სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირველი კიბერომის გაკვეთილები

როგორ იქცა რუსეთი ნოვატორად ისეთ საქმეში, როგორიცაა კიბერომების სამხედრო ტაქტიკად გამოყენება

როგორია კიბერ ომი? ეს 2008 წელს საქართველომ გამოსცადა

2008 წლის რუსეთ–საქართველოს ხანმოკლე ომი მრავალი ასპექტით მე–20 საუკუნის შუა წლებთან დაბრუნება იყო. პროპაგანდითა და ეთნიკური დაძაბულობით გაღვივებული სასაზღვრო დავა საბოლოო ჯამში სასტიკ მოვლენად გარდაიქმნა, შეიარაღებულ ბლიცკრიგად „პირველმა ვინ ისროლა“–ს სტილში, საჰაერო დარტყმებით, დამარცხებულის მხრიდან მშვიდობის თხოვნით, დაზავების დოკუმენტზე ხელმოწერებით, და ტრიუმფატორების მხრიდან ზოგიერთი ტერიტორიის ოკუპაციით. მოკლედ, 1939 წელი. მაგრამ ამ პატარა ომის ერთი ასპექტი სრულად შეესაბამებოდა 21–ე საუკუნის სულისკვეთებას. საუბარია, რუსეთის მიერ საკუთარი პოლიტიკური–სამხედრო სტრატეგიის არსენალში თავდასხმითი კიბეროპერაციების ჩართვაზე. აგვისტოს ომი იმის ერთგვარი წინასწარი დემონსტრაცია იყო, თუ როგორ გამოიყენებენ შეიარაღებული ძალები საინფორმაციო ომებს და კიბეროპერაციებს მომავალში, და რისთვის უნდა მოემზადონ მეთაურები და ისინი, ვინც პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავს.

გამოცემა Small Wars Journal–ის სვეტში დევიდ ჰოლისი, დაზვერვის სფეროში თავდაცვის მინისტრის მოადგილის განყოფილების პოლიტიკური ანალიტიკოსი და თადარიგის ოფიცერი აშშ–ს კიბერხელმძღვანელობაში, იმას აღწერს, თუ როგორ ჩართო რუსეთის ხელისუფლებამ კიბერსივრცის ოპერაციები საკუთარ გეგმაში საქართველოს წინააღმდეგ. ჰოლისი აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, რომ რუსეთის თავდასხმითი კიბეროპერაციები საქართველოს ომში ცხადი იყო, ისინი მესამე მხარის მოზიდვისა და სერვერების გაერთიანების ფართო სპექტრის საშუალებით შეტევების განხორციელების მარშრუტის შექმნით შეინიღბა, რაც პრინციპში კიბეროპერაციებისთვის სტანდარტული პრაქტიკაა.

საბოლოო ჯამში, ქართველი და სხვა სპეციალისტები, ვინც მსგავს ფაქტებს იძიებს, ვერ ამტკიცებენ იმას, რომ ამ კიბერთავდასხმებს, სწორედ რუსეთის მთავრობა ახორციელებდა. მართლაც, კრემლი უარყოფს კონფლიქტში კიბერიარაღის გამოყენების ფატქს, რაც პრინციპში ცოტა უცნაურია. იმ ფონზე, როდესაც რუსული ტანკები ქართულ სოფლებში დაქროდნენ, რუსეთის თვითმფრინავები კი საქართველოში სამიზნეებს ბომბავდნენ, რაღაც კომპიუტერული აქტივობების აღიარება რა პრობლემაა?

ჰოლისის ცნობით, რუსეთის შეტევითი ოპერაციები კიბერსივრცეში, უშუალოდ ტიპური სამხედრო მოქმედებების გაჩაღებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. რუსეთის კიბერდაზვერვის ქვედანაყოფებმა მნიშვნელოვან ადგილებში ამოცნობის პროცედურები ჩაატარეს და შეესივნენ ქართულ სამხედრო და სამთავრობო ქსელებს იმ მონაცემთა მოძიებისთვის, რომელიც მათ დაწყებული კამპანიის დროს გამოადგებოდათ. ამ ხნის განმავლობაში, რუსეთის მთავრობამ მოხალისეთა კიბერრაზმების, არასამთავრობო უშტატო ჰაკერების ორგანიზებაც დაიწყო, რომლებიც კამპანიას მხარს დაუჭერდნენ და ამავდროულად სამთავრობო ოპერაციებისთვის ერთგვარი ფარის ფუნქციას შეასრულებდნენ. ამ პერიოდში ხელისუფლება და კიბერრაზმები ქართულ სამიზნეებზე თავდასხმის რეპეტიციებს გადიოდნენ.

