მესტიის საკრებულოს მოკლული წევრი, სავარაუდოდ, შვილს გადაეფარა
მესტიაში მოკლული საკრებულოს დეპუტატის ლომარ ნიგურიანის ცხედარი დღეს დილით ექსპერტიზაზე ქუთაისში გადაასვენეს. ოჯახი პოლიციას გადასვენების უფლებას არ აძლევდა, თუმცა ცოტა ხნის წინ დათანხმდა. ადგილობრივები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ.
მათი თქმით, მოკლულსა და მის ნათესავს შორის წლებია არსებობს კონფლიქტი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელზეც აგრარული ბაზარია განთავსებული. გუშინ კი, მათ შორის ურთიერთშელაპარაკება უშუალოდ სახურავიდან თოვლის გადმოყრას მოყვა.
დაპირისპირებას ლომარ ნიგურიანის შვილიც შეესწრო და კონფლიქტში ჩაერთო. ცოტა ხანში კი, ასევე ადგილობრივთა ინფორმაციით, მას იარაღი დაუმიზნა ნათესავმა, რა დროსაც შვილს გადაეფარა ლომარ ნიგურიანი. დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ.
მოსახლეობა გახშირებულ კრიმინალურ შემთხვევებსა და დაუსჯელობაზე საუბრობს.
„სახურავზე იდგა გარდაცვლილი ლომარ ნიგურიანი, მას ახლდა მისი შვილიც, რომელსაც გადაეფარა, რომლისთვისაც აპირებდა სროლას ის ადამიანი და მამამისი გადაეფარა. დაუსჯელობის სინდრომია ყველაფრის მიზეზი. როგორ შეიძლებოდა ავტომატი სახლში ასე თავისუფლად ჰქონოდა,“ - აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი ნატო ნიგურიანი.
შეგახსენებთ, რომ მესტიის საკრებულოს დეპუტატს სავარაუდოდ საკუთარმა ნათესავმა ესროლა. ლომარ ნიგურიანის მისამართით მან 12-ჯერ გაისროლა, აქედან 6 ჭრილობა ნიგურიანისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს მეზობელი სახლის ეზოდან იმ დროს ესროლეს, როდესაც სახურავზე თოვლს წმენდდა.
სისხლიან ანგარიშსწორებას წინ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებული აგრარულ ბაზართან დაკავშირებით დაწყებული დაპირისპირება უძღოდა წინ. კონფლიქტიდან რამდენიმე საათში ნიგურიანი მოკლეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.
კომენტარი