სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი "ავტორიტეტი" - სკოტლანდ-იარდის "ელიტარულ" სიაშია

ბრიტანულმა პოლიციამ იმ 14 ყველაზე საშიშ დამნაშავეთა ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც ბრიტანეთში იმალებიან. “რუსთავი 2″-ის ინფორმაციით, მათ შორის არის 33 წლის ქართველი დამნაშავე ტატო კაკაურიძე.

კაკაურიძე ქართული პოლიციის მიერ 2002 წლიდან მკვლელობის ბრალდებით იძებნება. სკოტლანდ-იარდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ ის ქალაქ ლიდს და მის შემოგარენს აფარებს თავს.

ბრიტანეთის პოლიცია საზოგადოებას მოუწოდებს, მიაწოდის ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია, რაც ამ დამნაშავეების დაკავებაში დაეხმარება.

ძებნილთაგან 4 რუმინელია, 6 პოლონელი, დანარჩენები კი ალბანეთის, იტალიის და ავსტრალიის მოქალაქეები არიან.

მათ ბრალად ედებათ მძიმე დანაშაულებები – მკვლელობა, გაუპატიურება და შეიარაღებული ძარცვა.

ტატო კაკაურიძემ 2002 წელს რუსთავის გზატკეცილისა და მარნეულის ქუჩის გადაკვეთაზე ალექსანდრე კუაცაშვილი მოკლა. მკვლელობა, ერთი შეხედვით, ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოხდა.

ძიებამ დაადგინა, რომ 26 აპრილს, ალექსანდრე კუაცაშვილს ბიძა, უშანგი კუაცაშვილი, თავისი კუთვნილი ავტომანქანით სახლში მიჰყავდა. ერთ-ერთ მაღაზიასთან მან ავტომანქანა გააჩერა და სიგარეტის შესაძენად გადავიდა.

მაღაზიიდან გამოსულს, მანქანის დაქოქვა გაუძნელდა. ამიტომ იგი იძულებული გახდა, მანქანა დაეგორებინა და ისე დაექოქა. ამ ფაქტმა იქვე, მაღაზიასთან, მდგომი ტატო კაკაურიძის განრისხება გამოიწვია. კაკაურიძემ კუაცაშვილს შეაგინა. შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. კაკაურიძე კუაცაშვილს მიეპარა და ოთხი ჭრილობა მიაყენა. აქედან სამი გულის, ხოლო ერთი – ფეხის არეში.

კუაცაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კაკაურიძე კი ძებნაშია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100