სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან გაჩეჩილაძის პორტრეტი, რომელსაც შორიდან უნდა უყურო...

ქართული პოლიტიკა კურიოზებითაა სავსე, მათ შორის, ცოცხალი, მოსიარულე კურიოზებით... ერთი ასეთი კურიოზი ლევან გაჩეჩილაძეა, იგივე "გრეჩიხა". შენ "გრეჩიხა" და "წიწიბურის ფაფა" ეძახე და კაცი, რომელმაც ჰალსტუხის გამონასკვა 2 წლის წინ ისწავლა, კინაღამ საქართველოს პრეზიდენტი გახდა. ის-ის იყო, ლევანი ჩაცუცქული საქმის გარჩევის მავნე ზნეს გადაეჩვია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატადაც დაასახელა გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომელსაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ესოდენ აღმატებული სახელიც ერქვა, "ეროვნული საბჭო".
"გრეჩიხამ" წააგო საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ, აბა, ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავცვივდებოდით, პრეზიდენტი რომ გამხდარიყო?! დეტალებს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ ერთი ნაღდია – "გაშავებას" ვერ გადავურჩებოდით და საქართველო ერთ დიდ, ქურდულ ზონად გადაიქცეოდა. ქურდი და ზონის მაყურებელი "გრეჩიხა" იქნებოდა, ცხადია. სახელმწიფო ბიუჯეტი – "ობშიაკი", საბიუჯეტო გადასახადი – "ობშიაკის წილი", ბიზნესმენებს "ფაშისტებს" დაუძახებდნენ, პოლიციას საჰაერო და წყლის თოფებს დაურიგებდნენ, პროკურატურას გააუქმებდნენ, სასამართლო, თავისთავად, საჭირო აღარ იქნებოდა, "ეროვნული საბჭოს" წევრები "მომავალი ქურდები" იქნებოდნენ, მანამდე მინისტრებად ("კაი ტიპებად") იმუშავებდნენ, საქართველოს ჰიმნის ტექსტი კი ასეთი იქნებოდა: "ტაშკენტიდან მოდის ქარავანი..." (შესაბამისი მუსიკით. შეასრულებდნენ – გოგა ხაინდრავა და კახა კუკავა). ... და პლანი იქნებოდა უფასო.

აი, ამას გადავურჩით. თქვენ წარმოიდგინეთ, ლევან გაჩეჩილაძესაც უჭირდა იმის წარმოდგენა, პრეზიდენტი მართლა რომ გამხდარიყო, რა უნდა გაეკეთებინა – ამას დღეს, მისი ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ. ამიტომაც იყო, რომ ამბობდა, თუ ამირჩევენ, გადავდგებიო. დაიცადე რა, შე კაი კაცო, სად გარბიხარ? ინაუგურაციამდე მაინც მოიცადე, ვერა ხედავ, გოგა ხაინდრავას ერთი სული აქვს "ქურდების სახალხო რესპუბლიკა" შექმნას და ტაშკენტში გზა გაჭრას, რომ მერე აქლემებით იჯირითოს ტაშკენტიდან თბილისში.