როდესაც 7 აგვისტოს ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა, რუსეთის მთავრობამ და არარეგულარულმა ძალებმა ქართულ სამხედრო და სამთავრებო ვებ–გვერდებზე ისეთი ტიპის თავდასხმები გამართეს, როგორიცაა „უარი მომსახურებაზე“. ამ თავდასხმებმა შეაჩერა საინფორმაციო ნაკადების გადაცემა სამხედრო ქვედანაყოფებს და საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სამსახურებს შორის. უშუალოდ სამხედრო ოპერაციების დაწყებამდე სამოქალაქო მოსახლეობაში პანიკის დასათესად რუსული კიბერძალები სამოქალაქო ვებ–გვერდებსაც დაესხნენ თავს. საბოლოო ჯამში კი რუსებმა იმის დემონსტრირება მოახდინეს, რომ მათ შეუძლიათ ქართული საზოგადოების შერყევა როგორც უშუალოდ საბრძოლო, ასევე კომპიუტერული ოპერაციების დამხარებით და ჯერ–ჯერობით თავს იკავებენ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივზე, ბაქო–ჯეიჰანის ნავთობსადენსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისგან. ამ სამიზნის რეზერვში დატოვებით, რუსებმა ქართველ პოლიტიკოსებს ომის სწრაფად დასრულების სტიმული გაუჩინეს.

საქართველოს, რომელიც ყველა მიმართულებით – ჰაერში, ხმელეთსა და შავი ზღვის სანაპიროზე რუსული ძალის უპირატესობას წააწყდა, ფაქტობრივად არ გააჩნდა ძალისმიერი წინააღმდეგობის არანაირი შესაძლებლობა. ის მხოლოდ სტრატეგიული კომუნიკაციების იმედად რჩებოდა, რათა რუსეთის სამხედრო აგრესიის პროცესში სასტიკ მოპყრობაზე მსოფლიოსთვის თანაგრძნობის აღმძვრელი გზავნილები გადაეცა. ჰოლისი წერს, რომ რუსეთმა კიბეროპერაციები ეფექტურად გამოიყენა იმისთვის, რომ მსგავსი გზავნილების შედგენასა და გავრცელებაში ქართული ხელისუფლებისთვის ხელი შეეშალა, რითაც გაანადგურა საქართველოს ბოლო იმედი სტრატეგიულ უპირატესობაზე.

ჰოლისი აღნიშნავს, რომ კიბეროპერაციების ეფექტურობა, განსაკუთრებით ისეთი ტიპის თავდასხმების, როგორიცაა „უარი მომსახურებაზე“ შეიძლება ძალიან სწრაფმავალი იყო. კიბერთავდამსხმელ ძალებსა და WikiLeaks–ის პროექტის დამცველებს შორის ბოლოდროინდელ ბრძოლებში, ორივე მხარე ერთმანეთს ძირითადად „ფუჭ ტყვიებს ესროდა“. მაგრამ 2008 წლის აგვისტოში რუსმა სტრატეგებმა მოახდინეს კიბერსივრცის ოპერაციების მყარი ინტეგრაცია თავის სამხედრო, დიპლომატიურ და სტრატეგიულ ოპერაციებთან და კომპიუტერული სისტემების სასურველ დაზიანებას მიაღწიეს სწორედ იმ მომენტებში, როდესაც მათ ეს სჭირდებოდათ. ქართული ეპიზოდი შესასწავლად საუკეთესო მასალაა კიბერსივრცის მებრძოლთათვის, რომლებიც მსგავსი ახალი კონფლიქტისთვის მოემზადებიან.

ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა სანქციების სფეროში სტუარტ ლევიმ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია? რა იქნება შემდეგ?

24 იანვარს, Wall Street Journal–მა გვაუწყა, რომ აშშ–ს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ტერორიზმის და ფინანსური დაზვერვის საკითხებში სტუარტ ლევი ერთი თვის განმავლობაში თანამდებობას დატოვებს. დიდი ალბათობით, ლევის, მისი მოადგილე და ფინანსთა სამინისტროს დიდი ხნის გამოცდილი თანამშრომელი დევიდ კოენი შეცვლის. თითქმის 7 წლის განმავლობაში ლევი ჩრდილოეთ კორეისა და ირანის ხელისუფლებების საერთაშორისო ფინანსური სისტემისგან იზოლირებაზე მუშაობდა. მან გამოიყენა დიპლომატია, მორალური რჩევა–დარიგებები, და მისმა სერიოზულმა პირადმა კავშირებმა გლობალურ საბანკო სისტემაში, პროცესებში ისეთი პრაქტიკის დანერგვა მოახდინა, როგორიცაა ფინანსური სანქციების, როგორც სახელმწიფო მმართველობის ინსტრუმენტის გამოყენება. სამწუხაროდ ის თანამდებობიდან მიდის, რადგან საკუთარ მიზნები ვერ განახორციელა, კონკრეტულად კი სანქციების ბერკეტი ვერ გახადა საკმარისად ეფექტური იმისთვის, რომ ჩრდილოეთ კორეისა და ირანის ხელისუფლებათა მოქმედება შეეცვალა. ახლა მის უფროსებს იმაზე მოუწევთ დაფიქრება, თუ რას მოიმოქმედებენ მომავალში.

