სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული Forbes: 2011 წლის მაისში თბილისის არეულობის პარალელურად რუსული ტექნიკის მობილიზაცია დაიწყო

ბლოგმა „სტრატეგია და უსაფრთხოება (ქაოსის ქრონიკა)“ კიდევ ერთი რუსული აღიარების შესახებ გამოაქვეყნა სტატია. ამჯერად საქმე ეხება რუსული პროპაგანდისტული ფილმის «Август. Восьмого»-ს აფხაზეთში გადაღების დროს გადახარჯული ბიუჯეტის გამოძიების ფაქტს, რომელიც რუსულმა Forbes-მა სტატიაში: «Наши-leaks»: კრემლი, როგორც ბიზნესი“ მიმოიხილა და ფილმისთვის გამოყოფილი უზარმაზარი ბიუჯეტის გაფლანგვის დამადასტურებელი ფაქტებიც მოიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ფილმის გადაღებები აფხაზეთში 2011 წლის მაისში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ფილმის ბიუჯეტის გაფლანგვა ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია მთავარი, რომელიც ამ სტატიაში ნათლადაა გამოკვეთილი და რომელსაც სტატიის ავტორებმა და ინტერნეტგამოცემამ ყურადღება არ მიაქციეს, მაგრამ არ გამორჩა ბლოგის „სტრატეგია და უსაფრთხოების“ ავტორს.

ახლა კი, უფრო კონკრეტულად: სტატიაში გამოქვეყნებულია ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრთა პირადი მიმოწერა. აი, ფრაგმენტი იმ წერილიდან, რომელიც ფილმის პროდიუსერმა ბაჩურინმა ფილმის ერთ-ერთ კურატორს, ივან დემიდოვს მისწერა (წერილში პროდიუსერი ფილმის გადაღების შეფერხებათა მიზეზებზე საუბრობს, რამაც ფილმის გადაღების ხარჯები კიდევ უფრო გაზარდა):

„ა) თავდაცვის სამინისტრომ 12 დღით დააკავა სამხედრო-სატრანსპორტო ავიაცია, რომლის ბორტზეც იყო განთავსებული ფილმში გამოსაყენებელი ტრანსპორტი და პიროტექნიკური საშუალებები;

ბ) აფხაზეთი ფილმის გადამღებ ჯგუფს თვენახევრიანი სიცივეებითა და თავსხმა წვიმით შეხვდა;

გ) სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებამ (შეგახსენებთ, რომ სერგეი ბაღაფში 2011 წლის 29 მაისს გარდაიცვალა) ფილმის გადაღებას ჩამოაშორა აფხაზური სამხედრო ტექნიკის ის ნაწილი, რომელიც იჯარით ადრევე იყო აღებული;

დ) თბილისში ოპოზიციის დემონსტრაციებმა მოსკოვი იმისთვის განაწყო, რომ მოეხდინა რუსული სამხედრო ტექნიკის მობილიზაცია (ორიგინალში: „демонстрации оппозиции в Тбилиси сподвигли Москву на «мобилизацию российской военной техники“)“.

როგორც ხედავთ, ამ მიმოწერაში დასახელებული მიზეზების ბოლო პუნქტი ჩვენთვის ყველაზე მეტად საინტერესოა, რითაც მტკიცდება, რომ 2011 წლის მაისში თბილისში მიმდინარე არეულობას მოსკოვი გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს და როცა სიტუაცია დაიძაბა, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პროპაგანდისტული ფილმის გადაღებაც კი შეაჩერა:

ფილმის გადამღები ჯგუფისთვის წინასწარ შეთანხმებული სამხედრო ტექნიკა გადაღებიდან მოხსნა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის მობილიზაცია გამოაცხადა. ანალოგიური სურათი იყო იმ დროს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც - ამის შესახებ ცნობებმა იმდროინდელ ქართულ მედიასაშუალებებშიც გაიელვა, თუმცა, საზოგადოებისა და ოპოზიციის ანგაჟირებულმა ნაწილმა მაშინ ამაში არა რეალური რუსული საფრთხე, არამედ „ხელისუფლებისგან მართული“ მიზანმიმართული პიარ-პროპაგანდა დაინახა და თითქოსდა იმის სურვილი, რომ ხელისუფლებას სურდა, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ნაძალადევად დაეკავშირებინა „არარსებულ“ გარე საფრთხეებთან.

ამას დამატებული, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძის მიერ ორგანიზებულ გამოსვლებს მაშინ ერთ-ერთი პირველი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და აქტიურმა მონაწილემ - ნონა გაფრინდაშვილმა სერგეი ლავროვს მხარდაჭერისთვის მადლობაც კი გადაუხადა (ვიდეო ამ მასალას თან ერთვის), ყველაფერი ცხადი გახდება: რუსეთი 2011 წლის მაისში ჩატარებული აქციების დროს ყველანაირად მზად იყო, საქართველოში მიმდინარე პროცესებში სამხედრო ძალით ჩარეულიყო და ამისთვის საბაბს ელოდებოდა.

ზემოთმოყვანილი ფაქტი, რომელიც უშუალოდ მოვლენების პროცესში ჩაბმული პირების მიმოწერიდან იკვეთება, იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ შეცდომა, ფაქტობრივად, გამორიცხულია: ვინ, თუ არა ფილმის პროდუსერმა უნდა იცოდეს მიზეზები, რის გამოც გადაღებებიდან მოხსნეს რუსული ტექნიკა და მისი მობილიზაცია გამოაცხადეს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100