"გრეჩიხა" ქუჩიდან, ბიზნესის გავლით მოხვდა პოლიტიკაში. ბიზნესიდან: ხალხს პესტიციდებით გაზავებული ღვინო ასვა, დააგოიმა, თუმცა, ამაზე ქვემოთ, ჯერ პოლიტიკას მივხედოთ. პოლიტიკაში კახი ასათიანმა და კახა თარგამაძემ მოიყვანეს, ორივე ტარიელ ონიანის ძმაკაცი იყო. ეს სამეუელი "გრეჩიხას" ბიზნესსაც "კრიშავდა". ზოგს პოლიციის გვერდით დგომა ცუდ ტონად ეთვლება, "გრეჩიხა" პირადად პოლიციის მინისტრთან ძმაკაცობდა, აქეთ – "კანონიერ ქურდთან", ტარიელ ონიანთან, მაგრამ მაინც "კაი ტიპი" იყო. მაგარია, არა? ეს ახალქურდული წეს-კანონია – ქურდებს ფული გადაუხადე და თუ გინდა ქურდულ, "სხადნიაკს" პოლიციის მინისტრი დაასწარი, `დაჟე~ სიტყვასაც ათქმევინებენ. აი, ეგეთი "ტრუხა" ქურდების ფავორიტი იყო "გრეჩიხა".
ჰო, პოლიტიკას დავუბრუნდეთ. "გრეჩიხა" დათო გამყრელიძეს "ჩაუსასტავდა" და თავიანთ საძმოს – პარტიას "ახალი მემარჯვენეები" დაარქვეს. კარგა ხანს "აწვებოდნენ" პროდასავლურობას და დემოკრატობანას, მაგრამ 2001 წლის ზაფხულში ყველაფერი "გაიასნდა". გეხსომებათ, ამ დროისთვის რუსეთის მიერ "ძებნილი" ბადრი პატარკაციშვილი თბილისში იმყოფებოდა. ვაკეში, მუხაძის 12 ნომერში, კომუნისტების დროს სკანდალურად ცნობილი მეღვინის, ნუგზარ ბაკაშვილის იგივე "ნუღლას" სახლში, "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტებმა, პატარკაციშვილის ღამეული სტუმრები "აყარეს" – ზეწარმოხვეულებმა პირდაპირ მანქანებში დურთეს თავი. გაირკვა, რომ "მალინას" "გრეჩიხა" და გამყრელიძეც ესწრებოდნენ. აქ წერტილი დაესვა მათ პროდასავლურ გაგებას, ხალხი მიხვდა, ესენი რუსეთის საქმეს "აწვებოდნენ".

"გრეჩიხა" ერთხანს მიხეილ სააკაშვილსაც დაუპირისპირდა. მიშამ ქართული კორუფციის სიმბოლო ეძახა. "გრეჩიხა" ახტა, დახტა, მაგრამ გაჩუმდა. მიშა ახლა ის კაცი არ იყო, ძველი ბიჭები მოეყვანა "გრეჩიხას" და მისთვის საქმე გაერჩია. თუმცა, წყენა ვერ ამოიღო გულიდან და მერე, გვიან შეახსენა ეს მიშას.

"გრეჩიხამ", როგორც "ერმიტაჟის" უინტერესო ექსკურსანტმა, ისე მოიარა საკრებულოსა და ორგზის – პარლამენტის დეპუტატობა. პოლიტიკოსს, ზნეობრივ კრიტერიუმებს თავი დავანებოთ, ორი რამ მოეთხოვება – კანონზე მუშაობა და ორატორობა. ციცერონობას არავინ სთხოვდა "გრეჩიხას", მაგრამ ვერც ერთი ვერ ისწავლა, რადგან სწავლა დიდად არ ეპიტნავებოდა.

"კაი ბიჭის" სახელით, "გრეჩიხამ" 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოაღწია. აკი გითხარით, ეს არჩევნები წააგო. "ოპოზიცია ისე ექცეოდა "გრეჩიხას", თითქოს საცდელი კნუტი იყო. ძალიან კარგად იცოდნენ მისი "გაერთიანებული საქმის" წევრებმა, რომ ლევანი არც პოლიტიკოსი იყო, არც საპრეზიდენტო კანდიდატად ივარგებდა და, მით უფრო, ვერც პრეზიდენტად. მაინც გაწირეს. წააგო "გრეჩიხამ", მაგრამ არ დანებდა – გამიყალბეს არჩევნებიო, არადა, თბილისში ალალად და კაცურად მოიგო. ეგ ძალიან უხაროდა, ქალაქელებმა მხარი დამიჭირეს, მე ჯიგრების პრეზიდენტი ვარ, მიშა – სოფლელებისაო. თუმცა, მალე მიხვდა თავის იაღლიშს და "თბილისის პრეზიდენტობიდან" ნებით გადადგა.

