„Ну, погоди!“–ს მგელი ვლადიმირ ვისოცკის არ გაახმოვანებინეს
პოპულარულ რუსულ მულტსერიალს „აბა, დამაცადე!“, რომელთანაც, გვინდა თუ არ გვინდა, ბევრი ჩვენგანის ბავშვობა მჭიდროდაა დაკავშირებული, წელს ორი იუბილე აქვს. პირველი: ზუსტად 25 წლის წინ ბოლო, მე–16 სერია გადაიღეს სერიალის „ოქროს წლებიდან“, ანუ 1969–1986 წლების განმავლობაში. სწორედ ამ წლებს უკავშირდება მგლისა და ბაჭიას ყველაზე ცნობილი თავგადასავლები. და მეორე: 5 წლის წინ მაყურებელმა სერიალის ბოლო, მე–20 სერია იხილა. 1986 წლის შემდეგ გამოსული 4 სერია მაყურებელთა უმრავლესობამ არ მიიღო. მაგრამ დღევანდელ სტატიაში იმ სერიებსა და მათთან დაკავშირებულ ამბებს გავიხსენებთ, რომელთა ნახვაზე არც პატარები და არც დიდები თითქმის არასდროს ამბობდნენ უარს.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი „აბა, დამაცადეს“ შესახებ: თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო, რომ მგელი ვლადიმირ ვისოცკის უნდა გაეხმოვანებინა, მაგრამ ის „ზემოდან“ დაიწუნეს. ამის მიუხედავად, პირველივე სერიაში მისი სიმღერა დარჩა.
მულტსერიალის სულ რამდენიმე სერიის გამოსვლის შემდეგ „აბა, დამაცადე!“ კინაღამ დახურეს: ერთ–ერთმა სცენარისტმა, ფელიქს კომოვმა ისრაელში წასვლა გადაწყვიტა, რამაც „სოიუზმულტფილმის“ ხელმძღვანელობა გააღიზიანა. გაღიზიანება იმდენად დიდი იყო, რომ მომდევნო სერიების გადაღება,უბრალოდ, აკრძალეს.
მულტსერიალი მგელი–პაპანოვის მონდომებისა და მოხერხებულობის წყალობით განახლდა, რადგან მსახიობმა ერთ–ერთ წვეულებაზე დრო იხელთა და მაღალი თანამდებობის მქონე პარტიულ ჩინოვნიკს შესჩივლა – ჩემი შვილები მგელსა და ბაჭიას ისე შეეჩვივნენ, მათ გარეშე არ შეუძლიათო.
კინომცოდნეებმა და კირკიტა ადამიანებმა მულტსერიალში უამრავი ლაფსუსი აღმოაჩინეს. მაგალითად – საახალწლო სერიაში, სადაც სცენაზე "სნეგუროჩკას" ფორმაში გამოსულ მგელს ბაჭია მიკროფონის სადენში ახვევს და გაურბის, მგელს ერთ კადრში „კოლგოტი“ აცვია, მეორეში კი – არა. სხვა სერიის ერთ კადრში მგელს მოკლე მაისური აცვია, მეორეში კი – გრძელი. ერთ სერიაში დათვი–მილიციელი სამბორბლიან მოტოციკლზე ზის, მოგვიანებით კი – ორბორბლიანზე. მაგრამ ამ ყველაფერს დიდები ამჩნევდნენ – პატარებს ასეთი დეტალებისთვის აბა, სად ეცალათ...
რასაკვირველია, საბჭოთა ხელისუფლებამ მულტფილმიც კი, რომელიც, ძირითადად, ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, იდეოლოგიით დატვირთა: მგელი 60–70–იანი წლების „სტილიაგას“ ყველაზე ცუდი ნიმუშია: ხულიგანი, ჩხუბისთავი, თავხედური მანერებით მწეველი, მუზეუმებსა და მაღაზიებში ექსპონატებისა თუ ნივთების მტერი, უხეში...
კურდღელი კი წყნარი, წესრიგის, სპორტის, ბუნების მოყვარული და მეგობარი (გაიხსენეთ, როგორ რწყავს ყვავილებს აივანზე), – ერთი სიტყვით, სოციალურად აქტიური საბჭოთა მოქალაქე...
რა თქმა უნდა, ბავშვობაში ეს იდეოლოგიური მხარე ჩვენთვის არც შესამჩნევი იყო და არც საინტერესო. უფრო მეტიც – იყვნენ ბავშვები, რომლებიც მგელს უფრო თანაუგრძნობდნენ, ვიდრე ბაჭიას და ბრაზდებოდნენ, როცა მას თითქმის უკვე ხელში ჩაგდებული ბაჭია ისევ უსხლტებოდა...
ვიდეო: "აბა დამაცადეს" ერთ–ერთი სერიის გახმოვანების პროცესი
კომენტარი