ცოლის თვალებში საკუთარი ანარეკლი უყვარდა, მაგრამ მაინც..
"მე ვმუშაობ კინოში იმიტომ, რომ ეს მთელი ცხოვრებაა, ცხოვრების ულამაზესი ყვავილი კი, ჩემი ცოლია - ჯულიეტა მაზინა." სადაც შეიძლებოდა ყველგან ხმამაღლა ამბობდა უდიდესი იტალიელი კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი. ფელინის გენიალურობაში დღემდე არავის ეპარება ეჭვი, თუმცა შეძლებდა კი ის წარმატების მიღწევას ჯულიეტას გარეშე? ფელინი ამას არც მალავდა და სახალხოდ აცხადებდა: "ჯულიეტა ჩემი ბეატრიჩეა!"
ფელინისავე სიტყვებით მისი ყველაზე ცნობილი ფილმები: "გზა","კაბირიას ღამეები", "ამარკორდი", "დედიკოს ბიჭები", "ტკბილი ცხოვრება","კაზანოვა", "რვანახევარი", "რომი", "ჯინჯერი და ფრედი" - სწორედ რომ ჯულიეტას სიყვარულმა გადააღებინა.
როცა ფელინიმ ფილმი "გზა" დაასრულა და "ოსკარიც" მიიღო, მაზინა იხსენებდა: "მეგონა, ამ ფილმისთვის სრულიად შემცვლიდა, გრეტა გარბოს ან კეტრინ ჰეპბერნს დამამასგავსებდა, მან კი ჩემი სახე კიდევ უფრო დაამრგვალა, თმა კი - უფრო უხეში გახადა". ამაზე ფელინიმ ცოლს განუცხადა: "მე კიდევ უფრო მაცდური გაგხადე, ვიდრე მერლინ მონროა". ჯელსომინას როლის შემსრულებელ მაზინას, ჩარლი ჩაპლინსაც ადარებდნენ, რაც მთავარია, მისი გენიალური მეუღლე შეუდარებლად მიიჩნევდა."რომ არა ფელინი, ჩემი თავი არასოდეს მეყვარებოდა. მე ხომ ერთი პატარა მრგვალი სახე და ჯაგარივით თმა მაქვს",წერდა ჯულიეტა საკუთარ მოგონებებში.
ფედერიკოს ახლო მეგობარი ტონინო გუერა იხსენებდა: "სიკვდილამდე ორი დღით ადრე მითხრა, - როგორ მინდა, კიდევ ერთხელ შევიყვაროო! სიყვარული ცხოვრებაში ხომ ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლავი რამაა, შემოქმედისთვის კი - ერთადერთი უშრეტი შთაგონების წყარო... როცა გიყვარს, შენ უბრალოდ ადამიანი აღარა ხარ, არამედ სურნელებად იქცევი და ჰაერში ლივლივებ. სწორედ ეს განცდაა ცხოვრებაში მთავარი." ეს სიტყვები ტონინოს გადმოცემით ''პატარა ჯულიეტაზე'' იყო!
სიყვარულის ისტორია 1943 წელს დაიწყო. ფელინი 23 წლის იყო მაზინა 21ის. პირველი შეხვედრით რეჟისორი არ მოხიბლულა ახალგაზრდა გოგონათი, მაგრამ დაახლოვების შემდეგ ორივე მიხვდა რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი.
მაზინა იხსენებდა: "მე და ფედერიკოს ვერ დაგვარქმევენ ოჯახს, არც მემკვიდრე, არც ახლო ნათესავი... ჩვენ უფრო წყვილი ვართ, ორი ადამიანი, რომელიც ურთიერთშეთანხმებულად ერთად ცხოვრობს. თუმცა განვსხვავდებით კიდეც: მე ლაპარაკი მიყვარს, ის - სიტყვაძუნწია. მე მოგზაურობა მიყვარს, ის - ვერ იტანს. მე მუსიკას სიამოვნებით ვუსმენ, მას კითხვა ურჩევნია. ხშირად მეკითხებიან, - როგორ ცხოვრობ გენიოსთან ერთად, რთული არ არისო? მე ვპასუხობ: სულელთან ცხოვრება უფრო გამიჭირდებოდა-მეთქი".
