სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფადი ასლი: მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ეს ცილისმწამებლური კამპანია წარმართულია ბიძინა ივანიშვილის მიერ

ბიზნესმენი ფადი ასლი სოციალურ ქსელში ღია წერილს ავრცელებს, სადაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიაში ბიძინა ივანიშვილს სდებს ბრალს:


"ღია წერილი საერთაშორისო საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ შეტევების შესახებ

ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოების წევრებო,

ა.წ. 27 აგვისტოს ჩვენ პრესის საშუალებით შევიტყვეთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას გაუგზავნა წერილი, რომლითაც მოითხოვს, რომ ორი ქართველი ბიზნესმენის, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, "სავარაუდო ფულის გათეთრების" საფუძველზე.

როგორც ალბათ მოგეხსენებათ, ხსენებული ბატონების წინააღმდეგ ეს ცილისმწამებლური კამპანია წარმართული და ორკესტრირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ, იმ ოლიგარქის მიერ, რომელიც კულისებიდან მართავს საქართველოს და რომელმაც, წლების განმავლობაში, თავისი პირადი გარემოცვიდან დანიშნა მინისტრები და სხვა მაღალი სამთავრობო პირები; მან, ასევე, გენერალურ პროკურორად დანიშნა თავისი პირადი ადვოკატი. და ეს ყველაფერი ხდება ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება სერიოზულად კორუმპირებულია და იმყოფება მისი პირადი გავლენისა და ბრძანებების ქვეშ.

ბ-ნ ხაზარაძეს და ბ-ნ ჯაფარიძეს, ორივეს, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ, უმწიკვლო რეპუტაცია გააჩნიათ. ისინი არიან საქართველოს საზოგადოების პატივცემული წევრები, და, გარდა რამდენიმე წარმატებული ბიზნესისა, რომლებსაც ისინი უძღვებიან, მათ დააფუძნეს თბს-ბანკი, საქართველოს უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე სხვა ქართულ კომპანიასთან ერთად ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის კვოტირებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ისინი იმ იშვიათი ქართველი ბიზნესმენების რიგში არიან, რომლებიც ყოველთვის წარმართავდნენ საქმეს სრული გამჭვირვალობით და მიიჩნევიან, როგორც სამაგალითო პატიოსნების, ეთიკურობის და სამართლიანობის პირები.

თუ თქვენ ადევნებთ თვალყურს საქართველოს ამბებს, გეხსომებათ, რომ 2018 წლის ბოლოს ბ-მა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა ტელევიზიით, რომ მას პირადი პრობლემები ჰქონდა ბ-ნ ხაზარაძესთან. ამ განცხადებას რამდენიმე დღეში მოჰყვა კარგად ორგანიზებული და სინქრონიზებული შეტევა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბანკზე, რომელშიც ერთობლივად მონაწილეობდნენ საფინანსო მონიტორინგის სამსახური, შემოსავლების სამსახური, ეროვნული ბანკი და პროკურატურა, და რომლებმაც, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, თერტმეტი წლის შემდეგ, გადაწყვიტეს გამოეძიათ ერთი სპეციფიური ტრანზაქცია თითქოსდა ფულის გათეთრების საბაბით.

ბიძინა ივანიშვილის ეს უკანონო ძალისხმევა, მოეხდინა ხაზარაძის და ჯაფარიძის დისკრედიტირება, მიეყენებინა მათთვის და მათი ბიზნესებისთვის ზიანი და გაეკოტრებინა ისინი, როგორც ჩანს, უკავშირდება ანაკლიის პორტს, რომელსაც ისინი აშენებენ, და, რომელიც, სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება ბ-ნ ივანიშვილის ინტერესებს და მის დღის წესრიგს.

ამასთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ და ჯაფარიძემ საჯაროდ განაცხადეს, რომ გეგმავდნენ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას, რომლის მიზანიც იქნებოდა საქართველოში კანონის უზენაესობის აღდგენა და კორუფციის მოსპობა, გენერალურმა პროკურატურამ ყადაღა დაადო მათ საბანკო ანგარიშებს საქართველოში.

მათი ანგარიშების დაყადაღებით საქართველოში და გაერთიანებულ სამეფოში, გენერალური პროკურორი მიზნად ისახავს, ფინანსურად დაასუსტოს ისინი, რათა მათ ვერ შეძლონ ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულება, მაგრამ კიდევ უფრო, რათა ვერ შეძლონ იმ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება, რომალმაც შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს ივანიშვილის სახელმწიფო ინსტიტუტებზე უკანონო კონტროლს.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა, რომლის თავმჯდომარეობის პატივი მაქვს საქართველოში უკვე თორმატი წელია, არის მსოფლიოში უმსხვილესი და უძველესი ბიზნეს ორგანიზაცია და ის საქმიანობს 130 ქვეყანაში; ჩვენი ორგანიზაციის უმთავრეს ღირებულებებს შორის არის კანონის უზენაესობა და ბიზნესის განჭვირვალობა.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის დაქვემდებარებაშია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც ძალზედ აქტიურადაა ჩაბმული ბრძოლაში კორუფციის, გაყალბების, საავტორო უფლებების დარღვევის, ფულის გათეთრების და სხვა კომერციული დანაშაულებების წინააღმდეგ ჩვენი სფეციალური ოფისის მეშვეობით ლონდონში, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ინტერპოლთან და სხვა საერთაშორისო სამართალდამცავ სააგენტოებთან.

გასულ წლებში ჩვენ არაერთგზის გვინახავს, თუ როგორ ემსახურებოდა პროკურატურა და სასამართლო ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიების შევიწროებით, მათზე ზეწოლით თუ მოტყუებით. ჩვენ სისტემატურად და დროულად ვაწვდიდით ამგვარ საქმეებს მედიას, ვასახელებდით იმ კომპანიებს, რომლებიც მსგავსი სქემების მსხვერპლნი ხდებოდნენ.

ჩვენ ასევე გვინახავს არაერთი ბიზნესმენი თუ პოლიტიკოსი, რომლებსაც ავიწროებდნენ თუ აკოტრებდნენ, ზოგჯერ კი პირდაპირ იტაცებდნენ ივანიშვილის "ხელის ბიჭები"; ზოგს კი ციხეში ყრიდნენ სასამართლოები პროკურატურის მითითებით სამართლის იმიტაციის შემდეგ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ თუ ბიზნეს ინტერესებს.

იმისათვის, რომ "შეინარჩუნოს სახე", პროკურატურა სდილობს გაამართლოს თავისი უკანონო ქმედებები ორი დაქირავებული საერთაშორისო "კონსულტანტის" "დასკვნებზე" დაყრდნობით, რომლებიც, დარწმუნებულები ვართ, სრულიად საპირისპირო აზრს გამოთქვამდნენ, რომ ყოფილიყვნენ ბრალდებულების მიერ დაქირავნებულნი.

საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა უზარმაზარი პოტენციალით. გულსატკენია, როდესაც ხედავ, თუ როგორ სწრაფად მიექანება იგი უკან, ჰკარგავს წამყვან პოზიციებს, როგორც წარმატებული მართვისა და ეკონომიკური განვითარების მაგალითი. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ არსებული მართვის მაფიური სტილი დასრულდება და კანონი ისევ უზენაესი იქნება, რათა ქვეყანამ ისევ განაგრძოს წინსვლა სწორი მიმართულებით" - ნათქვამია წერილში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100