ალა პუგაჩოვა სავარაუდოდ, ისრაელში ან ლონდონში იმყოფება - ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუგაჩოვა და გალკინი რუსეთში იმ ფეშენებელურ ვილას ყიდიან, რომელშიც აქამდე ცხოვრობდნენ
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილმა რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ მეუღლესთან - მაქსიმ გალკინთან და შვილებთან ერთად, რუსეთი კერძო თვითმფრინავით დატოვა. ასევე მედიაში წერდნენ, რომ ისინი თითქოს საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში ალას ქალიშვილთან, კრისტინა ორბაკაიტესთან გადავიდნენ. კრისტინა ქმართან და შვილებთან ერთად წლებია ამერიკაში ცხოვრობს.
ჭორი, რომ პუგაჩოვამ რუსეთი დატოვა, დღემდე არ დადასტურებულა. ცნობილ ცოლ-ქმარს განცხადება არ გაუვრცელებია. თუმცა ორი დღის წინ რუსული მედია წერდა, რომ სინამდვილეში ის და გალკინი, შვილებთან ერთად, უბრალოდ, შინ არიან ჩაკეტილები და რეალურად არსად წასულან. ამ ვერსიას კი ერთი ფაქტით ამყარებდნენ, 6 მარტს ალა პუგაჩოვას გულშემატკივრებმა სახლთან ტრადიციულად ყვითელი ვარდები მიართვეს. 18 წლის განმავლობაში ალა პირველად არ შეხვდა გულშემატკივრებს, მაგრამ ცოტა ხანში სახლის დაცვამ ფანებს მადლობა გადასცა.
კიდევ ერთი ვერსია, რომელიც დღეს www.popcornnews.ru-მ გაავრცელა ასეთია, რომ ალა, ოჯახთან ერთად, ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. მედიის ცნობით, პუგაჩოვამ სამსართულიანი ვილა იქირავა ისრაელის საკურორტო ქალაქ კესარიაში. ეს ცნობილი ტურისტული ქალაქია. როგორც ირკვევა, პუგაჩოვა და გალკინი ამ ქალაქს აქამდეც ხშირად სტუმრობდნენ.
მესამე ვერსიით, წყვილი დიდ ბრიტანეთში იმყოფება. ასევე რუსული გამოცემები წერენ, რომ პუგაჩოვა და გალკინი რუსეთში, სოფელ გრიაზში მდებარე ფეშენებელურ ვილას ყიდიან, სადაც აქამდე შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ. რუსი პროდიუსერი ანდრეი რაზინი აცხადებს, რომ ვილის შეძენა მას გალკინმა შესთავაზა. რაზინის თქმით, მზად არის შეიძინოს სასახლე, თუ მისთვის ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებენ.
კომენტარი