ფელინი თავის მოგონებების წიგნში "მე ვიხსენებ", ჯულიეტაზე წერდა: "ის იყო პატარა და უმწეო, ნაზი და უმანკო, ერთი სიტყვით, ძალიან კარგი. მუდამ მზრუნველობას მოითხოვდა და მეც არ ვაკლებდი. მის თვალებში ჩემი ანარეკლი მიყვარდა!
ისინი გაცნობიდან რამდენიმე თვეში, 30 ოქტომბერს დაქორწინდნენ. მათი კავშირი უფრო გამტკიცდა, მას შემდეგ რაც ჯულიეტა კიბიდან ჩამოვარდა და მუცელი მოეშალა. მეორე ფეხმძიმობაც ტრაგიკულად დამთავრდა - ახალშობილმა მხოლოდ ორი კვირა იცოცხლა. ფელინი წერდა: "დაღუპულმა ბავშვმა უფრო მეტად დაგვაკავშირა, ვიდრე ამას ცოცხალი ბავშვები შეძლებდნენ. თუ უშვილო ოჯახი არ ინგრევა, ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი მტკიცეა და მეუღლეებს ერთმანეთი ეიმედებათ.
"ყოველთვის აღმაგზნებდა მშვენიერი სანახაობა - როცა ქალი ზის და საჭმელს გემრიელად შეექცევა. დარწმუნებული ვარ, ქალს, რომელსაც ჭამა უყვარს, შეუძლებელია არ უყვარდეს სექსი. ასეთი ქალი კი მამაკაცისთვის განსაკუთღებით მიმზიდველი და ამაღელვებელია. შესაძლოა, ამიტომაც მაინტერესებს ტანსრული ქალები", - წერდა ფელინი თავის მემუარებში...ცნობილია რომ მეუღლის მომზადებულ მოხარშული მაკარონი,რეჟისორის საყვარელი კერძი იყო - "მხოლოდ ჯულიეტამ იცის მისი ასე გემრიელად მომზადება. მიირთმევ მთელ თეფშს და ძილს მიეცემი" - ამბობდა ფელინი. მათ ერთად 50 წელი იცხოვრეს, ბავშვების ნაცვლად კი ფილმები ჰქონდათ საერთო.
1993 წლის 3 აგვისტოს ფელინის ინსულტი დაემართა. ექიმები დიდხანს იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ - 31 ოქტომბერს დიდი მაესტრო გარდაიცვალა. "მე მინდა მასთან წავიდე", - თქვა ჯულიეტამ ქმრის ცხედართან და 5 თვეში მართლაც წავიდა...
გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა ხმა ფელინის ორმაგი ცხოვრების შესახებ. გაირკვა, რომ რეჟისორს ჰყავდა მეორე ქალი - ანა ჯოვანინი, იდუმალი საყვარელი, მთელი 36 წლის განმავლობაში! ლამაზი და ტანსრული აფთიაქარი ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც წარმოსახავდა ფელინი თავის ფილმებში. იგი საყვარელს მეტსახელად "პაჩოკას", ანუ "ფუნთუშას" ეძახდა. ფელინიმ მას სამსახური დაატოვებინა, რათა სრულ განკარგულებაში ჰყოლოდა. პირველსავე მოთხოვნაზე ანა ფელინთან ჩნდებოდა...ამბობდნენ კულუალებში როცა უკვე ფედერიკო და ჯულიეტა ამ ქვეყნად აღარ იყვნენ, სიამრთლეა თუ არა ეს ამბავი დაზუსტებით არავინ იცის. თუმცა ერთი უდაოა მისი ნამდვილი მეწყვილე და სიყვარული პატარა ტანისა და ბავშვური სახის ჯულიეტა მაზინა გახლდათ.
კომენტარი