გასულ კვირაში სტამბულში გამართული მოლაპარაკებები ირანს და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მოქმედ წევრ–სახელმწიფოს, პლუს გერმანიას შორის, ჩაიშალა, რამაც ცხადყო, რომ წლების განმავლობაში სანქციების გამკაცრებამ მოლაპარაკებებისთვის ეფექტური ბერკეტი ვერ შექმნა და კომერციულად და ფინანსურად მსოფლიოში ყველაზე იზოლირებულ ქვეყანას ჩრდილოეთ კორეასაც კი სულ რაღაც წელიწადნახევარი დასჭირდა იმისთვის, რომ ურანის გამდიდრებისთვის მასშტაბური საწარმოო სიმძლავრეები აეშენებინა, ორი ათასი ცენტრიფუგით და კონტროლის თანამედროვე სისტემებით.

ლევის მუშაობის წარუმატებლობა არ ნიშნავს იმას, რომ სანქციების გამოყენებაზე უარი უნდა ითქვას, ან ის, რომ ამერიკის მთავრობამ და მისმა პარტნიორებმა არ უნდა განაგრძონ ამ სანქციების გამკაცრება. მათ ვინც დასავლეთში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, ცხადია იმედი აქვთ, რომ საბოლოო ჯამში სანქციები მოლაპარაკებებისთვის ქმედით ბერკეტს შექმნის, ისე, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოებაზე ძალიან ნეგატიურად არ აისახება. ჩნდება კითხვა, რამდენად რეალურია ასეთი განსაზღვრება – ზემოქმედების ეფექტური ბერკეტი, რომელიც სამოქალაქო პირებზე ნეგატიურად არ აისახება. ჩრდილოეთ კორეაში სამოქალაქო მოსახლეობა ყველაზე მეტად იტანჯება (რაზეც პასუხისმგებელი კიმ ჩენ ირია), ხოლო მოლაპარაკებებისთვის არანაირი ხელშესახები ბერკეტი არ შექმნილა. ხოლო თუკი მსგავი ზომები რეალურად შეუქმნის ხელშესახებ დისკომფორტს მიზანში ამოღებულ რეჟიმს, მას სანქციების წინააღმდეგ ბრძოლაში „მსხვერპლის კარტის“ გათამაშება შეუძლია, როგორც ამას წარმატებით აკეთებდა ჰუსეინი 2003 წლამდე.

თუკი სანქციები არ მუშაობს, მაშ რა? ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავენ, აუცილებლად მიმართავენ საკუთარ მზერას სამხედრო ან ნახევრადსამხედო საშუალებებისკენ, რათა ზეწოლის მოხდენის ფარგლებში დათქმული ქმედებები განახორციელონ. სამხედრო და დაზვერვის პერსონალს მოსთხოვენ სხვადასხვა ვარიანტების მომზადებას, მათ შორის საიდუმლო ოპერაციების, არატრადიცული იარაღის ან კომპიუტერული ომის ძალის გამოყენებას. დასაწყისში პოლიტიკური ლიდერები ჩვეულებრივ არჩევანს სანქციების სასარგებლოდ აკეთებენ, ცდილობენ რა სამხედრო დანაკარგების თავიდან აცილებას. შემდეგი ნაბიჯი იმაზე გათვლა იქნება, რომ „პატარა ომმა“ შეიძლება დიდის პრევენცია მოახდინოს. ირანში ზოგიერთი ოფისი საიდუმლო ოპერაციებს იყენებდა (როგორებიცაა კომპიუტერული ვირუსის Stuxnet–ის გამოყენება და ორი ატომისტი მეცნიერის მკვლელობა), ცდილობდა რა ირანის ბირთვული პროგრამის განვითარების შეფერხებას. „პატარა ომის“ კიდევ რა რეალისტური შესაძლებლობები არსებობს ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბრძოლის საქმეში, ჯერ–ჯერობით საიდუმლოა.

როდესაც სამოქალაქო ექსპერტები მივლენ იმ დასკვნამდე, რომ სანქციები არ მუშაობს, ისინი ზეწოლას განახორციელებენ სამხედრო სტრატეგებზე რომ, მათ „პატარა ომის“ სფეროში უფრო პრაქტიკული შესაძლებლობები წარმოადგინონ. თუკი მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს ქმედებები საკმარისი არ აღმოჩნდება, პენტაგონის სამხედრო სტრატეგებს, როგორც ჩანს მეტ ვარიანტებს მოსთხოვენ. ეს სტრატეგები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილმა გეგმებმა ხელი შეუწყოს მიზნის მიღწევას და არა პრობლემების შექმნას.

foreignpress.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100