გაირბინა არასრულმა ხუთმა თვემ და "ეროვნული საბჭო" თავისი ყოჩით საპარლამენტო არჩევნებში ჩაება – ლევანი სიის სათავეში იყო, თანაც, სამგორში იყრიდა კენჭს. მაჟორიტარ კანდიდატად. აქ მისი კონკურენტი რუსუდან კერვალიშვილი იყო. ჰოდა, რუსუდან კერვალიშვილმა ამ შენს "დე ფაქტო პრეზიდენტს" შავი დღე აყარა, სამგორში პირწმინდად დაამარცხა. ნიშანდობლივი ფაქტია: ოპოზიციას თავისი ყოჩის ეს მარცხი არ გაუპროტესტებია, ეს მაშინ, როცა საქართველოს 76 საარჩევნო ოლქის მონაცემებიდან, 75 ოლქი საჩივრებით აიკლო – გაყალბდა მაჟორიტართა არჩევნები და ჩვენი კანდიდატები უწესოდ დაამარცხეს "ნაციონალებმაო".
აი, სამგორის მარცხი კი შეირგეს, ხმა არ ამოიღეს, ერთი უბანი რაა, ერთ უბანშიც კი "ვერ აღმოაჩინეს" დარღვევა. დავიჯერო, ერთი დარღვევა არ ყოფილა ამხელა ოლქში? ყველა ანგელოზმა ცსკო-დან მაინც და მაინც სამგორის რაიონის საარჩევნო უბნებში მოიყარა თავი? ბოროტი ხალხი ამბობს, ეგ მარცხი "გრეჩიხამ" იმიტომ არ გააპროტესტა, რუსუდან კერვალიშვილმა "ცენტრ-პოინტიდან" 5 "ლიმონი" მწვანე მისცა "გრეჩიხას" არჩევნებმამდე და გაკოტრებულმა ლევანმა ბანკის ვალები ამ ფულით დაფარა, ცოტაც "სათუხთუხოდ" დარჩაო. თუმცა, არ დაიჯეროთ, ბოროტი ხალხი ამბობს-მეთქი, ხომ გითხარით?!

"ლევან გაჩეჩილაძე და კომპანიამ" აქცია – არჩევნების სინთეზით მიზანს მიაღწიეს, ხელისუფლება მაშინ ვერ დაამხეს და მერე, მარტო დიდი აქცების იმედად დარჩნენ. დარჩნენ და მერე როგორ? შარშან, 9 აპრილს რომ დასცხეს, მიშას წამზომი ჩაურთეს და ხალხს აიმედებდნენ – მიშა გარბის, აი, ახლა ჩემოდანს ალაგებს, ეეხლა კოსტუმი ჩადო ჩემოდანში, ეეხლა – პირსახოცი,... დაკეტა! ერთ ხელში ჩემოდან უჭირავს, მეორეში – სპორტული ჩანთა, ავლაბრის რეზიდენციიდან გამოდის, მანქანაში ჯდება და აეროპორტში მიდის... იქ დიიდი თვითმფრინავი ელოდება მიშიკოს, ჩაჯდება და ცხრა მთას იქით, სადაც დიდი დევებია, იქ გაფრინდებაო. ამ ზღაპარს დღეში სამჯერ უყვებოდნენ ხალხს "გრეჩიხა" და მისი დაქალ-ძმაკაცები, დილით, შუადღისას და საღამოს – ძილისპირულად. ხალხმა 3 თვე უსმინა ამ ზღაპარს, და მართლა ჩაეძინა. მას აქეთ, ამ ჩვენი გაჭირვებული ოპოზიციის მომხრეებს სძინავთ, ოპოლიდერები აჯანჯღარებენ, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ვერ აღვიძებენ. "გრეჩიხასაც" ხმაში რიხი დაეკარგა.
იმ მიტინგებზე, ზღაპართან ერთად, შიგა და შიგ ჩასძახებდა – მიშა მოვედი! მიშა აქა ვარ! მაგრამ, ახლა მაგასაც აღარ იძახის, ანდა, რომ იძახოს, მომსმენი ვინღაა? – არავინ! აქა-იქ ტელე-საგაზეთო ინტერვიუებს არიგებს, მაგრამ ეტყობა აშკარად, "გრეჩიხამ" ლამპას მაგრად დაუწია – ეს ის "გრეჩიხა" აღარ არის.

