ჩხუბი ყარაჯალაში - ერთმანეთს ადგილობრივები და პოლიციელები დაუპირისპირდნენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში წუხელ, გვიან ღამით მომხდარი ინციდენტის შედეგად, 3 ადგილობრივი დაშავდა. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება თავდაპირველად, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ თანასოფლელებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო. ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს. თუმცა, ინციდენტში მონაწილე პირები კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რამაც პოლიციელებსა და ადგილობრივებს შორის შეხლა-შემოხლა გამოიწვია. დაშავებული სამივე პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი - 2 მათგანს გარეგანი დაზიანებები, ერთს კი გულ-მკერდის დახურული ტრავმა აღენიშნება. ინციდენტში მონაწილე პირების ახლობლები და თანასოფლელები, რამდენიმე საათის განმავლობაში, თელავის პოლიციის სამმართველოსთან იყვნენ შეკრებილები და დამნაშავის გამოვლენას ითხოვდნენ. ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით არის დაწყებული.
კომენტარი