სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: "აშშ–მ რუსეთის ბომბები შეაჩერა"

ელი ლეიკი, Daily Beast

თვეების განმავლობაში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საქართველოს სიმშვიდეს აფეთქებები არღვევდა, რასაც რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებდნენ. ელი ლეიკთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციის და განსაკუთრებით ჰილარი კლინტონის დამსახურებაა ის, რომ მათ რუსეთი ფარული დიპლომატიის გზით შეაჩერეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ობამას ადმინისტრაციის დამსახურებად მიიჩნევს იმას, რომ მან ფარული დიპლომატიის გზით აიძულა რუსეთი აფეთქებების სერია შეეწყვიტა, რომელიც ატერორებდა მის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას მთელი შარშანდელი წლის განმავლობაში.

„აფეთქებების შეწყვეტის მთავარი მიზეზი ამერიკული დიპლომატიაა“, – განაცხადა სააკაშვილმა Daily Beast-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა რუსეთის სამხედრო დაზვერვა დაადანაშაულეს იმაში, რომ სწორედ ის უწყობდა ხელს ამ აფეთქებების განხორციელებას ორ ქვეყანას შორის იმ ხანგრძლივი დაპირისპირების ფარგლებში, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ღია ომში გადაიზარდა. სააკაშვილის თქმით სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ქმედებები განსაკუთრებით მკვეთრი და ეფექტური აღმოჩნდა.

„პირველწყაროდან ვიცი, რომ ჰილარი კლინტონმა აღნიშნული საკითხი რამდენჯერმე დააყენა [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი] ლავროვის წინაშე“, – განაცხადა მან. „და ეს უბრალო ფორმალობისთვის არ კეთდებოდა, ის ამ საკითხში ძალიან მომთხოვნი იყო და მკაცრად მოქმედებდა. საჯარო დონეზე ეს ნაკლებად თვალშისაცემი იყო, მაგრამ დიპლომატიური წყაროებიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ადმინისტრაცია ძალიან მკვეთრად მოქმედებდა. და შედეგიც თქვენთვის ცნობილია. მას შემდეგ რაც მათ ამის გაკეთება დაიწყეს… აფეთქებები შეწყდა“.

ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, რომელმაც დიპლომატიური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ანონიმად დარჩენა ისურვა, დაადასტურა ის, რომ აშშ-ს მხრიდან მსგავს ძალისხმევას ადგილი ჰქონდა. „ობამას ადმინისტრაციამ აფეთქებების ფაქტებზე სწრაფი გამოძიება ჩაატარა და აღნიშნული ინციდენტები რუსეთის მთავრობაში უმაღლეს დონეზე ჩვენს კოლეგებთან განიხილა“, – თქვა მან.

საკითხი განსაკუთრებით დელიკატურია 2010 წლის 22 სექტემბრის შემდეგ, როდესაც აფეთქება თბილისში ამერიკის საელჩოს გარე კედელთან მოხდა, მეორე ბომბი რომელიც არ აფეთქდა იქვე ავტოსადგომზე აღმოაჩინეს. დაზვერვის ორი შეფასების თანახმად (ერთი იანვარში, ხოლო მეორე ივლისში ჩატარდა), საელჩოსთან აფეთქებებს რუსეთის სამხედრო დაზვერვის მაიორი ევგენი ბორისოვი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით რუსეთის მხრიდან შარშან შვიდი აფეთქება განხორციელდა, კიდევ ხუთი მცდელობა აღკვეთილ იქნა.

რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიამ, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოადგენს კომენტარზე უარი განაცხადეს. ადრე საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ვაშინგტონში უარყოფდა რუსეთის კავშირს აშშ საელჩოსთან მომხდარ აფეთქებასთან და სხვა აფეთქებებთან საქართველოში.

სააკაშვილმა Daily Beast-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, აფეთქებები, მათ შორის ამერიკის საელჩოსთან, რუსეთის მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლების ბრძანებით განხორციელდა. „მე დიდი ხანია ვიცნობ ვლადიმერ პუტინს“, – თქვა მან რუსეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრსა და ყოფილ პრეზიდენტზე. „ის კმაყოფილებას განიცდის, უბრალოდ გიჟდება სპეცოპერაციების დეტალების ცალკეული დეტალების დაგეგმვაზე. მას ეს დეტალები უფრო იზიდავს, ვიდრე ზოგადი საფრთხეები. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ვიღაც ისე შეხებოდა რუსეთისთვის და განსაკუთრებით პუტინისთვის ისეთ მტკივნეულ თემას, როგორიც საქართველოა ისე, რომ ეს არ სცოდნოდა პუტინს ან ეს ბრძანება მას არ გაეცა“.

კითხვაზე, თუ რაში სჭირდებოდათ რუსებს ამერიკის საელჩოს აფეთქება, სააკაშვილი პასუხობს: „ვფიქრობ ეს იყო მკაფიო სიგნალი. სიგნალი ასეთია: ეს ჩვენი ტერიტორიაა, ამიტომ, გირჩევთ აქაურობას მოშორდეთ. ჩვენ აქ გავაკეთებთ იმას, რაც მოგვინდება“.

სააკაშვილის ინტერვიუს შემდეგ, შაბათს, პუტინმა განაცხადა, რომ მომავალი წლის არჩევნებში რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის.

საქართველოს მაღალჩინოსნების თქმით, შეერთებულმა შტატებმა აფეთქებებთან დაკავშირებით მოსკოვზე ზეწოლა მას შემდეგ გააძლიერა, რაც Washington Times-მა ივლისში და აგვისტოში საელჩოსთან ინციდენტების შესახებ პუბლიკაციების სერია გამოაქვეყნა.