ვიდრე დავასრულებ, ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკური ცხოვრებიდან რამდენიმე სკანდალურ-კურიოზული ეპიზოდი გავიხსენოთ.
1. 2008 წლის აპრილში, ლევან გაჩეჩილაძე მიტინგზე გამოდის სიტყვით, ლევან ყუბანეიშვილს მკვდარი და ცოცხალი არ დაუტოვა გაულანძღავი _ ეგ კაცი პირდაპირ ეთერში არ რთავს ოპოზიციის მიტინგებსაო. მისი ეს განცხადება "კაკრაზ" საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. ამ კადრმა, შესაბამისი კომენტარით, ყველა უცხოური ტელევიზია მოიარა, "გრეჩიხა" კი კარგა ხანს ხმას აღარ იღებდა, ყუბანეიშვილისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ტენდენციურობაზე, ეს საქმე გოგა ხაინდრავას გადააბარა.

2. 2008 წლის აპრილში, საპარლამენტო არჩევნების წინ, "გრეჩიხა" მაგარ შარში გაეხვია – დეპუტატობის კანდიდატმა ნარკოტესტი ვერ გაიარა. ოპოზიციამ: რაო? ჩვენი ლევანაო? ჩვენი მინი-პრეზიდენტიო? რას ქვია ვერ გაიარა, გაუჩალიჩესო! თუკი გოგა ხაინდრავამ გაიარა, მაგან როგორ ვერ გაიარაო?! ატყდა დიდი ვაი-უშველებელი. "გრეჩიხამ" – თავის ტკივილის წამალი დავლიე, ის წამალი შეიცავდა ოპიატის ჯგუფის ნივთიერებებსო. ოპოზიციამ დაიგინა, ვიდრე ხელახლა არ გაატარებთ ნარკოტესტს, არ დავიშლებითო (არა, ვინ ეხვეწებოდა, შეიკრიბეთო?). ძმები – "გრეჩიხები" ნარკოცენტრში მიცვივდნენ, სანამ ახალ სინჯს არ აიღებთ, აქედან არ წავალთო. ნუ, ბოლოს დანებდნენ, ახალი სინჯი აუღეს. მთელი ოპოზიცია ნარკო-ცენტრთან იდგა და მოუთმენლად ელოდა "გრეჩიხა" ხელახლა როდის მოშარდავდა. ... და, ჰა, როგორც იქნა – მოშარდა!!! შარდში ნარკო-ნივთიერება არ აღმოჩნდა. ოპოზიცია ისეთი ბედნიერი იყო, "გრეჩიხას" შარდი სუფთა რომ აღმოჩნდა, ლამის არჩევნებიც დაავიწყდათ. დილამდე ზეიმობდნენ. ამით კი, წაგებული მხოლოდ "გრეჩიხა" დარჩა.
საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილმა დაიჯერა, რომ პირველი ტესტი გაუყალბეს და "ნაციონალებმა" გაუჩალიჩეს". დიდმა ნაწილმა ირწმუნა – ეგ ბიჭი ნარკოტიკებთან მთლად მწყრალად არ უნდა იყოს, აბა, მართლა რა დოზანა დაემართა "და ჟე" ხაინდრავამ გაიარა პირველივე ტესტიო. ისე, გოგა ხაინდრავამ მართლაც და როგორ გაიარა ნარკო-ტესტი, რატომ არ აღმოაჩნდა შარდში ნარკოტიკის შემცველი ნივთიერება, ეს საუკუნის მეტიც, სამარადჟამო საიდუმლოა, როგორც კენედის მკვლელობა, ტამპლეიერების განძის ადგილსამყოფელი ან მეორედ მოსვლის ზუსტი თარიღი.
3. "გრეჩიხა" თავისი ღვინის კომპანიის, "ჯი-ვი-ეს"-ის ნაწარმის 80 პროცენტს რუსეთში ასაღებდა, დანარჩენს – თბილისში. ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც ამ პროფილით მუშაობს, "გრეჩიხას" ღვინოში პესტიციდი აღმოაჩინა. პესტიციდი კიბოს იწვევს. ეს სკანდალი კი ჩაფარცხა "გრეჩიხამ" უკეთ, არ გაასკანდალა და გაერო-ს ეგიდით თბილისში მოსაქმე ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნამ მთავრობამდე ვერ მიაღწია. თუმცა, ინფორმაციამ გაჟონა და როცა რუსეთმა ემბარგო დაუწესა საქართველოს, რუსეთში აკრძალა ქართული ღვინო, მაშინ, რუსეთის მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშჩენკომ ბრიფინგი გამართა, წინ რამდენიმე ქართული კომპანიის მიერ ჩამოსხმული ღვინის ბოთლი ედგა. ერთი – "ჯი-ვი-ეს"-ისა.
მართალია, ონიშჩენკოს გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო, მაგრამ "გრეჩიხამ" "გაუპრავა" ონიშჩენკოს ეს გადაწყვეტილება – მის ღვინოში მართლა ერია პესტიციდი. მოკლედ, "გრეჩიხა" ევროპაში სუფთა ღვინოს აგზავნიდა, რუსეთში – მოწამლულს. ერთი ეგ არის, რომ ეგ კაცი საქართველოშიც ყიდდა ამ ღვინოს, თორემ წესით, მადლობა უნდა ვუთხრათ – "გრეჩიხა". ონიშჩენკოს დედა ვატირე, ეცლიათ, "გრეჩიხასთვის", ისეთი ტემპით ყიდდა რუსეთში ამ პესტიციდიან ღვინოს, 2008 წლის მაისამდე, მგონი, ერთი რუსიც აღარ იქნებოდა ცოცხალი, ომსაც გადავრჩებოდით და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს კი არა, უპატრონოდ დარჩენილ სოჭსაც უომრად, თოფის გაუსროლელად დავიბრუნებდით (ანდა, ვიღასთვის უნდა გვესროლა – ამ დროს "გრეჩიხას" მთელი რუსეთი ამოწყვეტილი ეყოლებოდა...).

