ლელოს წევრებზე ზეწოლის გახშირებული ფაქტები
“ლელოს" მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც წინა საარჩევნოდ მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს.
“ლელოს“ ლიდერების თქმით, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციური პარტიის გაძლიერება აშინებს და მიმართავს თვალთვალის, დაშინებისა და შანტაჟის გზებს.
პარტიაში ხმამაღლა საუბრობენ და ფაქტებს ასაჯაროებენ იმ ავტომობილებზე, რომლებიც „ლელოს“ წევრებს ბოლო დროის განმავლობაში უთვალთვალებენ. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე აცხადებს, „ლელოს“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ფიქრია ჩიხრაძის შტაბმა დააფიქსირა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - II252HH. ხოლო უშუალოდ ბუაძეზე თვალთვალს ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - AA055EE ახორციელებს.
„ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, დღეს უკვე ცხადად ჩანს, თუ როგორ ეშინია ქართულ ოცნებას „ლელოს“ გაძლიერების, ეშინია ჩვენი მაჟორიტარების, ეშინია ჩვენი საარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად ჩატარების.
„ხელისუფლების მხრიდან ლელოს საარჩევნო კამპანიისათვის ხელის შეშლის ფაქტები და სუს-ის მიერ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატების რეგულარული თვალთვალი და დევნა - მათი შეხვედრებისას და გადაადგილებისას გახდა ჩვეული მოვლენა. მინდა, მკაფიოდ გითხრათ, რომ ჩვენ ვერ შეგვაშინებთ, ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას და ყველა ჩვენს თანამებრძოლს ბოლომდე დავიცავთ ყველა სამართლებრივი გზით! საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის, "ლელო საქართველოსთვის" აწარმოებს მასშტაბურ საარჩევნო კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიის ლიდერები ყოველდღიურად ხვდებიან ამომრჩეველს სხვადასხვა ფორმატში და იმყოფებიან ველზე, რათა ლელოს „მარშალის გეგმა“ - საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა მიიტანონ თითოეულ ამომრჩევლამდე. ცხადია, ეს ყველაფერი უკიდურესად აშინებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას და მათი მთელი ყურადღება არის მომართული ჩვენთვის ხელის შეშლაზე. ტროლების ფაბრიკისა და ადმინისტრაციული რესურსის ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებამ უკვე არნახულ მასშტაბებს მიაღწია,“-აცხადებს საბა ბუაძე.
მისივე განმარტებით, მისასალმებელია, როდესაც ოპოზიციის მიერ გამართულ ღონისძიებასა და შეხვედრებზე პატრულის ფორმიანი თანამშრომლები იცავდნენ წესრიგს, მაგრამ ყოვლად ვგმობთ ამ თვალთვალს, რომელსაც ეწევიან უფორმო შავებში გამოწყობილი ადამიანები. საბა ბუაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის, ლაშა გვასალიას მიერ სოციალური ქსელის საშუალებით პარტიის წევრ ქალ მხარდამჭერებზე ზეწოლასა და ბულინგსაც შეეხო, როდესაც „ლელოს“ წევრს გვასალია პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გასაჯაროებით დაემუქრა. ბუაძემ აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ დაგმო.
„აგრეთვე აქტიურად ხორციელდება ზეწოლა კერძო ბიზნესის გამოყენებით ბოლნისის ოლქში, ჩვენი აქტიური მხარდამჭერი და თანამებრძოლი, ალახვერდი ფოლადოვი, რომელიც მუშაობდა სოფელ ფარიზში, ვაშლის ბაღში დაცვის თანამშრომლად, გაათავისუფლეს სამსახურიდან, რადგან მისმა დამსაქმებელმა მოსთხოვა, რომ დაეტოვებინა ლელო და გადასულიყო "ქართულ ოცნებაში", წინააღმდეგ შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. ასეთი ფაქტები კიდევ არის უამრავი და სამწუხაროდ, საათობრივად მოგვდის ინფორმაცია კიდევ ახალ და ახალ ზეწოლისა და დაშინების ფაქტების შესახებ. ეს სამწუხარო ფაქტები ნათლად ასახავენ იმ რეალობას, რაც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა და იმ არაჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოს, რომელშიც ვიმყოფებით. უნდა ითქვას, რომ „ლელო“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა სახელისუფლებო შეტევის. ამას ალბათ ჩვენი წარმატებული კამპანია განაპირობებს. მინდა მივმართო ქართულ ოცნებას, ჩვენ ვერ შეგვაშინებთ, თქვენი უსაქციელობა მხოლოდ თქვენ წინააღმდეგ მოქმედებს, ჩვენი მხარდამჭერები და თანამებრძოლები კი არ გატყდებიან, რადგან მათ ბოლომდე დავიცავთ,“- განაცხადა საბა ბუაძემ.
ბრიფინგის მსვლელობისას საზოგადოებას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმაც მიმართა. მისი თქმით „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა „ლელოს“ შანტაჟი და თვალთვალია, რადგან მათ არჩევნებამდე სხვა გზა არ დარჩათ.
„მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“ რომ ეს არის მათი ბოლო ცდა, რომ მოეპოტინოს ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღეებს, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ, რადგან 31 ოქტომბერს მოსახლეობა ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს და მათ მმართველობას დაასრულებს,“- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
კომენტარი