საქართველოს პრეზიდენტმა გულითადად შეაქო პრეზიდენტი ობამა, თუმცა განაცხადა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ უარი განაცხადა საქართველოსთვის რაკეტსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მიყიდვაზე, რასაც მისი ქვეყანა 2009 წლიდან ითხოვს. სააკაშვილის თქმით, მან მაღალი რანგის ამერიკელი სენატორები გააფრთხილა არ ენდონ რუსების განზრახვებს. „ისინი ფიქრობენ, რომ ცივი ომი არ დასრულებულა და რომ რევანშის დროა“, – განაცხადა მან.

ობამას ადმინისტრაციას ბევრი რესპუბლიკელი აკრიტიკებს იმის გამო, რომ საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ ის რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას აწარმოებს. რუსეთის არმიას დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონები, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამ დავის ირგვლივ საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებებში შუამავალი შვეიცარიის მთავრობაა.

ობამას ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთთან გადატვირთვის მეორე ფაზა მოსკოვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებას შეუწყობს ხელს. რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას ყველა წევრი-სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, რის გამოც ამ ორგანიზაციის წევრ საქართველოს რუსეთის წევრობაზე ვეტოს უფლების გამოყენება შეუძლია.

საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთის მსო-ში მიღებას დაბლოკავენ, თუკი მოსკოვი ქართველ მებაჟეებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან საზღვრის კონტროლის უფლებას არ მისცემს, რაზეც რუსეთი უარს აცხადებს.

ინტერვიუში სააკაშვილმა საქართველოს ადრინდელი პოზიციიდან ოდნავ უკან დაიხია და განაცხადა, რომ „მინიმალურ ტექნიკურ კონცეფციას“ მოითხოვს, რომელიც ნებისმიერ „საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციას“ საზღვრებზე მონიტორინგის განხორციელების საშუალებას მისცემს. „თუკი ჩვენ ამაზე მოლაპარაკებას ვერ შევძლებთ, მოსახლეობის თვალში სოლიდურად ვერ გამოვჩნდებით“, – განაცხადა მან.

უშიშროების საბჭოს სპიკერმა თომას ვიეტორმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების გაგრძელებას. „ჩვენ კმაყოფილნი ვართ იმ სამუშაოთი, რომელიც შვეიცარიის მთავრობამ გასწია სამართლიანი კომპრომისის ძიებაში საქართველოს და რუსეთს შორის ამ საკითხების ირგვლი. ჩვენ ორივე მხარეს ვარმუნებთ, რომ სერიოზულად მიუდგნენ შვეიცარიის წინადადებებს“, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა იმაზეც ისაუბრა, რომ მხარს უჭერს ავღანეთში სამხედრო მოქმედებებს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ქვეყნები საკუთარი ჯარების გაყვანისთვის ემზადებიან. საქართველომ ავღანეთში 1000 ჯარისკაცი გაგზავნა, და მისი სამხედროები იქ დამატებით 1000 კაციანი კონტიგენტის გაგზავნისთვის ემზადებიან.

სააკაშვილის თქმით, ის „მუდმივად“ ესაუბრება ქართულ საზოგადოებას ავღანეთის ომში საქართველოს წვლილის აუცილებლობაზე. „ამაში ჩვენ მდიდარი გამოცდილება გვაქვს, რაც შეეხება დასავლური სამყაროს გეოპოლიტიკურ სისუტეს“, – თქვა მან“ ეს ტერორისტები უშუალო საფრთხეს წარმოადგენენ. ჩვენ იქ უნდა ვიყოთ“.

სააკაშვილმა განაცხადა ასევე, რომ საქართველოსთვის სასარგებლოა ის, რომ დემოკრატიული ქვეყნების კოალიციის გვერდით იბრძვის. „ჩვენ გვჭირდება, ჩვენ გვინდა გვყავდეს პროფესიონალური არმია“, – განაცხადა პრეზიდენტმა, „და ის უნდა მონაწილეობდეს ამ მისიაში. ეს მომავლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

სააკაშვილისთვის არ არის მარტივი აშშ-სთან ურთიერთობაში ლავირება. ის მეგობრობს რესპუბლიკელ სენატორ ჯონ მაკკეინთან, რომელიც ობამამ 2008 წლის არჩევნებში დაამარცხა.

„ვფიქრობ, ჯონ მაკკეინი ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარია მსოფლიოში“, – განაცხადა სააკაშვილმა „მე მას უდიდეს პატივს ვცემ“.

მისი თქმით, საქართველო მიესალმებოდა საკუთარ ტერიტორიაზე Х-დიაპაზონის რადარის განთავსებას საკუთარ ტერიტორიაზე, რომ მონაწილეობა მიიეღო ირანისგან ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ანტისარაკეტო თავდაცვის რეგიონალურ სისტემაში. რესპუბლიკელი სენატორები ჯონ კაილი და მარკ კერკი პენტაგონს მოუწოდებენ უარი თქვას ამ რადარის თურქეთში განთავსებაზე ამ წლის ბოლოს და გადაიტანოს ის საქართველოს ტერიტორიაზე.

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ სისტემის მონაცემებს ისრაელს არ გაუზიარებს. სააკაშვილი კი სხვაგვარად მოიქცევა. „ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ეს ინფორმაცია ნებისმიერ ქვეყანას, ისრაელის ჩათვლით“, – განაცხადა მან.

ორიგინალი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100