სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკელი მილიონერი ციხეში ჩასვეს: მან სოფო კანდელაკს სახეში „როლექსი“ ჩაარტყა

სულ რამდენიმე საათის წინ ნიუ-იორკის სასამართლოს მოსამართლემ რობერტ მანდელბაუმმა მიიღო გადაწყვეტილება, ორი თვით გისოსებს მიღმა გაგზავნოს ამერიკელი მილიონერი ტომას ჰარტმანი, რომელმაც ქართველ მოცეკვავეს სოფო კანდელაკს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, - ამის შესახებ „ნიუ-იორკ პოსტი“ იუწყება.

გამოცემაში აღწერილი დეტალების მიხედვით, გასული წლის აპრილში, მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში შეკამათდნენ ქართველი მოცეკვავე სოფო კანდელაკი და მილიონერი ტომას ჰარტმანი, რომელიც ნიუ-იორკში საკმაოდ დიდი უძრავი ქონების მფლობელია. „ნიუ-იორკ პოსტის“ ცნობით, ამ კამათის დროს 42 წლის მილიონერმა 37 წლის ქალს სახეში დაარტყა.

როგორც დაზარალებულმა სოფო კანდელაკმა განაცხადა, მილიონერმა მას სახეში „როლექსის“ ფირმის მასიური ოქროს მაჯის საათი ჩაარტყა, რის შემდეგაც ექიმებს მისთვის სახეზე 16 ნაკერის დადება მოუწიათ.

"ნიუ-იორკ პოსტმა" ამ ინციდენტის შესახებ 8 თებერვალსაც გამოაქვეყნა სტატია, სადაც მიუთითა, რომ მილიონერს განაჩენს 16 თებერვალს გამოუტანდნენ.

გამოძიების პროცესში ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ეჭვმიტანილმა მოცეკვავეს ფიზიკური შეურაცხყოფა წინასწარგანზრახვით მიაყენა რასაც მსაჯულები დაეთანხმნენ კიდეც, თუმცა ბრალდების მოთხოვნა ამ ქმედებისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით - ერთი წლით პატიმრობის შესახებ არ გაიზიარეს და მილიონერი მხოლოდ ორთვიან პატიმრობას დააჯერეს, რადგან დაცვამ შესძლო დაემტკიცებინა, რომ ჰარტმანი პატიოსანი მოქალაქეა და ამავდროულად, რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას უდგას სათავეში.

დაცვის მხარე იმის დამტკიცებასაც ცდილობდა, რომ კანდელაკი მილიონერის გაქურდვას ცდილობდა, რამაც მამაკაცი მოთმინებიდან გამოიყვანა, მაგრამ სასამართლომ ეს ვერსია სარწმუნოდ არ მიიჩნია. ამის შემდეგ, თვითონ მილიონერმა, რომელიც ფეხების პროთეზით სარგებლობს, იმის მტკიცება დაიწყო, რომ სოფო კანდელაკს შემთხვევით გაჰკრა სახეში საათი, რადგან წონასწორობა დაკარგა. მსაჯულებმა არც ეს ვერსია გაიზიარეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ტომას ჰარტმანი ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით გახდა მილიონერი. ადრე ის რიგით მშენებლად მუშაობდა, მაგრამ 2004 წელს პოლიციის მანქანა დაეჯახა, როცა სამართალდამცველები საკუთარი ცოლის ცემის გამო მის დაკავებას ცდილობდნენ.

ამ ინციდენტის შედეგად ჰარტმანს ორივე ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარეს, რადგან ექიმებმა სხვა გამოსავალი ვერ ნახეს. 2010 წელს სასამართლომ პოლიციას კომპენსაციის სახით 16 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. ჰარტმანის ცხოვრება ამ თანხამ მკვეთრად შეცვალა.

როგორც სტატიის დასასრულს „ნიუ-იორკ პოსტი“ აღნიშნავს, ტომას ჰარტმანმა ცრემლები ძლივს შეიკავა, როცა შეიტყო, რომ ისევ ციხეში უნდა წავიდეს. მანამდე, სანამ „პატიოსანი ბიზნესმენი“ გახდებოდა, მან სასჯელაღსრულების ადგილის მონახულება უკვე ორჯერ მოასწრო: ავტომობილის ქურდობისთვის და ქუჩაში ჩხუბისთვის, მილიონერის ამპლუაში კი პატიმრად ის პირველად „წარსდგება“ პატიმრების წინაშე...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100