4. "გრეჩიხა" პოლიტიკაში ქურდულს კი აწვება, მაგრამ ხალხი "გადააგდო". ოპოზიცია, იმ მრავალთვიან, იმედიან და უშედეგო მიტინგზე უმტკიცებდა ხალხს – ცოცხალი თავით არ წავალთ მიშასთან და მის ხალხთან მოსალაპარაკებლადო. მერე გაირკვა, ერთხელ, ღამით, თურმე, "გრეჩიხა" გაიპარა, შავნაბადაზე აირბინა მიშასთან, რაღაც მოილაპარაკეს და უკან ჩამოირბინა. კაციშვილმა ვერ გაიგო ჟურნალისტების გარდა. ამათ როგორი სიტყვის შენახვა იციან, კარგად მოგეხსენებათ – მაჯაგანით ვერ ამოაცლი პირიდან სიტყვას. მოკლედ, ჟურნალისტები ოპოზიციის ლიდერებს მიადგნენ კომენტარისთვის, ლევანი მართლა შეხვდა მიშასო? სალომე ზურაბიშვილი შოშიასავით აღებდა პირს და ქართულიც დაავიწყდა და ფრანგულიც მოულოდნელობისგან, ელდანაცემი ნინო ბურჯანაძე შოკში იყო და პირსაც კი ვერ აღებდა, კობა დავითაშვილს თვალები უფრო გაუფართოვდა, სხვა ლიდერები კი ხალხსაც დაემალნენ და ჟურნალისტებსაც – პასუხის გასაცემი დრო მოგვეცითო, – გეგონება, "ვის უნდა 20 ათასს" ეთამაშებოდნენ. ჰო, ჰო, "გრეჩიხამ" მარტო ხალხი კი არა, თავისი პარტნიორებიც "გადააგდო". ეგეც შენი "კაი ტიპი" და "ალალგულა ბიჭი". პოლიტიკაში ან პოლიტიკოსი უნდა იყო, ანდა _ საერთოდ არ უნდა იყო. ძველი ბიჭები _ ბირჟაზე!

