგრამ გაცილებით უკეთესად ვართ. კარგად ვიქნებით, როდესაც ხელს დავუქნევთ გამავალ ბოლო რუს ჯარისკაცს, რომელიც დატოვებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს... ისტორიაში უსასრულოდ არაფერი გრძელდება... ქართველებს სურთ ან ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით, ან ნატვრისთვალის პოვნით ან ნატვრის ხეზე აძრომით მოხდეს ეს ყველაფერი უცბად და სწრაფად. სწრაფად მარტო კატები იბადებიან... რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ სადაც არ უნდა წავიდეს, რა იდეაზეც არ უნდა ისაუბროს, რა თემაც არ უნდა იყოს განხილული, მისთვის სამწუხაროდ, მოუწევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლაპარაკი. ეს ასე ხდება", - დასძენს საქართველოს მთავარი დიპლომატი. "ჯი-ეიჩ-ენი"
კომენტარი