ბიძინა ივანიშვილი ახალ ტელეკომპანიას ქმნის
როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ ჩაიქნია ხელი ტელეკომპანია „მაესტროზე“, რომლის შესაყიდად, თავის დროზე, მზად იყო საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტი თანხა გადაეხადა. ივანიშვილი თავად აპირებს ახალი ტელეკომპანიის შექმნას.
„პრაიმტაიმმა“ ერთობ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ოლიგარქის გარემოცვა უახლოეს დღეებში დაიწყებს მოლაპარაკებას რამდენიმე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან. მათ შორის, ყველაზე რეალურად მიიჩნევა ბათუმის „25–ე არხისა“ და შიდა ქართლში ტელეკომპანია „თრიალეთის“ ყიდვის ვარიანტი. ამ ორ ტელეკომპანიას აქვთ საინფორმაციო მაუწყებლობის ლიცენზია, მიმართულებითაც ოპოზიციურად ითვლებიან, თუმცა, მათი სიგნალის გავრცელების არეალი, ფინანსური ფაქტორის გათვალისწინებით, საკმაოდ შეზღუდულია.
ბიძინა ივანიშვილს, რომლის ძმაც „გლობალ ტვ“–ს მფლობელია, არ გაუჭირდება ახალი გადამცემების განთავსება, რომელიმე ტელეკომპანიის შესყიდვის შემდეგ მისი სამაუწყებლო სიგნალის გავრცელების არეალის გაზრდა და მისი ნაციონალურ მაუწყებლად გადაქცევა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იმედთან“ მიმართებაში თავდაპირველად სწორედ ასე მოიქცა ბადრი პატარკაციშვილი: „იმედის“ მაუწყებლობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ყველა რეგიონში შესაბამისი სატელევიზიო მინი–სადგური დამონტაჟდა – ძლიერი გადამცემითა და უწყვეტი კვების წყაროთი.
პატარკაციშვილი ცალკე უხდიდა ფულს ადგილობრივი სატელევიზიო სადგურის თანამშრომლებს და ამის წყალობით, ელენერგიის საყოველთაო გამორთვის დროსაც კი, „იმედი“ მაუწყებლობას აგრძელებდა, რადგან ავტონომიური კვების რეჟიმი მაშინვე ავტომატურად ერთვებოდა, როცა დენი მიდიოდა. ამასთან, „იმედის“ სიგნალი ყველაზე ხარისხიანი იყო. მართალია, ამას დიდი ფინანსები და მინიმუმ, სამი–ოთხი თვე სჭირდება, მაგრამ ჩიტი ნამდვილად ღირს ბრდღვნად...
„თრიალეთის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული წინადადება არ მიუღიათ, თუმცა, მოლაპარაკებისთვის მზად არიან – გააჩნია, როგორი იქნება შემოთავაზება. იგივეს ამბობენ „25–ე არხის“ მესვეურებიც, მაგრამ ბათუმური ვარიანტის არჩევის შემთხვევაში ივანიშვილს მოლაპარაკების წარმოება სხვა კუთხითაც მოუწევს: როგორც ცნობილია, „25–ე არხი“ ყოველდღიურად უთმობს თავისი საეთერო დროის მნიშვნელოვან ნაწილს სტუდია „ობიექტივს“ (ხელმძღვანელი – ირმა ინაშვილი), რომელსაც, არსებული ინფორმაციით, მოსკოვში მცხოვრები წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი – მიხეილ ხუბუტია აფინანსებს. ასე რომ, ბათუმის შემთხვევაში ივანიშვილს ხუბუტიასთანაც მოუწევს მოლაპარაკება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხუბუტია ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის ჩართვას დიდი სიხარულით შეხვდა, ალბათ, ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდეს და ოლიგარქებმა საერთო ენა ვერ გამონახონ.
ასე რომ, ზემოთაღნიშნულებიდან რომელიმე გარიგების რეალურად განხორციელების შემთხვევაში, ისედაც ჩიხში მოქცეული „მაესტრო“ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან ოლიგარქის სახით „უკანასკნელ იმედს“ კარგავს. რაც შეეხება კადრებით ახალი ტელეკომპანიის დაკომპლექტებას, გამორიცხული არაა, იქ „მაესტროს“ სახეები აღმოჩნდნენ. ახალი ტელეკომპანიის შეფად ირაკლი ტრიპოლსკის მოიაზრებენ, რომელიც ერთხელ უკვე იყო ივანიშვილის მიერ შექმნილი და ეთერში ვლ. პუტინზე გასული უარყოფითი სიუჟეტის გამო ოლიგარქის მიერ დახურული „მე–9 არხის“ ხელმძღვანელი.
„პრაიმ ტაიმი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად ბიძინა ივანიშვილის პრესცენტრის უფროსს, ნონა ყანდიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც თავდაპირველად მოისმინა შეკითხვა, მერე კი, იმ მიზეზით, რომ ცუდად ესმოდა, ხელახლა დაკავშირება ითხოვა. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ხელახალ ზარს ნონა ყანდიაშვილმა არარ უპასუხა.
სხვათა შორის, აღსანიშავია ის ფაქტიც, რომ ახლახან ახალი ტელეკომპანიის შექმნის შესაძლებლობაზე ნინო ბურჯანაძემაც ისაუბრა. „მაესტროს“ ეთერში საუბრისას ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება ტელეკომპანია, რომლის მაუწყებლობა მტელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. მას არ დაუკონკრეტებია, ვინ და როდის აპირებს ტელეკომპანიის შექმნას, უბრალოდ, აღნიშნა, რომ ამის შესახებ სხვადასხვა ადამიანებისგან შეიტყო.
მომზადებულია გაზეთ "პრაიმტაიმის" პუბლიკაციის მიხედვით.
კომენტარი