სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექსპერტები მთავრობას ხუდონჰესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას სთავაზობენ

ექსპერტთა ოთხეულმა: ლევან კალანდაძემ, გიორგი აბაშიშვილმა, ირაკლი ლექვინაძემ და ლევან ალაფიშვილმა „პირველ პრესკლუბში“ ბრიფინგი გამართეს, სადაც ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების განხორციელების შეფერხების საკითხებზე და ამის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეს.

ექსპერტთა მოსაზრებით, ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტების - „ხუდონჰესის“ და „აჭარისწყალის“ განხორციელება დღეს ხელოვნურად ფერხდება. მთელი პასუხისმგებლობით უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროექტების განხორციელების პროცესმა, ბოლო თვენახევრის განმავლობაში დაკარგეს ტემპი და ეს მეტად სახიფათო ტენდენციაა. ამ შეფერხების მთავარი მიზეზი მთავრობის არაკოორდინირებულ და არაეფექტურ მუშაობაში უნდა ვეძებოთ. ამ მასშტაბების საინვესტიციო პროექტების განხორციელება მოითხოვს არა მარტო ერთი სამინისტროს, ამ შემთხვევაში ენერგეტიკის სამინისტროს სწრაფ და ეფექტურ ნაბიჯებს, არამედ ამ პროცესებში კანონმდებლობით ჩართული ყველა სამინისტროს ეფექტურ და კოორდინირებულ მუშაობას, სწრაფ და ქმედით გადაწყვეტილებებს, რაც მთავრობის ყველაზე გადაუჭრელ პრობლემად არის გადაქცეული. მთავრობის ასეთი სუსტი ქმედებები, დარწმუნებული ვართ, ასევე საფრთხეს შეუქმნის მესამე დიდ ჰიდროენერგეტიკულ პროექტს - «ნესკრაჰესს», რომლის მიმართაც, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გარემოსდამცველებთან (გაცილებით ხელუხლებელი, უზარმაზარი ტყის მასივების ხელყოფა ვიდრე ეს მაგალითად ხუდონჰესის შემთხვევაშია, სადაც ტყის დიდი ნაწილი დეგრადირებულია, უმძიმესი გეოლოგიური პირობები, დიდი მოცულობის მიწისქვეშა სამუშაოები და ა.შ.) ერთად ჰიდროენერგეტიკოსებსაც განსხვავებული, წინააღმდეგობრივი მოსაზრებები აქვთ (დერივაციული გვირაბის სიგრძე, საინჟინრო გეოლოგიური პირობები, ენერგეტიკული ეფექტურობა, რესურსების ოპტიმიზაცია და ა.შ.).

”სამთავრობო სტრუქტურების ერთგვარი პასიურობა აჩენს ეჭვს და ქმნის იმის რეალურ საფრთხეს, რომ მსგავსი რეციდივი სხვა მსხვილ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებითაც განმეორდეს. შესაბამისად, ჩვენ ვეჭვობთ, რომ უახლოეს პერიოდში ანალოგიური პრობლემა შეიძლება შეექმნას მაგალითად „ნესკრაჰესის“ პროექტის განხორციელებასაც. მსგავს პრეცენდენტს ცოტა ხნის წინ ადგილი ჰქონდა სოფელ ღურტაში, მდინარე აჭარისწყალზე ელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია TATA ანხორციელებს და პროექტის საინვესტიციო ღირებულება 700 მილიონიანი აშშ დოლარია.“ - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა სამართლებრივი თუ ფორმალური პროცედურა დასრულებულია. უკვე მომზადებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) საბოლოო დოკუმენტიც, წარმოდგენილი შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით. პროცესის საბოლოო დასრულებისთვის და მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის მხოლოდ და მხოლოდ მიწის აზომვითი სამუშაოების დასრულებაა საჭირო, რომელიც დროებით შეჩერებულია.

დღევანდელი მდგომარეობით, ხუდონჰესის პროექტით გათვალისწინებული მიწის აზომვითი და რეგისტრაციის სამუშაოები განხორციელებულია 1415 ჰექტარზე. დარჩენილია მხოლოდ მთელი ტერიტორიის 10%, ანუ 155 ჰექტარი. და მხოლოდ იმის გამო, რომ საპროექტო ტერიტორიის აღნიშნულ 155 ჰექტარზე აზომვითი სამუშაოები ვერ ხორციელდება, ვინაიდან სამთავრობო სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ტექნიკური პროცედურების ჩატარებას, საფრთხე ექმნება ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე, 1 მილიარდ 200 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საინვესტიციო პროექტის განხორციელებას.

ასეთ პირობებში საქართველოს მთავრობის მხრიდან ხუდონჰესის მშენებლობის პროცესის გაგრძელებისთვის აუცილებელია: სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გასცეს პირობითი მშენებლობის ნებართვა, იმ პირობით, რომ ინვესტორი კომპანია ჰესის ოპერირების დაწყებამდე დაარეგისტრირებს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი პროექტია წყალსაცავიანი ჰიდროსადგურის, რომელსაც გააჩნია თავისი სპეციფიკა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეს გარემოება უნდა იყოს გათვალისწინებული. პროცესების ასეთი სცენარით განვითარება მეტ დროს მისცემს ინვესტორს და სახელმწიფოს მოლაპარაკებისათვის ადგილობრივი მოსახლეობის იმ ნაწილთან, ვინც ამ პროექტის მოწინააღმდეგეა და გაჩნდება შანსი ორივე მხარესათვის მისაღები გადაწყვეტილების მისაღებად. მითუმეტეს, რომ თვენახევრის წინ მოლაპარაკების პროცესში, საქართველოს მთავრობის წევრის სოზარ სუბარის და მესტიის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის ჩართვა აშკარად იმედის მომცემი იყო, რისი დადებითი წინასწარი შედეგებიც უკვე სახეზეა.

ცნობისათვის, პროექტის განვითარების ანალოგიური ფაზისათვის ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა “აჭარისწყალის” პროექტისათვის და აქედან გამომდინარე, პრეცენდენტი და ყველა იურიდიული და ლეგიტიმური საფუძველი არსებობს, რომ უმნიშვნელოვანესი პროცესი არ შეჩერდეს.

გიორგი აბაშიშვილის მოსაზრებით ძალიან მნიშვნელოვანია სწორად იქნას გააზრებული, რომ ინვესტიციები ენერგეტიკაში და მსხვილი საინვესტიციო ენერგეტიკული პროექტები ვინმეს ახირება და კაპრიზი არ არის - „ყველაზე დიდი ხვედრითი წილი საქართველოში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში (22%) და შესაბამისად, ინვესტორების დაინტერესება სწორედ ენერგეტიკის სფეროზე და განსაკუთრებით, ჰიდროენერგეტიკაზე მოდის. ამას მოწმობს EBRD, IFC, მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო საფინანსო-საინვესტიციო ჯგუფების განაცხადები და მზადყოფნა საქართველოს ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი ინვესტიციების თაობაზე“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100