5. შარშან, თბილისს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ეწვია. ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად. "გრეჩიხაც" შეხვდა ძია ჯოს. ყველამ თავისებურად მოუყვა ამ კაცს საქვეყნო პრობლემები. "გრეჩიხას" ჯერმა მოაწია და, რა თქმა უნდა, ციხით დაიწყო – საქართველოში 22 000 პოლიტპატიმარია, ძია ჯო, გვიშველე რამეო. ჯო ბაიდენს გაოცებისაგან ყბა ჩამოუვარდა, – ცივმა ოფლმა დაასხა და ამოიკნავლა – ხალხო, გამაგებინეთ, ეს სადა ვარ, 22 ათასი პოლიტ-პატიმარი ფიდელ კასტროს, საჟამ ჰუსეინსა და კიმ ირ სენს ერთად არ დაუჭერია, რა ხდებაო? ნინო ბურჯანაძემ შეუსწორა მოკრძალებით – ძია ჯო, ლევანს შეეშალა, 22 ათასი პოლიტ-პატიმარი კი არა, ჩვეულებრივი პატიმარია საქართველოშიო. ჯო ბაიდენმა ოფლი მოიწმინდა, ყბა გაისწორა და დიალოგი გააგრძელეს. იმის მერე, თურმე "გრეჩიხას" ინგლისური ენის შესასწავლი წიგნი არ გაუგდია ხელიდან, განსაკუთრებით, ინგლისურად ციფრების გამოთქმაში ვარჯიშობს, უკვე მილიონებშია გადასული. აი, ეგეთი საერთაშორსიო სირცხვილი ჭამა ოპოზიციის "დე ფაქტო პრეზიდენტმა". ახლა, ეს კაცი რომ პრეზიდენტი გამხდარიყო, ბარაქ ობამასა და ნიკოლა სარკოზის რომ დაუჯდებოდა მოსალაპარაკებლად, რა დაუწყობელ-დაულაგებელი ატყდებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ? ობამა, რომ "გრეჩიხას" ეტყოდა – გამარჯობაო! და ლევანი კიდევ – ნახვამდისო!.

აი, ეგეთია ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკური პორტრეტი. კურიოზია, აბა, რა არის, როცა მოძველბიჭო, ქუჩური მენტალიტეტის კაცმა, არათუ დამკვიდრება მოახერხა პოლიტიკაში, მეტიც – ამგვარი პოლიტ-ტიპაჟი დაამკვიდრა. მოთხოვნილება გაჩეჩილაძისნაირ პოლიტიკოსებზე ჯერ კიდევ არის, მაგათ თავიანთი ამომრჩეველი, ჩვენდა საუბედუროდ, ჰყავთ. რაც შეეხება გარეგნულ მხარეს, ამ ტიპის პოლიტიკოსისთვის აუცილებელია – ჩაჩები, ბოტასები და ზაფხულში – შიშველი ფეხები სანდლებში, ზამთარში – დუტი "კურტკა" და კეპი, ნახევრად ჟარგონული ლექსიკა, პოლიტტერმინოლოგიის არცოდნა, ჟურნალისტებს აქა-იქა უნდა აგინო. ამას დავუმატოთ ორიოდ შტრიხიც _ აუცილებელად უნდა ჰქონდეს ქუჩური წარსული და შეხება თუ არა, ცოტათი გახახუნება ნარკოტიკებთან. აი, ასეთია "ქუჩური პოლიტიკოსის" ტიპაჟი.
ლევან გაჩეჩილაძეს ყველაფერში გაუმართლა. მეტიც, ქუჩიდან "კლიჩკაც" გამოჰყვა – "გრეჩიხა"... და უფრო მეტიც, – "ქუჩიდან მოსული" პოლიტიკოსის იმიჯს, თუკი რაიმე უკლია, დაუყვედრებლად უვსებს უმცროსი ძმა – გიორგი გაჩეჩილაძე, "პატარა გრეჩიხა", ცნობილი შოუმენი, რომელიც ძმის გადამკიდე, ბოლო ხანს, პოლიტიკური შოუების დადგმაში გაიწაფა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100